ჩემი მეუღლე სამი დღის გარდაცვლილი იყო, როცა დამესიზმრა და მითხრა, ორსულად ხარ და ბიჭი გეყოლებაო – მსახიობი, მანანა აბრამიშვილი

February 28, 12:09
0
364

მსახიობ მანანა აბრამიშვილის ცხოვრება, შეიძლება ითქვას, სავსეა ისეთი მოვლენებით, რომლისთვისაც სახელის დარქმევა ან ლოგიკური ახსნის მოძებნა ადამიანებს ძალიან გვიჭირს. მას თავისი ცხოვრების ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი მომენტი, წინასწარ, სიზმარში აქვს ნანახი.

მანანა აბრამიშვილი: სიზმრები ყოველთვის მიხდებოდა, მაგრამ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. მერე ჩემს ცხოვრებაში ისეთი ტრაგედია მოხდა, რომელიც სიზმარში ერთი ერთში მქონდა ნანახი. მას შემდეგ, მინდა თუ არა, ვაკვირდები და ვითვალისწინებ კიდეც.

ავიაბილეთები

დამესიზმრა, რომ ჩვენ სახლში ბევრი ხალხი და ქაოსური მდგომარეობა იყო. მოულოდნელად ჩხუბი დაიწყო ბიჭებს შორის. გავიქეცი და ჩემს მეუღლესთან მივედი იმ მომენტში, როცა მას ესროლეს და ძირს ვარდებოდა. დავიჭირე და დავინახე გულზე მისი ჭრილობა. თვითონ გაღიმებულმა შემომხედა. ამ დროს გამომეღვიძა. დილით მეუღლეს მოვუყევი, არ იყო კარგი სიზმარი და მოდი, დღეს სახლში ვიყოთ, მაინც გავფრთხილდეთ-მეთქი. ცოტა ხანში მისი ბიძაშვილი მოვიდა სტუმრად. ჩემს მეუღლეს იარაღი ჰქონდა, რომელსაც ნაწილი ჰქონდა დაზიანებული. მისმა ბიძაშვილმა იარაღი ძალიან კარგად იცოდა. გადაწყვიტა, რადგან აქ არის, მოდი, ბარემ გავაკეთებინებო. ვუთხარი: ვაიმე, რაღა მაინცდამაინც დღეს მოინდომე ამის გაკეთება, ხომ გახსოვს, რა ცუდი სიზმარი ვნახე-მეთქი და უბრალოდ დავშლით და ავაწყობთ, არაფერია, ნუ გეშინიაო, მიპასუხა.

მოულოდნელად ჩემი დედამთილი გახდა ცუდად. წნევა დაუვარდა და სასწრაფო გამოვიძახეთ. ამ მდგომარეობაში ჩემმა ქმარმა და მისმა ბიძაშვილმაც შეწყვიტეს იარაღის შეკეთება, ექიმებიც მოვიდნენ, თავის საქმე გააკეთეს და ჩემი დედამთილის მდგომარეობაც დასტაბილურდა. ექიმები უკვე მიდიოდნენ და ესენიც იარაღს დაუბრუნდნენ. მე ოთახიდან ექიმებისთვის მისაცემი თანხა გამოვიტანე და უცებ, საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. ყველა შეშინებულები შევვარდით ოთახში, სადაც ბიჭები იყვნენ და ვხედავთ, რომ ირგვლივ ყველაფერი წითელია – იატაკი და კედლები სისხლით იყო მოსვრილი.

თურმე, ყველაფერი რომ გაუკეთებიათ, ტყვიები იარაღში ჩაუდევთ, რომ გარეთ შეემოწმებინათ და დაკეტვის მომენტში იარაღმა ყველა ტყვია გაყარა. ჩემი მეუღლე დაიჭრა.

