,,დედაჩემმა 120 წელი იცოცხლა…” – როგორ ცხოვრობს საქართველოს ყველაზე უხუცესი, 116 წლის ქალი

0
544
18 Views

თამარ ჩუბინიძე-სოფრომაძე იღვიძებს თუ არა, სარკეს და სავარცხელს იღებს ხელში, თმას ივარცხნის, კოხტავდება და მერე ყავის დალევის დროც დგება. ეს ქალბატონი 116 წლის არის, ის 1906 წელს დაიბადა, ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუამთაში, 80 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ქმარი 80 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს დაეღუპა, როცა მეორე შვილზე იყო ორსულად. მას შემდეგ აღარ გათხოვილა. დაქვრივებულმა გაზარდა ორი ქალიშვილი და, შვილებს რომ უმამობა არ ეგრძნოთ, ძალ-ღონეს არ იშურებდა.

,,80 წლის ვარ და ძალიან მეამაყება, ასეთი კოპწია დედა რომ მყავს. ჩემი შვილიშვილები თბილისიდან ხშირად ჩამოდიან, უყვართ ბებიასთან ყოფნა, ჩახუტება, ფოტოების გადაღება. ამით ძალიან ბედნიერები არიან”, – უთხრა ,,სარკეს” საქართველოში უხუცესი ქალის ქალიშვილმა, 80 წლის დალი ჩუბინიძემ.

თუ როგორ ცხოვრობს გასულ საუკუნეში დაბადებული ქალი, რომელიც უამრავ ქარტეხილს თუ ბედნიერ დღეს შეესწრო, ამის შესახებ ,,სარკის” მკითხველს თავად გვიამბობს.

– ქალბატონო თამარ, როგორ იწყება თქვენი დილა?

– ჩემი დილა აუცილებლად იწყება ფინჯანი ყავით, რომელსაც მომართმევს ჩემი ქალიშვილი. მანამდე კი ვივარცხნი და ვიწესრიგებ თმას. ძალიან მიყვარს სარკეში ჩახედვა. ასევე მიყვარს მანიკიურის გაკეთება.

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, ვისთან ერთად ცხოვრობთ, ვინ გივლით.

– ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ ვანის სოფელ შუამთაში. ჩემი ერთი შვილი დაიღუპა. მყავს 10 შვილიშვილი და ბევრი შვილთაშვილი.

– გაგვიმხილეთ თქვენი დღეგრძელობის საიდუმლო, როგორ ვიცხოვროთ ამ ასაკამდე.

– ზეთიან საჭმელს არაფერს ვჭამ. მიყვარს შოკოლადი და ორცხობილა. ყურძენი, ბანანი, ვაშლი, ატამი – ხილს არაფერს ვჭამ. კუჭი მაქვს დაზიანებული და არ შეიძლება. ფაფებით, ორცხობილათი და შოკოლადით ვიკვებები ბოლო წლებია. მანამდე ყველაფერს ვჭამდი. ობოლ შვილებს ვზრდიდი და სად მქონდა საჭმლის რჩევის თავი?

– რამდენი წელი იყავით ქმართან ერთად?

– 3 წელი. წვალებით გავზარდე შვილები. წყალში ნაცარს გავურევდი და ისე ვრეცხავდი ბავშვების ტანსაცმელს.

– როგორ გაგიცნოთ მომავალმა მეუღლემ?

– ლამაზი ქალი ვიყავი. ჩემი მეუღლეც მაგარი ლამაზი ვაჟკაცი იყო. სადღაც მივდიოდი, ცხენით ჩამოიარა და მოვეწონე. მალევე ცხენით მომიტაცა. 4 მაზლი მყავდა და ისინიც ომში დაიღუპნენ. ცნობა ჩამომივიდა, შენი ქმარი ასე დაიღუპაო. რა უნდა მექნა, გავაგრძელე შვილების გაზრდა, ოჯახი აღარ შემიქმნია… კიდევ ცოტა ხანი მინდა სიცოცხლე. მინდა, შვილით, შვილიშვილებით და შვილთაშვილებით დავტკბე.

– რამდენი დედმამიშვილი იყავით?

-7 დედმამიშვილი ვიყავით და მხოლოდ მე ვარ ცოცხალი. ჩემი თაობის აღარავინ მყავს, არც კლასელი და არც მეგობარი.

– თქვენს წინაპრებში ვინმეს საუკუნეზე მეტ ხანს უცოცხლია?

– დედამ იცოცხლა 120 წელი. დედაჩემი თავადის ქალი იყო. გენეტიკურად გვაქვს დღეგრძელობა, მაგრამ ხელსაც ვუწყობთ. ცხიმიანს არაფერს ვჭამ. ხორცს თუ მომიხარშავენ და დამიჩილავენ, შევჭამ, შემწვარს – არა.

– თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებს იყენებთ?

– მობილური და ტელევიზორი არ მაინტერესებს. მხოლოდ სარკე და სავარცხელი. მიყვარს ლამაზი კაბა, კოხტად ჩაცმა…

წყარო: სარკე

Cesko