ფიზიკური პირი პირველივე ჯერზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული – 200 ლარით – რა კანონი მზადდება მძოლებისთვის?!

March 22, 20:36
0
714

 

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი კი გაიწვია პარლამენტმა, მაგრამ ახლა ისეთი კანონია ინიცირებული, პრაქტიკულად, ყველა მძღოლს რომ შეეხება. მართალია, ჯერჯერობით, მონიტორინგი მხოლოდ დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში განხორციელდება, მაგრამ ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. ისე, საინტერესოა, რატომ არ მოხდება მონიტირონგი ქუთაისში, სიდიდით მეორე ქალაქში, თუმცა ალბათ კანონმდებლებმა უკეთ იციან, ეგენი ხომ დღესა და ღამეს ხალხზე ზრუნვაში ატრებენ.

საუბარია ავტომობილების ვიზუალურ გამონაბოლქვზე. ანუ, უდიდესი ალბათობით, პარლამენტში ინიცირებული კანონი საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდება და ჩამოთვლილ ოთხ ქალაქში, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ივლიან და შესაბამისად, თუ დაინახავენ, რომ ავტომობილი ბოლავს, მას შეამოწმებენ და დასაშვებზე მეტი გამონაბოლქვი დაისჯება. თავიდან იყო საუბაარი, რომ მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები მხოლოდ გაფრთხილებით შემოფარგლულიყვნენ და ჯარიმაზე შემდეგ გადასულიყვნენ, მაგრამ ახლა ინიცირებულ კანონში წერია, რომ ფიზიკური პირი პირველივე ჯერზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი კი 200 ლარით. ამავე დროს, კანონპროექტის მიხედვით, განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება.

მადლობას ვიტყოდით, რომ გვჯეროდეს, რომ სახელმწიფო მოსახლეობაზე ზრუნავს და გამონაბოლქვის კონტროლი ჩვენი ჯანრთელობის სასიკეთოდ უნდათ. მაგრამ ხომ ვიცით, რომ ამათ მხოლოდ ის ადარდებთ, ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს და შესაბამისად, კიდევ უფრო კარგად იცხოვრონ ჩვენს ხარჯზე. ასე რომ არ იყოს, სხვაგვარად მიუდგებოდნენ ამ პრობლემას – სანამ გამონაბოლქვის შემოწმებას დაიწყებდნენ, იმას შეამოწმებდნენ, როგორი ოქტანობის ბენზინი და დიზელი შემოაქვთ საქართველოში და რას ვასხამთ მანქანაში. ახალ, სრულიად გამართულ მანქანას გამონაბოლქვი დასაშვებზე მაღალი რომ აქვს, ეს გაუმართავი მექანიზმის ბრალია თუ საწვავის? მოკლედ, მართლაც, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ბიუჯეტში დამატებითი მილიონობით ლარი შევა და წლის დასაწყისში შედგენილი „ამბიციური ხარჯვითი ნაწილის“ შესრულება, პრობლემა არ იქნება. ჰო, როცა ბიუჯეტი წარადგინეს, მაშინვე დავწერეთ, რომ დამაატებით თანხებს ხელისუფლება ჩვენგან ამოიღებდა და აგერ, პროცესი მართლაც იწყება. ისე, ცნობისათვის, შესაძლოა თქვენი მანქანა ბოლავდეს, მაგრამ მონიტორინგის სამსახური ახლო-მახლო არ იყოს, ასეთ დროს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს, მონიტორინგის სამსახურს არამარტო ლოკაცია, არამედ ავტომობილის სანომრე ნიშანიც მიაწოდოს და ისინი ავტომანქანას იმავე დღეს თუ არა, მომდევნო დღეებში აუცილებლად შეამოწმებენ. დამრეკავი კიდევ რამდენი იქნბა, თავად დათვალეთ.

იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ვალუტამ პრაქტიკულად ყოველდღიურად მყარდება, ცალკე ექსპერტებს და ცალკე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, პროგნოზი აქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ლარი ძალიან გაუფასურდება. რა აძლევთ მათ აღნიშნულის თქმის საფუძველს? საქმე ის გახლავთ, რომ ვალუტის გამყარება დიდწილად საქართველოსთვის რუსული ბაზრის გახსნას უკავშირდება. ანუ, საყოველთაო სანქციების ფონზე, რუსეთი ცდილობს რამე მაინც გაყიდოს და გაყიდოს იაფად. მყიდველთა არჩევანი კი არც ისე დიდია, თუმცა ამ რიცხვში საქართველოც არის და რუსეთიდან იაფი პროდუქცია დიდი ოდენობით მოედინება. ამიტომ, ბაზრიდან ნელ-ნელა გადის ირანული, თურქული, ინდური და ჩინური პროდუქტი, მაგრამ მუდმივად ასე ვერ იქნება. ერთ მშვენიერ დღეს, რუსეთი ან პროდუქციას გააძვირებს, ან უბრალოდ აღარ მოგვცემს და შეიქმნება დეფიციტი, ანუ გაიზრდება მოთხოვნა და არ იქნება მიწოდება. შედეგად, აუცილებლად გაუფასურდება ძლივს გამყარებული ლარი და გაუფასურება დიდი ნაბიჯებით მოხდება. არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ საქართველომ ეს წელი ასეთ ტემპში გადაიტანოს, რაც როგორც ლარს, ისე ბაზარს, მეტ სიმყარეს შესძენს. ეს ყველაფერი გადასარევად იცის ოპოზიციამ და ამიტომაც უკიჟინებს ხელისუფლებას, გინდა თუ არა, რუსულ ბაზარს ჩაეხსენიო.

