ომის წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე იმ რაოდენობით ნაღმებია ჩაფლული, რომ მთელს ურუგვაის დაფარავდა. ამის შესახებ საუბარია The Washington Post-ის სტატიაში, რომელშიც ექსპერტები გამოთქვამენ შემაშფოთებელ ვარაუდს – უკრაინის სრულად განაღმვას საუკუნეები და მილიარდობით დოლარი დასჭირდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსებმა, კონტრშეტევის მოლოდინში, ფრონტის ხაზი ინტენსიურად დანაღმეს და თან, აქტიურად იყენებდნენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს. როგორც Human Rights Watch-ის გამოძიების შედეგად დადგინდა, რუსმა სამხედროებმა სულ მცირე 13 სახეობის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი და ასევე, ხაფანგი ნაღმები გამოიყენეს.
ამასთან, სტატიაში მოყვანილია ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC ანგარიში, რომლის მიხედვითაც, უკრაინის 30%, რაც 107 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტია, ასაფეთქებელი ნივთიერებებით არის დაბინძურებული.
„ეს, აღემატება მსოფლიოს ყველაზე დანაღმული სახელმწიფოების, ავღანეთის და სირიის მაჩვენებელს“, – აღნიშნულია სტატიაში.
GLOBSEC-ის შეფასებით, ერთ გამნაღმველს დღეში 15-დან 25 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის გაწმენდა შეუძლია, რაც რელიეფსა და ასაფეთქებელი ნივთიერებების კონცენტრაციაზეა დამოკიდებული.
„უკრაინის დაბინძურებული ტერიტორია კი იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, 500-კაციანი ჯგუფის მუშაობას 757 წელი დასჭირდება“, – წერს Washington Post.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ განაღმვის პროცესი არა მხოლოდ ნელი, არამედ ძვირად ღირებულია.
„მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინის განაღმვა კვადრატულ მეტრზე 2-დან 8 დოლარამდე ღირს და მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 37.4 მილიარდი დოლარი დაჯდება. მხოლოდ წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 95 მილიონი დოლარი გამოუყო ნაღმებისგან ტერიტორიის გასაწმენდად“, – აღნიშნულია სტატიაში.
უკრაინის დანაღმვამ უკვე არაერთი ტრაგიკული შემთხვევა გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ასაფეთქებელი მოწყობილობებით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის 298 შემთხვევა აღრიცხა, რომელთა შორისაც, 22 დაღუპული – ბავშვია. ხოლო იგივე მიზეზით დაშავდა 632 მოქალაქე.
ხოლო საერთაშორისო განაღმვითმა ორგანიზაციამ HALO Trust 2300-ზე მეტი ინციდენტი აღრიცხა, რა დროსაც აღმოაჩინეს ისეთი ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც ნეიტრალიზებას საჭიროებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებლები რეალობასთან შედარებით, გაცილებით მსუბუქ სურათს აღწერს.