რუსუდან შარაძე: “ჩვენს დასამარებაზე აღარაა ლაპარაკი, ჩამოგვწერეს უკვე – მალე მოკვდებითო”

0
523
29 Views

დიდი ხნის დროინდელი, მივიწყებული ამბავი გამახსენდა. შეიძლება, ძალათი დავიწყებულიც, რადგან ადამიანის ტვინს აქვს თვისება, რომ რისიც რცხვენია, დაივიწყოს და თუ მაინც გაახსენდება, ფიქრი მომენტალურად რამე სასიამოვნოზე გადაიტანოს.
ამ „შესანიშნავი“ უნარის წყალობით, დეტალებს ვერ ვიხსენებ. თუმცა აქ არიან მცხეთის ქუჩის ,,ბავშვები“, მათ შორის, „თანამონაწილეებიც“. რამეს თუ არ დაამატებენ, გადაცდომას არ ,,მაპატიებენ“ და შემისწორებენ მაინც, თუ ჩემნაირად „დავიწყებული“ არა აქვთ ☺ ❤
სადღაც 10 წლის უნდა ვყოფილიყავი. ზაფხული იყო, ლოგიკურად, ივნისის თვე, რადგან თითოოროლას გარდა, ქალაქიდან გასული არ ვიყავით ბავშვები. ჩავედი ეზოში და გოგოები (ჩემზე ცოტა დიდებიც და პატარებიც) აღგზნებულები დარბიან და რაღაც გეგმებს იმუშავებენ. გავიგე, რომ ერთ-ერთ ოჯახში ვიღაც ქალია მარტო. ამ ოჯახის ორი შვილი და დედა წასულები იყვნენ სოფელში და მამა სახლში არ იყო. რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად შევუერთდი და ჩემ მერეც მოვიდნენ სხვები. ქალს კარები ქვებით დავუნგრიეთ, თოკებით დავუბით სახელური და კიდევ არ მახსოვს, რა უბედურება ჩავიდინეთ. ის მახსოვს, რომ დავრბოდით წინ და უკან გოგოების ეგზალტირებული „ბანდა“, ვის რა მოჰქონდა და ვის რა, რომ კარგად დაგვერბია იქაურობა. შეძლებისდაგვარად, დავარბიეთ კიდეც კარის წინ სადარბაზო. დავიშალეთ. ცოტა ხანში, არ მახსოვს, რომელი მოვიდა და იმ ოჯახის თავზე მითხრა, გვიბარებსო. წავედი და ფეხები უკან მრჩებოდა. დამხვდა უკლებლივ ყველა მონაწილე. ახლაც მახსოვს, ლოჯში, კაცი სკამზე იჯდა, ნერვიულობისგან ჭკუიდან იყო აწეული. ჩვენ ყველანი თავდახრილები ვიდექით და სირცხვილისგან ვიწვოდით. რატომ გააკეთეთ ესო, ეს ხომ ჩემი დააო და აქ მახსოვს, რომ სიკვდილი მოგვინდა.
ასე ჩავითრიეთ ერთმანეთი და ჩავიდინეთ თავისმომრჭელი საქციელი ისე, რომ არც ვიცოდით და არც გვაინტერესებდა ტყუილ-მართალი. როცა გავიგეთ, ძალიან გვიანი იყო. ან რა ჩვენი საქმე იყო, ვინ გვეკითხებოდა. თან ეს ბავშვები ველურები არ გეგონოთ, „მცხეთის 8“ ლიტერატურის ინსტიტუტის სახლია და ძირითადად, მეცნიერები და კულტურული მშობლები ჰყავდა ყველას.
ბარემ ვიტყვი, რომ გავიდა დრო. ატყდა ერთი უბედურება, პარტიები, მიტინგები, სამოქალაქო ომი და ა.შ… ბედნიერი ვარ, რომ მაშინ საერთოდ არსად ჩავრეულვართ ჩემი მეგობრების დიდი უმრავლესობა და მე. გავურბოდით პოლიტიკას და ასეთ თემებზე არც ვლაპარაკობდით ხოლმე, ხოლო განწყობას რაც შეეხება, ჩვენც გაგვადებილეს და ზოგი რამ არასწორად მოგვაჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთს შინ სიმართლე ესმოდა. არ ვუჯერებდით მშობლებს. რამდენი ჩაითრიეს და დღემდე შავ ლაქად დაასვეს მათ ბიოგრაფიას. ომში რამდენი ჩახოცეს, ან ნარკოტიკით გაანადგურეს, ეს კიდევ ცალკე თემაა.
ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გამიკვირდეს სხვისი რამე? უფროსების დანაშაული ისაა, რომ ხშირად, გვავიწყდება, ჩვენც ვიყავით ბავშვები, ახალგაზრდები და არათუ მაშინ, ახლა ჩავდივართ ათასგვარ სიგიჟეს, ხოლო წარსულიდან რისი გახსენებაც არ გვინდა, არ ვიხსენებთ. რამე უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ტერორისტული რეჟიმის დამკვიდრებაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდა თაობამ თავი არ გაინადგუროს და მომავალი არ დაისამაროს.
ჩვენს დასამარებაზე აღარაა ლაპარაკი, ჩამოგვწერეს უკვე, – მალე მოკვდებითო 🙂 ❤

რუსუდან შარაძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

Cesko