ჩვენთან მიღებული ფორმულირებაა, დასავლეთს ან რუსეთს უნდა, ჩაგვითრიოს ომში, ჩვენ ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა და საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ არსებობს გეოპოლიტიკა, მას აქვს თავისი ინტერესები, წესები და კანონები და პროცესებს მართავს სწორედ ეს კანონები და არა კონკრეტულ მომენტში ვინმეს თავში მომწიფებული გადაწყვეტილებები. ასე რომ, თუ გეოპოლიტიკურ ინტერესს დასჭირდა, ცეცხლი აინთება იქ და მაშინ, როდესაც დასჭირდება გლობალურ პროცესს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჩვენ ცოტა ბავშვურად ვიაზრებთ პროცესებს და სწორედ ამ თემას განვიხილავთ დემურ გიორხელიძესთან ერთად.
– იმდენად ვართ ემოციებს აყოლილები, რომ გვავიწყდება კანონზომიერებები და ლოგიკა. სწორედ ეს მინდა, რომ ავხსნათ დღეს.
– საქართველოში ეს მენტალური პრობლემაა და უკვე ასწლეულებია, უკავშირდება ხელისუფლებების სისუსტესა და მათ გეოპოლიტიკურ უმეცრებას. საქმე კი ის არის, რომ, როდესაც შენი სახელმწიფო გაქვს, იგულისხმება რომ შენი ხელისუფლება არის შენი სახელმწიფოს მესვეური და ეს ბუნებრივია, ისინი უნდა ცდილობდნენ, რომ მთელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმართონ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებისკენ. და რა შეიძლება, იყოს სახელმწიფოს ინტერესი? უსაფრთხოება და ისეთი პირობების შექმნა, რომ სახელმწიფო განვითარდეს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, გვინდა თუ არა რამე, არათუ ის, რა გვინდა და როგორ უნდა მოვუაროთ ამ სახელმწიფოს. ამიტომ სწორედ ესაა ყველა ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი. ჩვენ ვწუწუნებთ, რომ ცუდი მეზობელი გვყავს ჩრდილოეთით, თითქოს მსოფლიოში არსებობდეს ქვეყანა, კარგი მეზობელი რომ ჰყავდეს. ავიღოთ, თუნდაც, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა: გაიხსენეთ ვიკინგების გამანადგურებელი ლაშქრობები; შემდეგ ცნობილი დიდი ევროპული იმპერიები… ანუ ჩვენც ზუსტად იმ მდგომარეობაში ვიყავით, როგორშიც იყო ნებისმიერი სხვა ქვეყანა. შენ ტოვებ უპატრონოდ შენს ქვეყანას, მზად ხარ გაყიდო ის და, თურმე, ამაში მასონები არიან დამნაშავეები?! ამდენად, როდესაც ხელისუფლება დაადგება სხვისი პოლიტიკის მომსახურების გზას, ბუნებრივია, ხალხში ეს განწყობა ჩნდება, იმიტომ რომ ხალხი უჭკუო ნამდვილად არ არის და ხელისუფლების ქცევაში შესანიშნავად ხედავს, რა ამოძრავებს მათ. გეოპოლიტიკა მუდმივად არსებობდა და იარსებებს, უბრალოდ ჩვენ ვერ ვიგებდით, ორი დიდი სახელმწიფო რატომ ებრძოდა ერთმანეთს და გვინდოდა, რომელიმეს მხარეს ვყოფილიყავით. გაგვენადგურებინა ის, რომელიც იმ მომენტში არ მოგვწონდა. შემდეგ არ მოგვეწონებოდა ის, ვისთანაც ერთად დღეს ვიბრძოდით, მეორე მხარეს გადავხტებოდით და უკვე იმის გვერდით ვიბრძოდით, ვისაც წინა დღეს ვებრძოდით. დღეს, როდესაც გაცილებით სასტიკი გახდა ურთიერთობები, შეიძლება, ასეთი შეცდომები სახელმწიფოსთვის ტრაგიკული აღმოჩნდეს. ასე რომ, არავინ არსად გითრევს, თუ შენ თვითონ არ ხარ გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის, არ ხარ მარიონეტული ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებაში აღმოჩნდი. ვერ გაგიგია, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში ყველაზე საღი, პრაგმატული, არაკეთილმოსურნესაც რომ ნდობით განაწყობს შენდამი, არის მიუმხრობლობის პოლიტიკა, არა ნეიტრალობის – ნეიტრალურები სასაფლაოზე დაბინავებული ხალხია – არამედ მიუმხრობლობის პოლიტიკა. ჩვენ ჯერ ეს ვერ გაგვირკვევია და სწორედ აქედან გამომდინარეობს შფოთვა.
– მეორე მხრივ, არსებობს პოზიცია, აბა, ბაბაია დავიძახოთ, ანუ რას ჰქვია, არ ვეომოთ.
