დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა სიაშია და რომლის ექსტრადირებას სამი ქვეყანა ითხოვს – ვინ არის კრიმინალი, რომლის სახელს მძიმე დანაშაულები უკავშირდება

June 8, 21:19
0
4520

საქართველო, შეერთებული შტატები და ყაზახეთი – პრაღაში, საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ექსტრადირებას ერთდროულად სამი ქვეყანა ელოდება. ფოლად ომაროვი განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა სიაშია. ის ქურდულ სამყაროში სალიფოვების გავლენიანი კლანის წევრად მიიჩნევა და მის სახელს არაერთი სისხლიანი ანგარიშსწორება, დიდი ოდენობით თანხების გამოძალვა და ადამიანების გატაცება უკავშირდება. სწორედ ფოლად ომაროვი დგას შეერთებულ შტატებში, საქართველოსა და უკრაინაში რამდენიმე შეკვეთილი მკვლელობის უკან.

ერთ-ერთი ხმაურიანი საქმე 52 წლის არიფ აზიზოვს უკავშირდება. სოფელ ყიზილაჯლოში მცოხვრები მამაკაცი შავი სამყაროს ლიდერებს ღიად დაუპირისპირდა, ვიდეომიმართვა ჩაწერა და ადგილობრივებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამ ჩანაწერის გავრცელებიდან მეორე დღეს მას სოფლის ცენტრში, ჩაიხანასთან 5 ტყვია ესროლეს. აზიზოვი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას შემდეგ ის და მისი ოჯახი კამერების წინ აღარ ჩნდება. “კურიერმა” გაარკვია, რომ ყიზილაჯლოში არიფ აზიზოვის სამაგალითოდ დასჯა სწორედ ფოლად ომაროვმა დაუკვეთა. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას ბრალი ოფიციალურადაც წარუდგინა და საშიშ დამნაშავეზე ძებნა გამოაცხადა. მარნეულში ფოლად ომაროვის სახელის ხსენებას დღეს ყველა ერიდება.

ფოლად ომაროვს დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას და კრიმინალური ქსელის შექმნას ედავებიან ყაზახეთშიც. ის და სალიფოვების ქართულ-აზერბაიჯანული კლანი დგას გასულ წელს ოდესაში, ბილიარდის კლუბში საქართველოს მოქალაქის, ნაზირ ალიევის ლიკვიდაციის უკან.

ამერიკაში ემიგრირებული ირანელი ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი ერთ-ერთია, ვის მკვლელობასაც ფოლად ომაროვი და ქართულ აზერბაიჯანული კრიმინალური ანკლავი ცდილობდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით და კანონიერი ქურდების შუამავლობით, ჟურნალისტის მკვლელობა ბრუკლინში მზადდებოდა. მკვლელი, სახელად ხალიდ მეჰდიევი სამიზნესთან ახლოს იყო, თუმცა შეთქმულება გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაშალა. კილერმა აღიარა, რომ ჟურნალისტის მკვლელობისთვის, ავანსად, 30 ათასი დოლარი საქართველოს მოქალაქემ, ფოლად ომაროვმა გადასცა.

წყარო: „რუსთავი2″

Cesko