,, ეს მოსამართლეები ხომ მიშას დროსაც იყვნენ და ამერიკა თუ შარზე არ არის, რატომ მაშინ არ ადებდა მათ სანქციებსო?” – რას წერს დავით ზურაბიშვილი

0
235
25 Views

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს;

,,საქართველოს ხელისუფლებამ ხანმოკლე შოკის შემდეგ სახელდახელოდ შეთხზა მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე მესიჯბოქსი, რომელსაც იმეორებს ყველა სახელისუფლო ტროლი ოფიციალური პირების ჩათვლით (ოფიციალური პირებიც რომ ბიძინას ტროლებად არიან გადაქცეულები, კიდევ ცალკე თემაა): ეს მოსამართლეები ხომ მიშას დროსაც იყვნენ და ამერიკა თუ შარზე არ არის, რატომ მაშინ არ ადებდა მათ სანქციებსო.

საქმეც ისაა, რომ მიშას დროს კონკრეტული მოსამართლეების სანქცირებას აზრი არ ჰქონდა, რადგან სასამართლო მთლიანად იყო პროკურატურას დაქვემდებარებული და ნებისმიერი მოსამართლე პრაქტიკულად პროკურატურის ნოტარიუსის როლს ასრულებდა. ამ მახინჯი სისტემის შეცვლის პირობა დადო სააკაშვილმა 2009 წელს აშშ მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თბილისში ვიზიტის დროს და როდესაც არ შეასრულა ეს პირობა, საპასუხოდაც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ითქვა, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაბარება (რაც, სხვათა შორის, ამ ხელისუფლების მიმართ ჯერ არ თქმულა). თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ 2012 წელს სააკაშვილი ამერიკის სერიოზული ზეწოლის გარეშე აღიარებდა დამარცხებას არჩევნებში, მე მისი გულუბრყვილობისა მშურს მეთქი ვერ ვიტყვი, რადგან ეს გულუბრყვილობაც აღარაა.

ახლა არის ცოტა განსხვავებული სიტუაცია. კერძოდ, სასამართლო ემორჩილება არა პროკურატურას, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ სისტემას მართავს ე. წ. კლანის, ანუ კონკრეტულ მოსამართლეთა დაჯგუფების მეშვეობით. ოთხივე სანქცირებული მოსამართლე კი შეადგენს, თუ შეიძლება ასე ითქვას, კლანის ტოპ-მენეჯმენტს. ამ ტოპ-მენეჯერებს აქვთ პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილთან და ასრულებენ მხოლოდ მისგან წამოსულ დაკვეთებს. თუ ბიძინასგან არ მოდის რამე დაკვეთა ( ცხადია ივანიშვილი ყველა საქმეში არ ერევა, არამედ მხოლოდ იმაში, რომელიც პირადად მის პოლიტიკურ და ძალაუფლებრივ ინტერესებშია), კლანის ლიდერები არიან მოქმედებაში თავისუფლები და სასამართლო სისტემას მართავენ, როგორც მოეხასიათებათ.

ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სააკაშვილისგან ითხოვდა მახინჯი სასამართლო სისტემის რეფორმირებას, ზუსტად ისევე ითხოვს ივანიშვილისგანაც, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობა თავისთავად გამორიცხავს ერთპიროვნულ ავტორიტარიზმს და ჩრდილოვან მმართველობას. ოღონდ ბიძინას ხელისუფლება სააკაშვილისგან განსხვავებით იქით ცდილობს ამერიკის დაშანტაჟებას სტრატეგიული კურსის ცვლილების მუქარით (სააკაშვილის ხელისუფლებას მსგავსი სიგიჟე თავში არასდროს მოუვიდოდა, თუნდაც წმინდა პრაგმატული მოსაზრებით), რაც უკრაინაში ომის ფონზე საერთოდ ორმაგი სიგიჟე და ამორალობაა და რაც, რასაკვირველია, ამერიკის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. ბოლო-ბოლო მსოფლიოს უძლიერეს და უმდიდრეს სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, რომელიც დღეს პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომშია ჩაბმული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც როგორც არასდროს ისეა გაზრდილი.

ასე, რომ ოთხი მოსამართლის სანქცირება მხოლოდ პირველი მერცხალია. თუ ხელისუფლება ვერ მოეგება გონს, ბოლომდე ჩაებღაუჭება სასამართლო კლანს და გააგრძელებს ამერიკასთან შანტაჟის ენით ლაპარაკს, ამ პირველ მერცხლებს აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური გაზაფხულიც თავისი წვიმით, ქარით და ელჭექით.

სხვა რა გითხრათ? თუ კიდევ დარჩით ვინმე ქართული ოცნების მხარდამჭერებში, ვისაც ოდესმე ჭკუა მოგეკითხებოდათ, იქნებ ცოტა აზრზე მოხვიდეთ, თორემ დიტო სამხარაძის ჩამოსხმის ქოცები არა მგონია რამეს მიხვდნენ. სიმართლე თუ გინდათ, ესაა და თუ არ გინდათ, იყავით იქ სადაც ხართ და ბოლოს სად აღმოჩნდებით, იმასაც ვნახავ.”

Cesko