სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ტელეფონზე ვიდეო ზარი შემოვიდა… შესვენება იყო და უპასუხა… ზარი ემიგრაციიდან… ქალი თან მოხუცს საჭმელს უმზადებდა, ცოტას იპრანჭებოდა კიდეც: თმის შესაღებად ვერ მოვიცალეო, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობო. შენ, კი რა გიჭირს ჩემო ქმარო, უფრო სიმპატიური გახდი ასაკშიო.
– ბავშვებს ჯერ არაფერი უთხრა, რაღაცას ვფიქრობ და ამ თვის ბოლოს მინდა წამოვიდე, ერთი ორი თვე დავრჩები და ჩამოვალ უკან. შვილი ჩამოსდის სტუმრად ბებოს და შემიძლია ვთხოვო…დუმილი…
– მერე, ის საბუთი გააკეთე? 5 წლიანიო თუ რაღაცას რომ ამბობდი… -არა, ველოდები გოგოებმა გააკეთეს, ჩემიც იქნება… დუმილი…
ქალს ალბათ უნდოდა მოესმინა: ოღონდ შენ ჩამოდი და აღარსად გაგიშვებო, ეს რა სასიხარულო ამბავია, რა მოითმენს ახლა თვის ბოლომდეო… მაგრამ…
-საქმე არ გაგიფუჭდეს ქალო, მერე რომ ვეღარ წახვიდე? რისთვის მოდიხარ, აბა, აქ რაღა ხდება რო? გაძაღლებულია აქაურობა, ბავშვები კიდე ისედაც სულ გიყურებენ ტელეფონით… იქითა წლის იანვრამდე სახლის ფულია დასაფარი… მე კიდე ამ ,,მარშუტკაზე ” არ ვიცი როდემდე დამტოვებენ… ეკას უნივერსიტეტის გადასახადი, ნიკამ ახალი მანქანა გამოიყვანა… აიყარე – დაიყარე, წადი- წამოდი… ხარჯია რა… და ის საბუთიც რომ ვეღარ აიღო? რისთვის უნდა ჩამოხვიდე… დუმილი…
უნდოდა ეთქვა, იმისთვის უნდა ჩამოვიდეს რომ ძალიან მოენატრა… ისიც და შვილებიც, მოენატრა ოჯახის სითბო, საკუთარი სახლის ჭერი, მოენატრა გაღვიძება თავის სახლში, მოენატრა თავისი ლოგინი, ხედი აივნიდან, საყვარელ ქუჩაზე ჩასეირნება, მოენატრა დილით ყავის მოდუღება თავის სამზარეულოში, საუზმის მომზადება შვილებისთვის, ფანჯრიდან ყურებით გაცილება სანამ თვალს არ მოეფარებიან და პირჯვრის გადაწერა… სტუმრის მოსვლა მოენატრა და და ვაშლის ტორტის გამოცხობა, ასე რომ მოსწონდა ყველას. ის ჩაის ფინჯანი მოენატრა ბებოს დანატოვარი, საღამოობით ასკილის ჩაის რომ სვამდა ტელევიზორთან. ის თონის პური მოენატრა ქუჩის კუთხეში რომ ცხვება, სიამოვნებით მოატეხავდა ყუას ცხელცხელს… ის სტილისტიც კი მოენატრა, თმას რომ ჭრიდა ზუსტად ისე, როგორც ეტყოდა… ის რაღაცნაირი სუნი მოენატრა სოფლის სახლში რომ დგას, დედის კაბისა და მამის თამბაქოს სუნი… მოენატრა ეზოში რომ შავი თუთაა… მშობლების საფლავი მოენატრა… მოენატრა ძველი ფოტოალბომი … Მეგობრები, მეზობლები… Მაგრამ…
იქითა იანვრამდე სახლის ფულია დასაფარი, ეკას უნივერსიტეტის გადასახადი… ნიკამაც მანქანა გამოიყვანა… – კაი, ქალო გასვლის დრო მაქვს უკვე… – აჰა, წავედი მეც, მოხუცი მეძახის, ვაჭამო რომ წამალი არ დაუგვიანდეს… დაგირეკავ… ისევ დუმილი…
ფოტო პირობითია
წყარო: siaxle.club