სელის თესლისა და შვრიის ქატოს მაგიური თვისებები – ქეთი ასათიანის რჩევები წონის კლებისთვის

0
1021
190 Views

წონის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს აწუხებს. მომატებული კილოგრამების დასაკლებად ბოლო დროს ხშირად იყენებენ ჩიას და სელის თესლს, შვრიის ქატოს. ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი გვიყვება, აქვს თუ არა ჩამოთვლილ პროდუქტებს რეალურად ის ეფექტი, რისთვისაც მოიხმარენ, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები დიეტის დროს და როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ შაქარი:

– ჩია პიტნის ოჯახის წარმომადგენელია. ის ფსევდომარცვალია. მისი მირთმევის შემდეგ დანაყრების შეგრძნება საკმაოდ ხანგრძლივია. ჩიას მარცვალს სუპერ საკვებიც ეწოდება. 2 სუფრის კოვზი ჩიას მარცვალი დაახლოებით, 10 გრამ უჯრედისს (საკვებ ბოჭკოს)
შეიცავს. ეს რეკომენდებული დღიური დოზის
თითქმის 40%-ია. მოგეხსენებათ, რომ უჯრედისით, საკვები ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი წონის კლებას უწყობს ხელს. ჩიას შემადგენლობაში შედის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, უფრო მეტად კი ალფა-ლინოლენის მჟავა. რამდენიმე კვლევის შედეგის თანახმად ზემოაღნიშნული კომპონენტით გამდიდრებული საკვები ამცირებს მეტაბოლური სინდრომის და გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკს. ჩიას შემადგენლობაში შედის: კალციუმი, ფოსფორი, მანგანუმი, თუთია. სპეციფიკური გემო არა აქვს, ამიტომ, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სითხესთან, წვენთან ან წყალთან ერთად. განზავების შემდეგ ის გელის კონსისტენციას იძენს. ასევე, მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება სალათში ისევე, როგორც სალათის მოსასხმელის შემადგენლობაში, ან იოგურტთან, სუპებთან ერთად. ვფიქრობ, ყველაზე მეტი პოპულარობით მაინც ჩიას პუდინგი სარგებლობს. ნებისმიერი პროდუქტის მირთმევის დროს უნდა დავიცვათ ზომიერება. ამიტომ, ვფიქრობ, 28 გრამის ოდენობით, სასურველ სითხეში განზავებული და არა მშრალი სახით მიღებული ჩიას მარცვალი, საკმაოდ დამანაყრებელია და ჯანსაღი კვების რაციონის კარგი შემადგენელი კომპონენტია.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ შვრიის ქატოზე, აქვს მას გასახდომი ეფექტი? ასევე, მისი მიღება რა პერიოდულობითაა რეკომენდებული?
– შვრიის ქატო ვიტამინების, მინერალების და უჯრედისის საუკეთესო წყაროა. ნახშირწყლებისა და ცხიმების შემადგენლობით ის შვრიის მსგავსია, თუმცა, შვრიასთან შედარებით უფრო მეტ ცილასა და უჯრედისს შეიცავს. მის შემადგენლობაში ასევე შედის: თიამინი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, რიბოფლავინი და კალიუმი. შვრიის ქატო მცირე ოდენობით ასევე ვიტამინ B6-ს, ნიაცინს, კალციუმსა და ფოლიუმის მჟავას შეიცავს. ის ასევე მდიდარია პოლიფენოლებით. ეს უკანასკნელინი კი მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, იცავენ ორგანიზმს ე.წ. თავისუფალი რადიკალებისაგან, ანუ პოტენციური დამაზიანებელი გავლენის მქონე მოლეკულებისაგან, რომლებიც სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას იწვევს. საკვებ რაციონში შვრიის ქატოს გამოყენებას სასიკეთო გავლენა აქვს გასტროენტეროლოგიურ ტრაქტზე, ის ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულ მუშაობას. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შვრიის ქატოს გამოყენება ეწინააღმდეგება, წინ აღუდგება კოლორექტალური კიბოს განვითარებას, ასევე, ის საკმაოდ დამანაყრებელია და თრგუნავს მადას, ეს კი ამცირებს დღის განმავლობაში მიღებული კალორიის ოდენობას. აქვე გთავაზობთ ძალიან მარტივ, გემრიელ საუზმეს, რომელიც შესაძლოა მომზადდეს შვრიის ქატოსგან: ავადუღოთ 200 – 250 მლ წყალი ან რძე მწიკვ მარილთან ერთად, დავუმატოთ ჭიქის ¼ შვრიის ქატო, ვადუღოთ 3-5 წუთი, შემდგომ დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ¼ ჩაის კოვზი დარიჩინი. გემრიელად მიირთვით!

