“სწორედ აშშ-ის ინტერესებში შედიოდა აქ მეორე ფრონტის გახსნა და  სწორედ დასავლეთის კარნახით რევს აქ სიტუაციას „ნაცმოძრაობა“- თემურ თათარაშვილი

0
295
13 Views

ინტერვიუ მომღერალ თემურ თათარაშვილთან:

– ბატონო თემურ, მოდით, ჩვენი საუბარი აშშ-ის საკონსულოს მიერ თქვენთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმით დავიწყოთ… რომ მოგვიყვეთ ეს ისტორია და გვითხრათ თქვენი აზრი, რეალურად რატომ არ მოგცეს ვიზა?

– აშშ-ში ნამყოფი ვარ 21-ჯერ და არასოდეს არანაირი დარღვევა არ მქონია. ბოლოს საკონსულოში დაახლოებით ხუთი წლის წინ შევედი და როგორც მაშინ ქალბატონმა კონსულმა ამიხსნა, წინა მთავრობის მიერ ე.წ. შავ სიაში ვიყავი შეყვანილი და სწორედ ამიტომ მოვყევი სავიზო შეზღუდვაში. მაშინდელი კონსული არაჩვეულებრივი ქალბატონი გახლდათ, რომელიც შეწუხდა შექმნილი ვითარების გამო და თავად შემომთავაზა, რომ დაწერდა წერილს საემიგრაციო სამსახურისთვის, რათა ჩემთვის ეს შეზღუდვა მოეხსნათ. ამ ამბიდან გასულია ხუთი წელი და ახლა, ისევ შევიტანე განაცხადი აშშ-ის ვიზაზე. საკონსულომ მომთხოვა გარკვეული საბუთები, მათ შორის ჩემს ნასამართლობაზე. ყველა საჭირო დოკუმენტაცია შევაგროვე, რა თქმა უნდა, წარვადგინე ნასამართლობის ცნობაც. ჩემი ნასამართლობა გაქარწყლებულია და ის უკვე აღარსად ფიქსირდება. მოკლედ, დაახლოებით 50 ფურცელი დოკუმენტებისა შევაგროვე და გავგზავნე საკონსულოში. ერთი კვირის წინ მომივიდა პასუხი, რომ მე ვარ კრიმინალი…

– ზუსტი ფორმულირება როგორ იყო ჩამოყალიბებული?

 

– ზუსტად ისე, როგორც გითხარით, ეწერა, რომ მე ვარ კრიმინალი!

 

– რას უკავშირებთ აღნიშნულ უარს და როგორ ფიქრობთ, თქვენს პოლიტიკურ სიმპათიასთან და სამოქალაქო აქტივობასთან ხომ არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი, რადგან არასოდეს დაგიმალავთ, რომ მოქმედი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი ბრძანდებით?

 

– დიახ, ვუკავშირებ! ერთი რამ ფაქტია, ბევრი მუბნებოდა – ნუ წერ სტატუსებს შენს ფეისბუქ-გვერდზე, თორემ ამის გამო არ მოგცემენ ვიზასო. თქვენ გაგიკვირდებათ, რომ ეს უარი რეალურად ჩემს აქტიურობას უკავშირდებოდეს? მე არა! ქვეყანა, რომელიც ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის შუქურაა, შეიძლება თავისი მეგობარი სახელმწიფოს ცნობილ მომღერალს ვიზას არ აძლევდეს?! როგორც ჩანს, მათ სხვანაირად ესმით მეგობრობა და სხვანაირი დემოკრატია ჰქონიათ… გულდასაწყვეტია, რომ იმ ქვეყნისგან, რომელიც ძალიან მიყვარს, ასეთი პასუხი მივიღე. ვიცი, ძალიან ბევრს გაახარებს ჩემთვის ვიზაზე უარის თქმა, მაგრამ მინდა ყველა მათგანმა დაიმშვიდოს გული, მე ისედაც 21-ჯერ ვარ აშშ-ში ნამყოფი.

