9 დღე უდედოდ – ფსიქიატრების საშინელი დღიური და ცოცხალი ექსპერიმენტი

May 31, 07:04
0
1618

18 თვის ბიჭუნას თავგადასავალი გულს შეგიძრავთ დედა-შვილობის გრძნობა რომ უძლიერესია, ამაზე თითქოს არავინ კამათობს, მაგრამ მაინც მეცნიერებს არაერთი კვლევა აქვთ ჩატარებული დედისა და შვილის ურთიერთმიჯაჭვულობის ძალაზე. ცნობილმა ფსიქოანალიტიკოსებმა ჯეიმს და ჯოის რობერტსონებმა კი ცოცხალ და რეალურ მაგალითზე მთელ მსოფლიოს უჩვენეს, რა საშინელებაა უდედოდ დარჩენილი ბავშვის ყოფა. მათ ბავშვთა სახლში ჩაბარებული ბავშვის დედასთან განშორების განცდები ვიდეოკამერაზე დააფიქსირეს. რობერტსონები პირველივე დღიდან პატარა ჯონის სულიერი მდგომარეობის ცვლილებას კამერით იღებდნენ. 18 თვის ჯონის ისტორია, რომელიც მშობლებმა ბავშვთა სახლში მიაბარეს, მალე მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჯონის ვიდეოდღიურით რობერტსონებმა დოკუმენტური ფილმი შექმნეს და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. შეუძლებელია, ფსიქოანალიტიკოსების ამ დაკვირვების დღიურმა გულგრილი დაგტოვოთ. ეს ბავშვური ტრაგედიაა, რომელიც ძალიან ჩუმად და შეუმჩნევლად ყველას თვალწინ ვითარდება.

 

ჯონის შესანიშნავი დედა ჰყავდა. ძლიან უყვარდა შვილი და თბილი ურთიერთობაც ჰქონდათ. ჯონის ერთი დღეც არ გაუტარებია დედის გარეშე, მაგრამ მალე დედას მეორე შვილი უნდა გასჩენოდა. მშობლებმა, სანამ დედა სამშობიაროში იქნებოდა, გადაწყვიტეს ბიჭუნა რამდენიმე დღით ბავშვთა სახლში მიებარებინათ. მართლაც, როცა დედას ტკივილები დაეწყო, მშობლებმა ბავშვი ღამით ბავშვთა სახლში მიიყვანეს. მათი წასვლისას ჯონი მწარედ ატირდა, მაგრამ მალე მალევე ჩაეძინა.

მას ამ სახლში 9 დღის გატარება მოუწევს. ამ დღეების განმავლობაში ჯონ რობერტსონი მას ვიდეოკამერით აკვირდება და აფიქსირებს, რა ემართება უდედ-მამამოდ დარჩენილ ბავშვს.

 

პირველი დღე

დილით ჯონმა უცხო ბავშვების გარემოცვაში გაიღვიძა. ამ ბავშვებისთვის ეს უკვე ჩვეული გარემოა, იციან თავის დაცვაც და ისიც, თუ როგორ მიაღწიონ თავისას. ბავშვებს სულ სხავადსხვა მედდა უვლის, პატარები გამუდმებულ ხმაურში ყოფნას მიჩვეულები არიან. იქაურობა ჯონის სახლს არაფრით არ ჰგავს. ბიჭუნა სათამაშოებით თამაშობს, თუმცა ბავშვებს არ ეკონტაქტება. ყველაზე მეტად მედდა მერი მოსწონს და სულ მის გვერდით ყოფნა უნდა. დათუნიაც კი მიუტანა, რომ მისთვის ყურადღება მიექცია, მაგრამ მერის სახვა ბავშვებიც ჰყავს მოსავლელი.

ბიჭუნა გამუდმებით კარისკენ მიდის, აკაკუნებს, ხელს იქნევს დამშვიდობების ნიშნად. სადილი ჭამა, თუმცა მაგიდასთან გამუდმებული ხმაურისა და არეულობის გამო რამდენჯერმე თვალები დახუჭა და ყურებზე ხელები აიფარა.

მედდა მერი წავიდა, ჯონს გული დაწყდა, სამაგიეროდ მამა მოვიდა. ბიჭმა მას მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გაუღიმა. მამის წასვლა არ გაუპროტესტებია, მშვიდად დაუბრუნდა თავის საქმეებს.