ჩემი მეუღლე სამი დღის გარდაცვლილი იყო, როცა დამესიზმრა და მითხრა, ორსულად ხარ და ბიჭი გეყოლებაო - მანანა აბრამიშვილიექიმებმა მაშინვე სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. მე სახლში დავრჩი, რადგან ჩვენი ორი წლის შვილი – თეკლა, უცებ, ამ ქაოსში ვერ ვიპოვე. მაგიდის ქვეშ დამალულა. სასწაულად გადარჩა. იმ ოთახში იყო, მამამისის ფეხებთან იდგა, თამაშობდა. უცებ გაურბენია და ზუსტად ამ დროს მოხვდა ჩემს მეუღლეს ერთი ტყვია ფეხში. საავადმყოფოში რომ მივედი, ჩემი მეუღლე გულმკერდზე გაპარსული იყო, საოპერაციოდ შეჰყავდათ. მის ჭრილობას რომ შევხედე, გავოცდი. მეგონა, ისევ სიზმარში ვიყავი. ვუთხარი, გაგა, ზუსტად ისეთი ჭრილობა გაქვს, როგორიც სიზმარში ვნახე-მეთქი და მიპასუხა, ნუ გეშინია, გადავრჩები, შენს სიზმარში ხომ ვიღიმოდიო?! ოპერაცია გაუკეთეს, სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ერთი – ბარძაყში, ერთი – მენჯში, ერთი – გულმკერდში. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ, ექიმები გვილოცავდნენ, იღბლიანები ხართ, ათასში ერთი შეიძლება, ამ მდგომრეობით გადარჩესო.

ოპერაციის შემდეგ მასთან საუბრის საშუალებაც მომცეს. გამაფრთხილეს, გაურკვევლად ილაპარაკებს, მაგრამ არა უშავს, ეს ბუნებრივია ნარკოზის შემდეგო. თავიდან მართლა ასე იყო, გაგა გაურკვევლად ლაპარაკობდა, მაგრამ მერე უცებ წამოჯდა და ძალიან გარკვევით მითხრა: ვკვდები, ვკვდებიო. მაშინვე ექიმს დავუძახე და მდგომარეობა რომ ნახეს, გადაწყვიტეს, მეორე ოპერაციაზე შეეყვანათ, მაგრამ ვერ მოასწრეს, გული გაუჩერდა. აპარატის საშუალებით რამდენიმე საათი კიდევ იცოცხლა და მერე ყველაფერი დასრულდა. როგორც ექიმებმა ამიხსნეს, ასეთი გართულება შეიძლება, ძალიან უმნიშვნელო ოპერაციის შემდეგაც მომხდარიყო.

გაგა ათი დღე არ დავკრძალე. საერთოდ არ მინდოდა მისი დაკრძალვა. მისი გარდაცვალებიდან სამი დღე იყო გასული, როცა დამესიზმრა. მოვიდა და მითხრა: მანანა, იცოდე, რომ ორსულად ხარ, ბიჭი გეყოლებაო.

ვერ მოვყევი, ვიცოდი, რომ ყველა გიჟად ჩამთვლიდა. გასვენების მეორე დღესვე ექიმთან წავედი ექოს გადასაღებად. აღმოჩნდა, რომ ორი კვირის ორსული ვიყავი.

მამაოსთან წავედი. მითხრა, ძალიან პატარა ხარ ასეთი ტკივილისთვის, მეუღლე გარდაგეცვალა, შვილით დარჩი რთულ მდგომარეობაში და შეიძლება, ბევრმა გითხრას, ეს ბავშვი არ გააჩინოო, მაგრამ არავის დაუჯერო, აუცილებლად გააჩინე და ნახავ, როგორ დაემსგავსება მამას, იფიქრებ, რომ ქმარი გაგიცოცხლდაო. მართლა ასე მოხდა. სერიოზული ომი გადავიტანე. პატარა ვიყავი, ერთი შვილი მყავდა, ქმარი დავკარგე და ყველა მირჩევდა, მეორე შვილი არ გამეჩინა, თუმცა, ვერ გადამაფიქრებინეს. ასე გაჩნდა გაგუნა და მან ყველა ტკივილი გამიქრო. სანამ პატარა იყო, მე მგავდა და ცოტა გული მწყდებოდა, მინდოდა, მამას დამსგავსებოდა. ახლა მართლა საოცრად ჰგავს მამას. მას მამის სახელი – გაგა დავარქვი. მე და ჩემი მეუღლე 24 საათი ერთად ვიყავით და სულ გაგა მეკერა პირზე. მერე, როცა ვეღარ ვეძახდი, ძალიან მიჭირდა და ცხრა თვის შემდეგ, გაგუნა, რომ დაიბადა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ახლა ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს და მათით ვცხოვრობ.

