მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, უნგრეთმა უკრაინიდან იმპორტირებული აკრძალული პროდუქციის სია გააფართოვა.
აკრძალული საკვების ჩამონათვალში შევიდა: პირუტყვის ხორცი, ღორის, თხისა და ცხვრის ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, თაფლი, ახალი და დაკონსერვებული ბოსტნეული, ლერწამი და ჭარხლის შაქარი, მარცვლეულის სხვადასხვა სახეობის ფქვილი, პური, ვაფლი, ღვინო და ყურძენი.
უნგრეთის მიერ აკრძალვების დაწესების მიზეზი ადგილობრივი ფერმების დაზარალება გახდა. უკრაინული მარცვლეულის დიდი რაოდენობა ლოგისტიკური შეფერხებების ფონზე, ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე დარჩა, რამაც ადგილობრივი ფერმერების ინტერესები დააზარალა, რადგან უკრაინული მარცვლეული გაცილებით იაფია, ვიდრე ევროკავშირში წარმოებული მარცვლეული.
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იშტვან ნაგიმ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ევროკავშირისგან ევროპელი ფერმერების მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების მიღებას მოელის.
ცნობისთვის, უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვადასხვა საკვების იმპორტი მანამდე სლოვაკეთმა და პოლონეთმაც აკრძალეს.