ბათუმის ზღვაში, საცხოვრებელი კომპლექსის „მაგნოლიის“ მოპირდაპირედ, ზღვაში წყლის ჭავლი ამოდის.
ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ განათავსა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ზღვაში საკანალიზაციო მილი გასკდა, რაც იწვევს ზღვის წყლის დაბინძურებას.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ბათუმელები“ კომპანია „ბათუმის წყალს“ დაუკავშირდა.
კომპანიის განცხადებით, ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა.
„ამ დროისთვის არანაირ დაზიანებას ადგილი არ აქვს. შერიფ ხიმშიაშვილის 6 ნომერში მდებარეობს „ბათუმის წყლის“ სატუმბი სადგური, სადაც ხდება სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების საშუალებით.
სანიაღვრე წყლების ზღვაში ჩაშვების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ ტერიტორიაზე 12 მეტრის ქვეშ მოქცეულია უდიდესი სიმძლავრის ტუმბოები.
პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ზღვის ფსკერზე დამონტაჟებულია ზღვაში ჩამშვები მილები.
სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვა ხდება 1.8 მეტრამდე დიამეტრის მილით, რომლითაც სანიაღვრე წყლები ნაპირიდან 200 გრძივი მეტრის დაშორებით ზღვაში 14 მეტრ სიღრმეში ეშვება.
სატუმბი სადგურის გვერდით მოწყობილია 300 კუბ მეტრი შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველჰყოფს“-გვწერს „ბათუმის წყალი“.
მათივე განმარტებით, სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურის და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა KFW პროექტის პირობებში.
„აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს“.
უახლესი ამბები:
(ვიდეო) ბათუმში სანაპიროსთან რაღაცამ ამოხეთქა – იხილეთ უცნაური კადრები
ბათუმში 22 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი ნახეს! – ირაკლი მარტვილიდან ბათუმში სამუშაოდ იყო ჩასული…