„ტყუილია, ტყუილია! ფსიქიატრიულში იწვა იმიტომ, რომ წამალს იკეთებდა. ამიტომ გაშორდა ჩემი დაც“ – სასტიკად მოკლული 27 წლის მარიტას და დეტალებზე პირველად ალაპარაკდა

0
910
13 Views

ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელსაც ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  „რადიო თავისუფლება“ მარიტა მაზიაშვილის უფროს დას, მაია მაზიაშვილს ესაუბრა.

„მარის არ უნდოდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა. მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო. მიცნობდა, ისარგებლა იმით, რომ აქ არ ვიყავი და ეს გააკეთა. იცოდა, რისი გამკეთებელიც ვიყავი და იცოდა, რა გავუკეთე, როცა 15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა“.

მაია მაზიაშვილი უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილ სიძეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, ბრალდებული წამალდამოკიდებულია და მკურნალობის კურსს კლინიკაში სწორედ ამიტომ გადიოდა.

„ტყუილია, ტყუილია. კი იწვა, მაგრამ იწვა იმიტომ, რომ წამალს იკეთებდა. ამიტომ გაშორდა ჩემი დაც, რომ ხელს არ ანძრევდა, არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება და სულ გაშტერებული დადიოდა. ჩემი გაზრდილი იყო ეგეც და ჩემი დაც. ორივე. დაწერეთ, ყველგან დაწერეთ, რომ მკვლელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“.

მოკლული ქალის და ამბობს, რომ მარიტას ყოფილი ქმრის მუქარის თაობაზე სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს.

ცნობისთვის, მარიტა მაზიაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეგობარმა, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გაავრცელა. გოგო წერდა, რომ მის მეგობარს ვერსად აგნებდნენ და ჯგუფის წევრებს რჩევას სთხოვდა.

გამოძიება მარიტა მაზიაშვილის მკვლელობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართება.

27 წლის მოკლულ ქალს 11 წლის შვილი დარჩა.

რადიო თავისუფლება

Cesko