საოცარი ამბავი: შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის 4 წლის შვილს ხალხმა ბინის ფული შეუგროვა – „რომ გაიგეს, ვისთვის გვინდოდა, კომპანიაში დაგვპირდნენ ჩვენ მოგიწყობთო”

August 18, 07:46
0
619

შოვის ღვარცოფში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა. 4 წლის ლუსის სოფო მარტო ზრდიდა.

გლოელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის შვილს ზრდიდა. მისი გოგონა ახლა ახლობლებთანაა. ბავშვისთვის არ უთქვამთ, რომ დედა დაიღუპა, არც დაკრძალვას დაასწრეს.

„ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში.

23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა.

ხატვა უყვარდა. სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ბოლო გამოცდაზე დააგვიანდა და ის წელი გაუცდა. შემდეგ გათხოვდა, ბავშვი გააჩინა და ვეღარ მოახერხა”, – ჰყვება სოფოს ძმა გიორგი.

სოფოს მშობლები და ორი სტუდენტი ძმა გლოლაში ცხოვრობენ. ლუსიზე მეურვეობის აღებას ოჯახი აპირებს.

ბავშვის დასახმარებლად ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია წამოიწყო. თვითონვე გაუკვირდათ, ფული ისე მალე შეგროვდა.

„თავიდან გვინდოდა ელემენტარული თანხა მაინც შეგვეგროვებინა, რომ როგორმე ოჯახს დავხმარებოდით. პოსტი სამჯერ დავდეთ და მეტი არაფერი დაგვჭირვებია. ხალხმა აიტაცა, თავისით ავრცელებდნენ და აზიარებდნენ. უნდოდათ, ლუსის უკეთ ეცხოვრა”, – ამბობს „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის” წარმომადგენელი ლამარა ბოჭორიშვილი.

შეგროვებული ფულით ბავშვისთვის თბილისში პატარა ბინის ყიდვას აპირებენ. სანამ ლუსი გაიზრდება, მის მეურვეებს სახლის გაქირავება შეეძლებათ.

„უკვე შევარჩიეთ სტუდიო ბინა დიდ დიღომში. გარემონტებული ბინაა. რომ გაიგეს, რისთვის გვინდოდა, კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, ჩვენ მოგიწყობთო. ეს ბინა სოფოს დედის სახელზე გაფორმდება”, – ამბობს ნანა სოხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი”.

ლუსის დედა სოფო ბაკურაძე გლოლაში 15 აგვისტოს დაკრძალეს.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

Cesko