საგაზაფხულო სამუშაოები იმაზე მაღალი ტემპით დაიწყო, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტრო ელოდა. გაიაფებული დიზელის პირობებში, ფერმერებმა მიწის დამუშავება დიდი ოდენობით დაიწყეს და წესით, მოსავალიც დიდი უნდა იყოს, თუმცა აქ ცოტა არ იყოს, სასაცილო პრობლემასთან გვაქვს საქმე. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი რეკორდულ ნიშნულს გაზაფხულზე, ანუ ახლა აღწევს. ამის მიუხედავად, ქართველი ფერმერები შარშან მოყვანილ ხორბალს და ქერს ვერ ყიდიან. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რუსეთიდან შემოტანილი ფქვილის, ანუ უკვე მზა პროდუქციის შეძენა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ადგილზე ხორბლის ყიდვა და გადამუშავება. წისქვილკომბინატების აბსოლუტური უმრავლესობა გაჩერებულია და ეს ხორბლის მაღალი ფასით არის განპირობებული. ქართული ხორბლისთვის კი, წისქვილის ამუშავება არ აწყობთ, რადგან ის მალე გათავდება და ისევ უნდა გაჩერდნენ. ფერმერები დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ, თუმცა პასუხი – „კერძო ბიზნესსა და ბაზარში არ ვერევით“, ისევ ძალაშია და დახმარებაც არ არის. შედეგად, ადვილი მისახვედრია, რომ რაც შემოვა რუსეთიდან, ის საქართველოში ნაკლებად გაიყიდება და ახლა ფერმერები სწორედ ისეთი კულტურის მოყვანას ფიქრობენ, რომელიც რუსეთიდან არ შემოგვაქვს.

რადგან ბაზარზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ბოლო დროს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ვაჭრობა გაფართოვდა. ეს კარგი იმიტომ გახლავთ, რომ საემიროებში პროდუქციის ძვირად გაყიდვა შეგვიძლია, მაგრამ აღსანიშნავია, ისიც, რომ გასულ წლებთან შედარებით, აშკარად მოიკლო ცხვრისა და თხის გაყიდვამ. თუ მანამდე ამ ქვეყანაში 4-5 მილიონი ღირებულების ცხვარს ვაგზავნიდით, ახლა ეს ციფრი 1.5 მილიონს არ სცდება. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ევროპული გვალვების გამო, ცხვრის დიდი ოდენობა იაფად გაიყიდა და საამიროებმა მთლიანობაში უდიდესი მარაგის შექმნა მოახერხეს. თუ გვალვები წელსაც იქნება, ევროპული ქვეყნები იძულებული გახდებიან, ცხვარი ისევ გაყიდონ, რაც სამომავლოდ, ცხვრის ფასს კი აწევს, მაგრამ ქართველ ფერმერებს ჭარბი პროდუქციის გაყიდვა ახლა სურთ და ვერ ახერხებენ.

უკვე მერამდენე გაზაფხული, მერამდენე ხელისუფლებას სულზე უსწრებს. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა სეზონური ხილი და ბოსტნეული წამოვა, მოსახლეობას კვების მიმართულებით ამოსუნთქვის შესაძლებლობა ექნება. სწორედ ამ პერიოდს იყენებს მთავრობა ზამთრისთვის მოსამზადებლად, მაგრამ ამ საქმიდან თითქმის არასდროს არაფერი გამოდის. ზამთარში გაზრდილი კომუნალური გადასახადების გამო, მოსახლეობას კვების პრობლემა კვლავ მწვავედ უდგება. ამიტომ, ხელისუფლების იმედად ყოფნის ნაცვლად, მოსახლეობა კვლავ შეეცდება, ზამთრისთვის საკვები გაზაფხულ-ზაფხულში მოიმარაგოს და კონსერვები დაამზადოს.

და კიდევ ერთი – ბოლო დროს, საქართველომ ვაჭრობა თითქმის ყველა ქვეყანასთან გაზარდა და ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ, რუსეთ-უკრაინის ომია. დიდი ქვეყნებიც კი, იძულებულნი არიან, გარკვეული პროდუქცია პატარა სახელმწიფოებისგან შეიძნონ და მათ შორის არის საქართველოც. ამასთან, უმთავრესი ავტომობილების ჩამოყვანა-გაყიდვაა, რომლითაც ლამის ნახევარი საქართველოა დაკავებული და ეს ბიზნესი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. მეტიც, საქართველო ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით და იმის მიუხედავად, რომ მთავრობას ჰქონდა იდეა, 2023 წლიდან, მხოლოდ გარკვეული წლოვანების ავტომობილების შემოყვანა დაეშვა, გადაიფიქრა, რადგან ბიუჯეტში ძალიან სოლიდური თანხები შედის. ჰო, ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვით, რომ თუ აქამდე ვიდეო-ჯარიმები ტრანზიტ-ნომრიან ავტომობილებზე არ მიდიოდა, ახლა ესეც „გაასწორეს“ და ისინიც ჯარიმდებიან. ზუსტად ისე, როგორც რუსული და უკრაინული სანომრე ნიშნების მქონე მანქანები.

Cesko