კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა პარასკევს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში, რასაც რუსი ბიზნესმენის თქმით „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
ამასთან პრიგოჟინს არ დაუკონკრეტებია ზუსტად სად მოხდა დარტყმები.
პარასკევს საღამოს პრიგოჟინის არხებზე გამოჩნდა “ვაგნერის” მეთაურთა საბჭოს სახელით გავრცელებული განცხადება. მასში პროგოჟინის ხმის მსგავსი ხმა აცხადებს, რომ აპირებს შეაჩეროს “ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს.” პრიგოჟინი მოუწოდებს მებრძოლებს, რომ “არავის არ გაუწიონ წინააღმდეგობა” და პირობას დებს, რომ გაანადგურებს ნებისმიერ საგზაო საგუშაგოს და ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც მათ გზაზე გადაეღობებათ.
პრიგოჟინი აცხადებს, რომ მას განკარგულებაში არის 25 ათასი მებრძოლი და ყველა მსურველს, მათ შორის რუსეთის არმიის მებრძოლებს მოუწოდა შეუერთდნენ “ვაგნერს”.
გარდა ამისა, პრიგოჟინმა თქვა, რომ პარასკევს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სავარაუდოდ, დონის როსტოვში იმყოფებოდა “სპეციალურად ” ვაგნერის” გასანადგურებლად” და იქიდან გაიქცა, რათა მისთვის ახსნა არ მიეცა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია “ვაგნერის” არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციაა.
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებების შესახებ. “მიიღება საჭირო ზომები “, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჯანყების მოწოდების ფაქტზე. სპეცსამსახურმა ბიზნესმენს უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში. კომპანიის მებრძოლებს ბრალს სდებენ მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაში.შარშან ზაფხულში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მიერ განცდილი რამდენიმე სამხედრო მარცხის შემდეგ, „ვაგნერმა“ დაიწყო თავის რიგებში პატიმართა გაწვევა და ომში გაგზავნა. ამ პროცესის შედეგად „ვაგნერში“ ათიათასობით მებრძოლი გაიწვიეს.დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს.პრიგოჟინმა ისინი დაადანაშაულა საბრძოლო მასალის ნაკლებობაში, „რუსეთის მიწის“ დათმობაში და პირობა დადო, რომ მანამდე იქნება დაკავებული მათი საქმეების გარკვევით, სანამ „ამ პერსონაჟებს პასუხს აგებინებენ“. თავდაცვის სამინისტრო მსგავს განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.
მოსკოვში, ძალოვან უწყებებში მზადყოფნა გამოცხადდა. “ეფესბე” და უსაფრთხოების სხვა სამსახურები მზადყოფნაში არიან. “ბიბისის” ცნობით, ამ ინფორმაციას უდასტურებთ წყარო სამხედრო წრეებში, რომელიც ასევე მოსკოვის სამხედრო გარნიზონში განგაშის შესახებ იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, “ეფესბე” სპეციალური სწრაფი რეაგირების რაზმების მხარდაჭერით, დონის გზატკეცილზე საგუშაგოებს აწყობს. საგუშაგოებზე მორიგეებს ევალებათ საფრთხის შემთხვევაში ცეცხლის გახსნა. ტექნიკა მზადყოფნაშია, მაგრამ სამხედრო დანაყოფებს მისი გაყვანის ბრძანება ჯერ არ მიუღიათ.
როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ადგილობრივი გამოცემა 161.ru-ს წყაროების ცნობით, როსტოვის ოლქში გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.
„არის ბრძანება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, „როსგვარდიის” სრული შემადგენლობა, ასევე გავაძლიეროთ პოსტები “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან” საზღვრებზე,” – წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა ასევე როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკის ფოტოებს ავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, სადაც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა “ვაგნერი” დაბომბეს, შედეგად ჯარისკაცები დაიღუპნენ. პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისრს, სერგეი შოიგუსა და თავდაცვის ძალებს შურისძიებით დაემუქრა.