მომღერალი ლელა წურწუმია ბავშვობაში, ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარ ინციდენტს 49 წლის შემდეგ იხსენებს და ახალგაზრდებს მიმართავს:
“54 წლის ვარ და ეს ისტორია ხშირად მახსენდება, როცა განმარტოებული, ან ჩემს ფიქრებთან ვარ მარტო, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს. ალბათ ამიტომ გადავწყვიტე ამის მოყოლა, არსად არასდროს მომიყოლია…
1974 წელი იყო, 5 წლის ვიყავი. ბებიამ სასეირნოდ წამიყვანა და შემდეგ აფთიაქში შევედით. შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, სანამ მისი რიგი მოვიდოდა, ჯიბეში ჩაიყო ხელი და რომ ამოსწია, ქაღალდის 1-მანეთიანი ამოუვარდა.
იქვე ახალგაზრდა კაცი იდგა, ნელ-ნელა წამოვიდა და ამ ფულს ფეხი დაადგა, ისე, რომ აღარ ჩანდა. მოვიდა იმ ბიჭის რიგი, ჩაიყო ჯიბეში ხელი და ფული არ დახვდა. დაიწყო ძებნა… თქვა, ნამდვილად მქონდა, არ ვიცი სად წავიდაო და ძებნა გააგრძელა. მე იმ კაცს ვუყურებდი, 5 წლის…. მან იცოდა, რომ დავინახე, წარმოიდგინეთ, როგორი განსაცდელის წინაშე იყო, ვაიდა, ამ ბავშვმა არ თქვას, რომ ფეხი დავაბიჯეო. ეს ბიჭი ძალიან შეწუხებული იყო. რაიონიდან ვარ ჩამოსული, ეს ბოლო ფული იყო, ბავშვი მყავს, მისთვის მინდა ეს წამალი და არ ვიცი, სად წავიდაო. მართლა გამშრალი ვუყურებდი, თვალებიც აუცრემლიანდა და გავიდა…
ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, შემეშინდა, თან ძალიან შემრცხვა. სხვათაშორის, ეს გრძნობა დღემდე მაწუხებს, საშინლად განვიცდი. ის ერთი მანეთი მისთვის ალბათ, მთელი ცხოვრება იყო.
მას შემდეგ ჩემი ცხოვრების წესად გავიხადე, როდესაც ვხედავ უსამართლობას, არ ვიცი, რამდენად გამომდის, ვცდილობ, ხმა ამოვიღო. საშინლად ვერ ვიტან უსამართლობას, მეზიზღება. როცა ვინმე სიიდან ამოუგდიათ, მითქვამს, თუ ეს ადამიანი არ იმღერებს, მე კონცერტზე არ გამოვალ-თქო.
განსაკუთრებით მინდა, რომ ახალგაზრდებო, თქვენ მოგმართოთ: თუკი რამე უსამართლობას ნახავთ, აუცილებლად ამოიღეთ ხმა. ეს ისევ თქვენ გამოგადგებათ, ჩვენს ქვეყანას გამოადგება და ყოველი შემთხვევისთვის, ამდენი წელიწადი გულში და გონებაში სინანულად მაინც არ დაგრჩებათ.
არ ვიცი, რამდენად დაგაფიქრებთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ მე 49 წელია ეს მაწუხებს. ძალიან კარგია, რომ საშუალება მომეცა და ეს ლოდი მოვიხსენი მხრებიდან,“ – ამბობს ლელა წურწუმია გადაცემაში “შენი დილა”.