უცხოეთიდან საქართველოზე სახიფათო ფსონები იდება – დიმიტრი ხუნდაძე

0
245
22 Views

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში უცხოეთის მხრიდან არსებულ პოლიტიკურ გავლენებზე და შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს.

„თუკი რუსეთმა დაინახა, რომ დასავლეთის გარკვეულმა ძალებმა საქართველოზე ერთპიროვნული და უპირობო ძალაუფლება მოიპოვეს, შესაძლოა, მათი საოკუპაციო ზრახვები ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს ომთან გვაახლოებს და, ამ შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ არა უფრო მეტ ტერიტორიებს, არამედ, მთლიანად საქართველოს. უკრაინაში ომის რეალობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას, საზოგადოებასა და ოპოზიციას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს, რომ უკეთესის ძიებაში უარესი არ შეგვრჩეს ხელში. დღეს ქვეყნებმა საკუთარი სარგებელი იმაზე მეტად დააყენეს წინ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ კი პირიქით არ უნდა მოვიქცეთ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები სხვას მოვახმაროთ და ამით მოვაწონოთ ვინმეს თავი. ასეთი რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი ქართველ პოლიტიკოსებს ჯერ არ გვქონია და სწორედ ამ დროში გვჭირდება, ყველა ვექტორის გათვალისწინებით, ეროვნული პოლიტიკის წარმოება. დასავლეთის გარკვეული ძალები სახიფათო თამაშს თამაშობენ დღეს საქართველოში. ისინი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

და რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ? უცხოეთიდან მიზანმიმართულად შემოტანილი და დამკვიდრებული მდაბიო პოლიტიკით, რომელიც ტრენდული გახდა დღეს, ოპოზიცია ებრძვის ხელისუფლებას, რათა წაართვას ძალაუფლება. და ამ დროს დასავლეთი და რუსეთი ებრძვიან ერთმანეთს ჩვენს ქვეყანაზე ერთპიროვნული მმართველობის მოსაპოვებლად. და თუ ეს ვერ მოახერხეს, სავარაუდოდ, ისევ მორიგდებიან და გადაინაწილებენ ჩვენს სამშობლოს. ამაზე რომ ღიად ვსაუბრობთ, სწორედ ამიტომ გვიპირისპირდებიან და ძალადობენ ჩვენზე. ფაქტი ის არის, რომ დღეს უცხოეთიდან საქართველოზე სახიფათო ფსონები იდება და სიმართლეზე ზეწოლა ძლიერდება. ეს კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ასუსტებს და მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

Cesko