ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივის. როგორც სანიკიძე აცხადებს, ღარიბაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ 100 000 დოლარი აქვს აღებული, როგორც პრემიერმა სანიკიძის მისამართით პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა.
„100 ათას დოლარად მიეყიდე სააკაშვილს“, – დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილსა და გუბაზ სანიკიძეს შორის
„მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, მას ვუჩივლო სასამართლოში. მან ცილი დამწამა, რომ 100 000 დოლარი მაქვს აღებული „ნაციონალური მოძრაობისგან“. ღარიბაშვილს მოუწევს ამის დამტკიცება და ვერ დაადასტურებს, რაც ბუნებაში არ ყოფილა, რა უნდა დაადასტუროს? მე ვიცი, რომ ლომის ხახაში ვყოფ თავს, მე ვიცი, რომ მექნება ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა, მათ შორის სასამართლოსგანაც, იქნება საშინელი სიბინძურეები ჩემს წინააღმდეგ, ბიბლიური მასშტაბის საშინელებებს ჩაიდენენ, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. რაც მთავარია, მხარს მიჭერენ ჩემი ოჯახი, მეგობრები, თანამოაზრეები და რაც მთავარია, უბრალო ადამიანები“, – განაცხადა სანიკიძემ გადაცემა „დღის ამბებში“.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერი ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღარიაბშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სანიკიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა, მასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.