გაგუნას დაბადების და ჩემი მეუღლის გარდაცვალების საათიც კი ემთხვევა. ის დაიბადა იმავე წლის ბოლო დღეს, როცა მამამისი გარდაიცვალა. მამაომ ამიხსნა, წავიდა და დაბრუნდაო და მეც ასე მჯეროდა. ახლა დიდი დრო გავიდა და სიმართლე რომ ვთქვა, აღარც ვფიქრობ წარსულზე. 6-7 წელი სულ მასზე ვლაპარაკობდი, გაუთავებლად, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სადღაც უნდა შევჩერებულიყავი, ასე არ შეიძლებოდა.

– ამის შემდეგაც გაუფრთხილებიხართ სიზმარში?

– გაგას ნაჩუქარ მედალიონს სულ თან ვატარებდი. ოქროს მასიური ჯაჭვი და კულონი იყო. ერთხელ სიზმარში მომხსნა ეს მედალიონი და მითხრა, შეინახეო. არასდროს ვიხსნიდი, მაგრამ რომ გამეღვიძა, ინსტინქტურად მოვიხსენი და თხელი ყელსაბამი გავიკეთე. იმ დღეს, პოლიკლინიკაში ბავშვი წავიყვანე ასაცრელად და უკან რომ ვბრუნდებოდით, უცებ ვიღაც დამეტაკა, ყელში მწვდა, ეს ყელსაბამი ჩამომგლიჯა და გაიქცა.

სანამ გაგუნა გაჩნდებოდა, მეუღლე აბსოლუტურად ყოველ დღე მესიზმრებოდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ, მხოლოდ მაშინ მესიზმრება, როცა რაღაცის შესახებ უნდა ჩემი გაფრთხილება. მისი გაფრთხილებების გათვალისწინებით მართლა ამიცილებია საფრთხე თავიდან. ყოველდღე რომ მესიზმრებოდა, ძალიან რთული იყო. რომ ვიღვიძებდი, ვერ ვიგებდი, რომელი იყო სიზმარი და რომელი რეალობა.

– ალბათ, რთულია, არ გაითვალისწინო და ყურადღება არ მიაქციო.

– ერთხელ მესიზმრა ბათუმში, სანაპიროზე ვიყავი და ცუნამი მოვარდა. ყველანი გავრბოდით. მეორე საღამოს ძალიან დიდი მიწისძვრა მოხდა. არ არსებობს სიზმარში რამე მნიშვნელოვანი ვნახო და ისე არ მოხდეს. ერთხელ ჩემი მეზობლების ქორწილი მესიზმრა. რაღაც არასასიამოვნოდ გამეღვიძა, ვიგრძენი, რომ ცუდის მანიშნებელი სიზმარი იყო. ვიფიქრე, დავურეკავ და გავაფრთხილებ მაინც-მეთქი, მაგრამ გადამვარდა გონებიდან. საღამოს გავიგე, რომ ეს ბიჭი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.

მხოლოდ ცუდი ამბები არ მესიზმრება. ერთხელ მესიზმრა, რომ რუსთაველის თეატრში მივედი ქასთინგზე და ამიყვანეს. წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩემი სიზმარი ერთი-ერთში ახდა. თუმცა, ძირითადად, ძალიან მალე მიხდება ხოლმე.