– გახდომის მიზნით, ხშირად იყენებენ მაწვნიან წიწიბურას. რომ განვუმარტოთ მკითხველს, მითია თუ მას რეალურად აქვს ეს ეფექტი?
– ვფიქრობ, ჭარბი წონა და მასთან გამკლავების ყველანაირი მეთოდი თანაბრად აინტერესებს ორივე სქესისა და ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ეს საკითხი ყოველთვის აქტუალურია და მუდმივი განსჯის საგანია. არსებობს უამრავი ფიზიოლოგიური და არაფიზიოლოგიური, რეალური და არარეალური, ჯანსაღი და არაჯანსაღი რეკომენდაცია, რჩევა, ე.წ. “სასწაულმმოქმედი” დიეტა, პროდუქტის ჩამონათვალი (წიწიბურა მაწვნით, კონიაკი, ყავა, არაჟანი და ა შ), რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში გაგათავისუფლებს კილოგრამების განსაზღვრული ოდენობისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შედეგი (დაკლებული კილოგრამები) ხანგრძლივი არ არის და ხშირად წონის განმეორებითი ნამატი გაცილებით აღემატება დაკლებული კილოგრამების ოდენობას. სწორედ ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, სასურველია დადგინდეს მიზეზი, თუ რატომ მოიმატა ამა თუ იმ პირმა წონა, აღმოიფხვრას ის მიზეზი და შედეგიც არ დააყოვნებს. რამდენიმე რეკომენდაცია მათ, ვისაც წონის დაკლება სურს:
სასურველია, რომ საუზმე ცილოვანი პროდუქტისგან შედგებოდეს. ცილა კარგად ანაყრებს და დღის განმავლობაში მიღებული კალორიის ოდენობა უკეთ კონტროლდება;
არ მიიღოთ ტკბილი გაზიანი სასმელი. ის “ფუჭი” კალორიების წყაროა და შეაფერხებს წონის კლების პროცესს;
მიიღეთ წყალი კვებამდე 20-30 წუთით ადრე;
საკვებ რაციონში გაზარდეთ კვერცხის, რძის პროდუქტის, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, წვნიანის, თევზის, უცხიმო ხორცის,ბროკოლის, ისპანახის, პარკოსნების, მარცვლოვნების, ავოკადოს, თხილის, კენკრას, მწვანე ჩაის, კინოას, მუხუდოს შემცველობა;
არ მიირთვათ შებოლილი, დამუშავებული საკვები;
მიირთვით ნელა;
არასრულფასოვანი, ხანმოკლე ძილი – წონის მატების ერთერთი რისკ-ფაქტორია;
– სელის თესლის მიღებაც ძალიან ბევრმა დაიწყო. ამ პროდუქტზე რა შეგიძიათ გვითხრათ?
– სელის თესლი მდიდარია საკვები ბოჭკოთი. საკვები ბოჭკო კარგად ანაყრებს, თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას, მადას, უკეთ აკონტროლებ დღის განმავლობაში მიღებული საკვების ოდენობას. დამატებით, გასტროენტეროლოგიური ტრაქტი გამართულად მუშაობს. სელის თესლი ასევე შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომელთაც ორგანიზმზე დადასტურებული სასიკეთო გავლენა აქვთ, ხელს უწყობენ ანთებითი პროცესის შემცირებას, ეწინააღმდეგებიან აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას, შეუძლიათ წინ აღუდგნენ განსაზღვრული ტიპის კიბოს განვითარებას. სხვადასხვა გამოკვლევის საფუძველზე სელის თესლის შემადგენლობას შეუძლია ხელი შეუწყოს სისხლში ქოლესტერინის დაქვეითებას, გააუმჯობესოს საკვების მონელების პროცესი, ხელი შეუწყოს თირკმელის გამართულ მუშაობას, გააუმჯობესოს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობა.

წყარო: მარაო

Cesko