– რა დროს ბაბაიას ძახილი ან რა დროს მარიონეტული პოლიტიკის გზაზე შედგომაა?! არადა 30 წელია, მარიონეტული ხელისუფლებები გვყავს, რომლებიც საშინელ ზიანს აყენებენ ქვეყანას. საჭიროა დამოუკიდებელი, მიუმხრობლობის პოლიტიკა, როდესაც შენ შეგიძლია, გაერკვე, მსოფლიოს დიდი მოთამაშეები, რომლებიც მუდმივად იქნებიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები და ზოგჯერ – კონფრონტაციაშიც, რატომ ებრძვიან ერთმანეთს; რა ხდება, გნებავთ, უკრაინაში, ვინ რას ითხოვს ამ კონფლიქტიდან, რა ადგილი უჭირავს უკრაინას და, შესაბამისად, მივხვდებით, რომ დიდი ქვეყნების დაპირისპირებაში გასარკვევად სულ სხვა გონებაა საჭირო და არა ბაბაიას ძახილი. ეს არავის სჭირდება. დიდ ქვეყანას აინტერესებს, წარმოადგენს თუ არა შენი ქვეყანა მისთვის პოტენციალურ საფრთხეს. მოდი, საქართველოს ტერიტორია გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებული შტატების საწინააღმდეგოდ?! არანორმალურად საშიშ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამდენად, სულ სხვა რეალობაა, სულ სხვა რამ გვჭირდება, ჩვენი აზროვნება კი წარსულშია გაჩხერილი.
– არის მოსაზრება, რომ მაკრონის განცხადებებმა „ნატოს“ უუნარობის შესახებ, რომ ევროკავშირს თავისი შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს, გამოიწვია ის, რომ ომი დაიწყო ჯერ უკრაინაში და არა ვთქვათ, სამხრეთ კავკასიასა ან შუა აზიაში. თქვენც წერთ, რომ მთავარი მოვლენები წინაა: მოსალოდნელია ომის თეატრის ტერიტორიის გაფართოება?
– ცხადია, ყველა პარამეტრით, ევროპის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის ანალიზით, კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის გარდაუვალია და ეს ძალიან ღრმა გეოპოლიტიკური დაპირისპირების შედეგია, რის უკანაც ინტერესები დგას და არა იდეებისთვის ბრძოლა, ანუ სასაცილო ეგრეთ წოდებული ფასეულობები. ნეოლიბერალიზმი და ეს „ელ გე ბე ტე“ დღის წესრიგი ერთი დიდი სახელმწიფოს ტექნოლოგიაა საკუთარი მიზნის მისაღწევად, წინააღმდეგობების ნიველირებისთვის და ყველაფრის ერთ თარგში მოსაქცევად, ვინაიდან ასე უფრო მარტივია მართვა. „ელ გე ბე ტე“ დღის წესრიგი და ნეოლიბერალური ლექსიკის მთავარი მიზანია მართვის გამარტივება იმ მიზნების მისაღწევად, რაც დიდ სახელმწიფოს აქვს. ჩვენ ამის გაგებაც არ გვინდა და, საუბედუროდ, ვართ დასავლური ორიენტაციის სასაცილო ქართველების გარემოცვაში, რომლებიც უფრო 140 წლის წინანდელ ბოლშევიკებს მაგონებენ, იმიტომ რომ, თუ კლასიკური გაგებით, დასავლეთი გინდა, დასავლური ტიპის სახელმწიფო უნდა ააგო შენს ქვეყანაში, დასავლური ინსტიტუტები შექმნა, თამაშის წესებზე შეთანხმდე, განათლება, მეცნიერება განავითარო და შემდეგ უთხრა, ნახე, რა კარგი ქვეყანა ვარ, მიმიღეთ თქვენს წრეში. მაგრამ არა – ჩვენ დასავლეთი მივიღეთ მისი ჭუჭყის სახით, უფრო ზუსტად, უპასუხისმგებლო ქართველებმა ჭუჭყი წამოიღეს დასავლეთიდან, საკუთარი კულტურის, წინაპრების, განსხვავებული აზრის შეურაცხყოფა, ვინც შენს აზრს არ იზიარებს, პუტინისტად და რუსეთუმედ მონათვლა. ეს ავადმყოფობის ნიშანია და ისინი, რომლებიც ასე ფიქრობენ არანაირი დასავლური ორიენტაციის ადამიანები არ არიან. თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, თითქოს ინტელიგენტებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ გაიხსენეთ 100 წლის წინანდელი ქართული პრესა, როგორ ლანძღავდნენ ყველა ღირსეულ ქართველ მამულიშვილს, რომლებსაც არ უნდოდათ წერა-კითხვის უცოდინარი ქვეყანა, უნდოდათ განათლება, განვითარება, მაგრამ იდეოლოგიას სიმახინჯის გარდა ამას არაფერი მოაქვს და ჩვენ დღეს ამის მოწმენი ვართ.
