“ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა თავად გამიღო კარი და წინა ადგილი დამითმო. დავჯექი ასე, გაჭიმული, ამ მილიციელს გადმოვხედე და ხელი დავუქნიე. მე წავედი, მილიციელი კი პირდაღებული იყო, რა მოხდა, ვერაფრით გაეგო, ეს მათხოვარი გმირი როგორ შეიძლება იყოსო?” – ბევრისათვის საყვარელი მსახიობი – იმედა კახიანი დღეს ღიმილით იგონებს, თუ რა კურიოზი შეემთხვა მისი პირველი როლის – გოგიტას გადაღებაზე, ფილმში – “საბუდარელი ჭაბუკი”…– ჩემი პირველი ექსპედიცია ქუთაისში, ძალიან დიდი ხნის წინ იყო… 19 წლის კინოგადაღებაზე გავხდი. ჩემთვის, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტისთვის, გოგიტას როლი პირველი იყო, ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“… ასე რომ, ქუთაისიდან დაიწყო ჩემი კინოში მუშაობა, ადამიანებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ… ქუთაისი მართლაც საოცარი ქალაქია, თავის კოლორიტით, სითბოთი, სიყვარულით, განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით. ყოველთვის დიდი სიხარულით ჩავდივარ…
– ამ ქალაქთან, ალბათ, ძალიან ბევრი მოგონება გაკავშირებთ…
– დიახ, ქუთაისში პირველად რომ ჩავედით, იქ მხოლოდ ერთი სასტუმრო იყო… ახლა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ქუთაისი ძალიან ლამაზი ქალაქი გამხდარა. სულ ახლახან ელდარ შენგელაიას 90 წლის საიუბილეო საღამოზე ვიყავი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ევროპულ, კარგად განვითარებულ ქალაქში ვიმყოფებოდი: თანამედროვე სტილში აშენებული შესანიშნავი სახლები, რომლებიც ცათამბჯენები კი არა, მხოლოდ 5-6-სართულიანია; სასტუმროებით და კაფე-ბარებით სავსეა ქალაქი და ძალიან სუფთაა ქუჩები; არავითარი საცობები, ხმაური, ქაოსი…
რაც შეეხება მოგონებებს, პატარა ბიჭი ქუთაისში რომ ჩავედი, დიდებულმა რეჟისორმა – შოთა მანაგაძემ მითხრა, ჩაიცვი და სასტუმროსთან, ქვევით ჩამოდი, გამოგივლით და გადაღებაზე წავალთო… სასტუმრო ქუთაისის ცენტრში იყო, როგორც მოგახსენეთ, იმ დროს ერთადერთი – მთელ ქალაქში. ჩავიცვი, რაც როლის მიხედვით მქონდა – დახეული ქალამნები, უბრალო სამოსი, თავზე სვანური ქუდი მეხურა და ხელში დიდი ფუთა მეჭირა… ასე ჩამოვედი და სასტუმროს წინ ვიდექი. მზიანი დღე იყო, ჯერ კიდევ დილა და ლამაზი ხალხი, სუფთად ჩაცმული გადაადგილდებოდა. იქ მილიციელი წესრიგს ამყარებდა, სასტუმროს წინ ვიღაცებს შენიშვნებს აძლევდა და ამ დროს მე დამინახა. ეტყობა იფიქრა, ვინ არის ეს მათხოვარი, საიდან მოვიდა აქ, რისთვის დგასო, მოვიდა და მკაცრად მკითხა, – აქ რას დგახარო?.. მეც ახსნა აღარ დავუწყე და ვუთხარი, ბატონო, ცოტა ხნით ვდგავარ, საცაა წავალ-მეთქი… ახლავე წადი აქედან, თორემ მე ვიცი შენი ადგილი სადაც არისო, მიბრძანა. ისევ შევეპასუხე, აქ რას ვაშავებ, ცოტა ხანს ვიდგები-მეთქი, მაგრამ კვლავ დამემუქრა… რაღას გავხდებოდი, ცოტა იქეთ გადავედი და დავდექი. როგორც კი წავიდა, ისევ სასტუმროს წინ გადმოვინაცვლე. მილიციელმა რომ დამინახა, ისევ იქ ვიდექი, გაბრაზებული მოვიდა და მიყვირა, კიდევ აქ ხარ, შე მაიმუნო, ახლავე წადი, აქედან დაიკარგეო!..
სად არ ვყოფილვარ, როგორც საქართველოს, ისე – საქართველოს ფარგლებს გარეთ, მრავალ ქალაქში, მაგრამ ქუთაისში რომ ნახავ და გაიგებ, მსგავსი არსად ხდება…