„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს ქობულეთს ეწვია, სადაც პარტიული კონფერენცია გაიმართა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს შეხვედრისთვის და მოსაზრებების გაზიარებისთვის.
„პირველ რიგში, მინდა, გადაგიხადოთ მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევით. საკმაოდ დიდი გზა გამოვიარეთ ერთად და ღირსეულად გავეცით პასუხი არაერთ სირთულეს და გამოწვევას. თითოეული ჩვენი ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის ინტერესებზე და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას” და უცხადებს ნდობას.
დღესაც ხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს – არის მცდელობა არეულობით, ესკალაციის გზით მიაღწიონ მიზანს, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რასაკვირველია, ამ გამოწვევასაც ვპასუხობთ ღირსეულად, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ნებისმიერ პარტიულ თუ პირად კეთილდღეობაზე მაღლა დგას სამშობლო და მისი მომავალი.
მოსახლეობის დაკვეთა არის მშვიდობიანი, სტაბილური გარემო, ეკონომიკური განვითარება, განათლებული, ცოდნით შეიარაღებული მომავალი თაობის აღზრდა, ევროპული მომავალი და ჩვენი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება. სწორედ ეს არის მმართველი ძალის მთავარი სამოქმედო პრინციპები და გაძლევთ პირობას, რომ არასდროს ვუღალატებთ ამ პრინციპებს”, – განაცხადა კახა კალაძემ ქობულეთში გამართულ შეხვედრაზე.
პარტიამ „ქართული ოცნება” აჭარის რეგიონში კონფერენციები გამართა, რასაც პარტიის ლიდერები დაესწრნენ.