– გარდა იმისა, რომ ლექს მოვეჭიდეთ, დასავლეთს ჩვენთან განიხილავენ ერთგვარ მეწველ ძროხადაც.
– თავისთავად, ცხადია. აიღეთ, თუ გნებავთ, ევროკავშირი: იქ არის დოტაციური ქვეყნები, რომლებიც საკუთარ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ ევროკავშირით. გასაგებია, ევროკავშირის მთავარ ქვეყნებს თავისი მიზნები აქვთ, არამთავარ ქვეყნებს, რომლებმაც საკუთარი თავი, საკუთარი იდეოლოგიური ინტერესებით, შეაფარეს ევროკავშირს თავიანთი ფინანსური ინტერესები. აქედან გამომდინარე, ასეთი კავშირი, რომელიც არც კი წარმოადგენს კონსტიტუციურ გაერთიანებას და საერთო ინტერესებიც ძალზე ეფემერული და საეჭვოა, დღეგრძელი იყოს – გამორიცხულია ევროკავშირის დღეგრძელობა და იმ ორგანიზაციისაც, რომელსაც „ნატოს“ უწოდებენ. გონიერი ამერიკელები შემთხვევით არ სვამენ საკითხს, რატომ უნდა დავაფინანსოთ „ნატო“?! ასეა, დრო ყველაფერს ცვლის და ჩვენ კი, იდეოლოგიას აყოლილებს, ისიც ვერ გაგვიგია, ჩვენი ქვეყნის განვითარებას რომ უნდა მივახმაროთ მთელი ძალისხმევა და რომ საგარეო პოლიტიკა ქვეყნის განვითარებისთვის გვჭირდება და არა ქვეყნის დასაქცევად.
– უკრაინა იბრძვის, უკრაინელებს აქვთ მოტივაცია, მაგრამ იბრძოლებენ კი კომფორტს შეჩვეული ევროპელები, ევროკავშირის შეიარაღებული ძალები არიან მზად ომისთვის? იმას არ ვგულისხმობ, რომ რუსეთის არმიაა უძლეველი, მე ვითვალისწინებ კეთილდღეობის იმ დონეს, რასაც შეეჩვივნენ ევროპელები. ომის მოტივაცია ექნებათ?
– უკრაინაზე არ ღირს საუბარი, ტრაგიკულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და საუბედუროდ, ტრაგედიით დაასრულებს თავის არსებობას. რაც შეეხება ევროპელებს: ამიტომაცაა ჩართული პროპაგანდისტული მანქანა, უმძლავრესი იდეოლოგიური დამუშავებით და გეოპოლიტიკური ინტერესები განაპირობებს იმას, რაც ახლა ხდება. უნიკალური რამ მოხდა, რაც საუკუნეების განმავლობაში არ მომხდარა ევროპაში, ევროპის ორი უძლიერესი სახელმწიფო, საფრანგეთი და გერმანია დაკნინდა, პოლიტიკური თვალსაზრისით. მათი გავლენა, ფაქტობრივად, ნულოვანია, თავისთავად ევროკავშირი დღეს მსოფლიო პოლიტიკაში უმნიშვნელო პოლიტიკური წარმონაქმნია და ამ დროს გაჩნდა სახელმწიფო, რომელსაც უნდა, იყოს შეერთებული შტატების პლაცდარმი და, თუ გერმანიის შემდეგ რუსეთის დასუსტება შეძლო, ორ ზღვას შორის გადაჭიმოს სუპერსახელმწიფო. ეს არის რეჩ-პოსპოლიტას დროს ჩამოყალიბებული აზროვნება. ეს სახელმწიფოა პოლონეთი. ნახე, როგორ შეიარაღებებს ყიდულობს და რისთვის ამხელა ხარჯი?! იმისთვის, რომ ასეთი გეოპოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტა არ ხდება ომების გარეშე. სუპერსახელმწიფო რომ ჩამოყალიბდეს, მან ომის გამოცდილება უნდა გაიაროს და ომით უნდა დაამტკიცოს თავისი ზესახელმწიფოობა. მაგრამ მთავარი ძალა, რომელიც ახალ პოლიტიკურ რეალობას გარანტირებულს ხდის, არის არა რუსეთი, ჩინეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მთავარი დაპირისპირებული ძალები, არამედ მიუმხრობელთა პოლიტიკა, რასაც გლობალური სამხრეთის ქვეყნები ახორციელებენ, რომელთა არანორმალურად გონივრული პოლიტიკა იძულებულს ხდის დაპირისპირებულ მხარეებს, რომ გაითვალისწინონ მათი მდგომარეობა. ისინი მიუმხრობლები არიან: არავინ უყვართ, მაგრამ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობენ ერთთანაც და მეორესთანაც, ოღონდ არავის მიჰყვებიან იმ დონემდე, რაც ვერაფრით გაიაზრა ქართველმა, ვისაც უნდა, რომ ვიღაცასთან იყოს და არა ისე, რაც მის მომავალს განაპირობებს.
წყარო: tbiliselebi.ge