 

– ისე ჩანს, თითქოს როცა აშშ ჩვენს მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიეთ, ბრჭყალებში ჩასვით ერთი ფორმულირებაცა და მეორეც და მათი დემოკრატიაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ…

 

– დიახ, უკვე ნამდვილად ყველაფერში ეჭვი მეპარება. არ მინდა, სხვის მაგივრად ვილაპარაკო, მაგრამ მარტო მე არ ვარ, ვისაც ვიზაზე უარი უთხრეს. გვარებს არ დაგისახელებთ, თუმცა, ჩვენს ორ ცნობილ მომღერალ ქალბატონს, რომლებიც ასევე მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, უთხრეს უარი ვიზაზე. ეს ძალიან დასაფიქრებელი ფაქტია.

 

– ბატონო თემურ, შეგვიძლია უკვე ღიად ვთქვათ რომ საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას შორის გარკვეული ბზარები გაჩნდა. ამის მაგალითად შეგვიძლია ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების ფაქტი მოვიყვანოთ, როცა ყველანაირი სამხილის გარეშე აშშ-მა ისინი კორუფციაში დაადანაშაულა და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. დავით კეზერაშვილზე კი, რომელმაც ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ქალბატონმა ელჩმა კომენტირებისას აღნიშნა, რომ არ სურს, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიოს…

 

– აი, დავით კეზერაშვილს რომ წესიერ კაცად გამოიყვან და მე – კრიმინალად, უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი და მეტი არაფერი!

 

– მინდა 30 აპრილის აქციასაც შევეხოთ, რომელსაც თქვენ აქტიურად არეკლამეთ თქვენს სოციალურ ქსელში. რა მოლოდინები გაქვთ ამ აქციიდან, რა იქნება მისი მთავარი „მესიჯები“ და საბოლოო მიზანი?

 

– ბევრმა ადამიანმა მკითხა, რატომ უჭერ მხარს და რატომ მიდიხარ „უცნობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზეო… რა შუაშია „უცნობი“? „უცნობსაც“ უყვარს ეს ქვეყანა და მეც, ორივეს გული შეგვტკივა ჩვენს სამშობლოზე. დარწმუნებული ვარ, 30-ში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და იტყვის თავის სათქმელს. იმედია, დაინახავს ევროპაცა და ამერიკაც, რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე იმ ძალის მხარდამჭერები, რომელი ძალაც 2 000 ადამიანს ძლივს აგროვებს საპროტესტო აქციებისთვის. რაც მთავარია, ჩვენი აქცია იქნება მშვიდობიანი და მათგან განსხვავებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ აქ არავინ ისვრის! მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, არ მინდა, რომ ჩემი სამშობლო იქცეს ომის პოლიგონად და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ჩვენმა პატარა ქვეყანამ აღარასოდეს, არავის წინაშე თავი აღარ უნდა დახაროს – არც რუსეთის, არც ამერიკის, არც ევროპის! მე არც რუსის ჩექმის ქვეშ მინდა ცხოვრება და არც ამერიკელის ბათინკის! ჩვენ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ მსოფლიოში და ამისთვის პატრონი არ გვჭირდება.

 

– მეორე ფრონტი ახსენეთ, ხედავთ საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების საშიშროებას და ვის აწყობს ეს – „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველასგან დამოუკიდებლად თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამერიკის კარნახით?

 

– დიახ, სწორედ აშშ-ის ინტერესებში შედიოდა აქ მეორე ფრონტის გახსნა. მე პოლიტიკაში არ ვერევი და ვერ ვერკვევი, თუმცა, ვფიქრობ, რომ სწორედ დასავლეთის კარნახით რევს აქ სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება მეორე ფრონტს, ვხედავდი ამ საშიშროებას და ჩვენი ხელისუფლებისა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ძალიან გონიერი, პრაგმატული და წინდახედული ნაბიჯების წყალობით, ვფიქრობ, რომ ეს საფრთხე დაძლეულია. „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომელიც ძალადობს ადამიანების ფსიქიკაზე. ისინი დარწმუნებით ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და ამიტომ მთავრობა უნდა გადადგეს. გაუგონარი ამბავია! რა იციან წინასწარ, მკითხავები არიან და თუ ლელა კაკულიასთან იყვნენ? ორი ვარიანტია, მათ ეს წინასწარ იციან, რადგან მოლაპარაკებულები არიან თავიანთ მეგობრებთან (ვისაც უხდიან უზარმაზარ ფულს), რომ კანდიდატობის სტატუსი არ მოგვცენ, ან უბრალოდ ხალხს აგიჟებენ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს.

წყარო: reportiori.ge

Cesko