“რესპუბლიკელი” კონგრესმენი ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორთა შორის უკრაინის დ
ახმარების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო, თუმცა წარმომადგენელთა პალატის უკრაინის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე სულ უფრო მეტად ხედავს უკრაინის ბრძოლას, როგორც გამოუვალ მდგომარეობას, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.
ენდი ჰარისმა თავის ამომრჩევლებს განუცხადა, რომ დროა, აშშ-ის პირდაპირი დახმარება უკრაინისათვის შეწყდეს.
“ეს უფრო ჩიხია? უნდა ვიყოთ თუ არა რეალისტები? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ალბათ ასეც უნდა მოვიქცეთ”, – აღნიშნა კონგრესმენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა მიზნად ისახავდა ომის მსვლელობის შემობრუნებას.
“პირდაპირი ვიქნები: ეს [კონტრშეტევა] ჩავარდა. დარწმუნებული აღარ ვარ, რომ მისი მოგება შეიძლება”, – განაცხადა ენდი ჰარისმა.
გამოცემა POLITICO წერს, რომ გარდა იმისა, რომ კონგრესმენი ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის უკრაინის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, დედამისი უკრაინელია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომუნისტური აღმოსავლეთ ევროპიდან გაიქცა.
ენდი ჰარისი მტკიცედ უჭერდა მხარს ვოლოდიმირ ზელენსკის ომის პირველ თვეებში და გასულ წელს კონგრესში მხარი დაუჭირა უკრაინისათვის დახმარების დიდი პაკეტის გამოყოფას.
“ვფიქრობ, დადგა დრო, რეალისტურად მოვითხოვოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები. მე ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს არ სურს. მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი, ჩვენი დახმარების გარეშე, საშინლად წააგებდა ომს. და ჩვენი დახმარებით ის ვერ იმარჯვებს. ახლა ვითარება ჩიხშია”, – დასძინა მან.