“… მაგრამ ეს ყველაფერი მორიგი ბლეფი აღმოჩნდა…”- რას აცხადებს ლევან ჩაჩუა

0
1091
18 Views

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების” შალახოს ფონზე რატიფიცირებული დოკუმენტი „მზა სახით“ იქნა შემოთავაზებული ჯერ მისი პარაფირებისას და შემდეგ უკვე – ხელმოსაწერად. მოქმედი პოლიტ-ელიტის სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ არც რატიფიცირებამდე და, არც მერე, ამ დოკუმენტის ფუნდამენტური შესწავლა არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით სამთავრობო დაწესებულებებში ევროკავშირის ექსპერტებთან (ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში) ჩატარებულ კონსულტაციებს.
მართული მედიიდან მუდმივად ვისმენდით, რომ საქართველო შედიოდა ევროპის 500-მილიონიან ბაზარზე და ჩვენი ეკონომიკა აყვავდებოდა, ხალხი დადაქმდებოდა და გამდიდრდებოდა, მაგრამ რამდენად იყო ჩვენი წარმოება ამისთვის მზად და რამდენად შეგვიწყო ხელი ევროპამ საკუთარ ბაზარზე დამკვიდრებაში, ამაზე არავინ საუბრობს… საქართველოს ამჟამინდელი ტექნოლოგიური პოტენციალი ევროპულ ბაზარზე ჩვენი წარმოების დასამკვიდრებლად მეტისმეტად სუსტია და სასოფლო სამეურნეო დარგში შრომის მწარმოებლურობა 60-ჯერ და მეტად ჩამორჩება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს. თანაც, ხელმოწერილი დოკუმენტის „დანართი II – B” -ში ყურადღებას იქცევს პროდუქტების მთელი რიგი ჩამონათვალი, რომლებიც ევროპაში ექსპორტისას „ბაზარზე შესვლის ფასით“ იბეგრება❗ დაბეგვრა ემსახურება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ღირებულების გათანაბრებას ევროკავშირის ფასებთან. უბრალო ენით რომ განვმარტო, კახელი გლეხი თავის ატამს, ან გორელი გლეხი საკუთარ ვაშლს ვერ დააფასებს ესპანურ, ან ბერძნულ ხილზე იაფად…
ხოლო ერთნაირი ფასის შემთხვევაში ევროპელი მომხმარებელი შეჩვეულ პროდუქტს უფრო რომ შეიძენს, ვიდრე ქართულ ეტიკეტიანს, ეს ბანალური ჭეშმარიტებაა. თანაც, ქართული ხილისა და ბოსტნეულის ევროპულ ბაზარზე შეტანის ბეგარას ექვემდებარება ხილის ყველა და ბოსტნეულის უმეტესი სახეობა: კიტრი, პომიდორი, ყველა ციტრუსი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი, ბალი, ალუბალი, ქლიავი… ამდენად, დიდი მოლოდინი, რომ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარს დაიმკვიდრებდა, ბლეფი აღმოჩნდა.
ხელშეკრულების მიხედვით ევროკავშირში შესაძლებელია 4,4 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და 0,5 ათასი ტონა ფრინველის ხორცის შეტანა 😏 მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობას თავად არ ჰყოფნის ქვეყანაში წარმოებული ხორცის რაოდენობა და დეფიციტის შესავსებად ასეულობით მილიონი დოლარი გადის ქვეყნის გარეთ ყოველწლიურად. მაგალითად, გასულ წელს საქართველომ ჯამში 162 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ხორცი შეიძინა – ბრაზილიიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან; პოლონეთიდან, ლიეტუვადან, კანადიდან… 🙄
საქართველოში შიდა სამომხმარებლო ბაზრის 4/5 გაჯერებულია მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული მდარე ხარისხის პროდუქციით და ამ სავალალო მდგომარეობას სასურსათო ბაზარზე სამამულო ეკელოგიურად სუფთა წარმოებისთვის წამყვანი როლის დაბრუნებით თუ გამოვასწორებთ. მაგრამ ვინ ფიქრობს ამაზე?!
ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ევპოკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად მოჰყვებოდა ქართული პროდუქციის ხარისხის ამაღლებაც, გაიხსნებოდა დიდი, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვებოდა და ქართული სამამულო პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ იმპორტირებულ უხარისხო საქონელს ქართული ხარისხიანი პროდუქცია ჩაანაცვლებდა, შრომისუნარიანი ჩვენი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ და ღირსეულ დასაქმებას შეძლებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი მორიგი ბლეფი აღმოჩნდა…

ლევან ჩაჩუა, პოლიტიკოსი, გაერთიანება “ქართული იდეა”-ს თავმჯდომარე; სოციალური ქსელი

Cesko