რაღაც მომენტში, შემეშინდა ჩემი სიზმრების და საერთოდ არ ვყვებოდი. სულ მგონია, რომ როგორც კი მნიშვნელობას ანიჭებ, მერე ხდება. ერთი სიზმარი მაქვს საკუთარ თავზე ნანახი და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მჯერა მისი. გარდაცვლილი ბებია მესიზმრა, სუდარა გადაიხადა და ერთი ქალის სახელი მითხრა, ის რომ მოკვდება, შენი ენა წამოიღოსო. მამაომ როგორც მითხრა, ენაში სული იგულისხმება, მაგრამ თან ძალიან დამამშვიდა, სიზმრებს ნუ დაუჯერებო. ეს ჩემთვის ძალიან რთულია. სახელით, რომელიც ბებიამ იმ სიზმარში მითხრა, ის სულ სამ ადამიანს იცნობდა. აქედან ორი უკვე გარდაიცვალა. მესამე ცოცხალია, მაგრამ ღრმად მოხუცებული. ამიტომ გულის სიღრმეში შიში მაქვს (იცინის).

ერთხელ მესიზმრა, სოფელში ვიყავით. უცებ კივილ-წივილი ატყდა, ხალხი ასკდებოდა აქეთ-იქით. საიდანღაც ტალღები ურტყამდა, მაგრამ ჩვენამდე ვერ აღწევდა. უცებ ვხედავ, გაგუნა მორბის, ტალღა უახლოვდება, თავთან ურტყამს და აბარბაცებს, მაგრამ გაგუნა ასწრებს სახლში შემორბენას. გაგუნას და მის მეგობრებს ახალი აღებული ჰქონდათ მართვის მოწმობა და ამ სიზმრიდან სადღაც ერთი კვირის შემდეგ, მანქანით სეირნობდნენ თბილისის ზღვისკენ ერთ-ერთის ბაბუის მანქანით. ხუთნი იყვნენ, გზიდან გადაცვივდნენ, ბუჩქებში ჩავარდნენ, ცხვირით ხეს შეასკდნენ და აბსოლუტურად ყველა უვნებელი გადარჩა. ასეთ ნიშნებს რომ ხედავ, როგორ გინდა, ყურადღება არ მიაქციო.

– მანამდე ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას სიზმრებსო, თქვით, მერე არ დაფიქრებულხართ, მათგანაც ხომ არ აგიხდათ რამე?

– ჩემს თანაკლასელებს თუ შეეკითხებით, გეტყვიან, რომ მე ყოველთვის ვამბობდი, ზუსტად ვიცი, რომ გავთხოვდები, დავქვრივდები-მეთქი. ეს არც სიზმარი იყო, არც ხილვა. უბრალოდ, გაუცნობიერებლად ვამბობდი და ვიცინოდით ხოლმე ამაზე. მერე, როცა ეს მოხდა, ჩემი სიტყვები გამახსენეს. ამის შემდეგ სულ ვცდილობ, სიტყვები ასე დაუფიქრებლად აღარ წარმოვთქვა.

– ვინმეს ჰქონია მსგავსი შეგრძნებები თქვენს გარემოცვაში?

– ერთადერთხელ, ბებიას თავისმა დიდმა ბებიამ, გარდაცვლილმა ქალმა, სიზმარში ასწავლა წამლის მომზადება, რომელიც ბოტკინს კურნავდა. მართლაც, ბებია ისეთ ბოტკინის წამალს აკეთებდა, მისი მიღების შემდეგ, სამ დღეში ადამიანი ფეხზე იდგა. რომ გააკეთებდა, თითო ჭიქას შვილიშვილებსაც დაგვალევინებდა და გვეტყოდა, თქვენ სულ ბოტკინიანებში რომ ჩაგაგდონ, არ გადაგედებათო. მართლაც, გვქონია შეხება, მაგრამ ჩვენს საახლობლოში ეს დაავადება არავის შეხვედრია. დიდ ბებიას ბებიასთვის სიზმარში ისიც უთქვამს, რომ მარტო ერთისთვის უნდა ესწავლებინა ამ წამლის რეცეპტი, მაგრამ ბებია ისე გარდაიცვალა, ვერ მოასწრო. არადა, საავადმყოფოებში რომ ვერ შველიდნენ ხალხს, ბებია კურნავდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა მასთან დახმარების სათხოვნელად და ყველას ეხმარებოდა.

 

 

წყარო: თბილისელები

Cesko