ცოტა ხანში ვიღაც პატარა გოგო მივიდა და სათამაშო წაართვა. ჯონს აგრესიულ ბავშვებთან საქმე არასოდეს ჰქონია და დაბნეულია, არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, რომ სათამაშო დაიბრუნოს.

ისევ კართან მიდის და ხელისგულით აკაკუნებს. ამჯერად მას მედდა კრისტენი ამშვიდებს, ეთამაშება, თუმცა ღამით უკვე სულ სხვა მედდა აბანავებს. ეს უკვე მეოთხე მედდაა დღეს. დღის განმავლობაში ბიჭუნას სტრესის ნიშნები არ გამოუვლენია. კარგად ეწყობა ძიძებს, დამალობანას ეთამაშება და იძინებს.

 

მეორე დღე

ჯონი ან მარტოა, ან მედდის გვერდით ზის. ელოდება, როდის მოიცლის მასთან სათამაშოდ. ძიძები კი მეტ დროს უფრო მომთხოვნ ბავშვებს უთმობენ. წყნარი ბავშვები კი საკუთარი თავის ანაბარად რჩებიან. ჯონს მედდა მერის ყურადღება უნდა, მაგრამ მას ვერა და ვერ ამჩნევენ.

ამიტომ ჯონი ახლა ჯოის რობერტსონს უახლოვდება და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. სამწუხაროდ, ჯოისს დამკვირვებლის როლი აქვს და ამიტომ თითქოს ვერ ამჩნევს ბიჭუნას სურვილს.

მამა მოვიდა. ამჯერად წასვლისას უკან გაეკიდა. ყვირის და წინააღმდეგობას უწევს მერის, რომელიც ცდილობს კარს მოაშოროს. ჯონის ეს ქცევა მეტისმეტად კონტრასტულია მის ჩვეულებრივ წყნარ ქცევასთან. თუმცა მალე დაწყნარდა მერის ხელებში და თამაშიც გაუბა. მერის კი სხვა ბავშვები ჰყავს მისახედი და მიდის.

 

მესამე დღე

დილიდანვე ჯონი ძალიან ცუდ ხასიათზეა. წარამარა ზურგს აქცევს ყველას და სათამაშოებით თამაშობს. ჯგუფში ისევ ახალი მედდაა. ჯონი ამაოდ ცდილობს მისი ყურადღების მიპყრობას, შემდეგ კი მიდის ვინმეს მოსაძებნად, ვინც მიეფერება და იზრუნებს მასზე. დიდ დათუნიას მიადგა, მოიეხვია და ცდილობს, მის ცხვირს ტუჩებით მისწვდეს. ბავშვში უკვე დაბნეულობა და პანიკა იღვიძებს. იწყებს თითის წოვას და თავის ახალ მეგობარს ეხუტება. ბავშვებს არ ეკონტაქტება, მარტოა და მოწყენილი. მხოლოდ მამასთან ხდება ცოტა ხნით ძველებურად მხიარული და საყვარელი ბავშვი.

mshoblebi

მეოთხე დღე

მედდა მერი ისევ მორიგეა. ღამით ჯონი ავად გახდა, მაგრამ ექიმმა საშიშროება გამორიცხა. ბიჭუნა ისე მერის ყურადღების მიქცევას ცდილობს, მაგრამ სხვა ბავშვებს კვლავ ვერ უწევს კონკურენციას. ამიტომაც უფროდაუფრო მეტად ეხუტება თავის პლუშის დათუნიას.

სადილის დროს ჯონი ხმამაღლა ატირდა. ჭამაზე უარი თქვა. მისი ქცევა არც სუფრიდან ადგომის შემდეგ შეცვლილა. ისევ მერისკენ მიიწევს და უკვე ძველებურად წყნარი ბავშვის აღარაფერი სცხია. რაც უფრო ხმამაღლა გამოხატავს რომ უბედურია, მით უფრო აღწევს საწადელს. როგორც იქნა, მერიმ მუხლებზე დაისვა. ბიჭუნა გაისუსა, თავისი დათუნიაც მიიხუტა, თუმცა სხვა ბავშვების მიმართ რეაქციას არ გამოხატავს. მერის წასვლის დრო მოვიდა. სასოწარკვეთილი ბიჭუნა დათუნიას ზემოდან დააწვა, ჩაეხუტა და ხმამაღლა ატირდა. მერი დაბრუნდა, მერე ისევ წავიდა… ისევ ბრძოლა მისი ყურადღებისთვის, მაგრამ მედდას ბევრი საქმე აქვს. ბიჭი ისევ თავის დამკვირვებელს, ჯოისს მიადგა. მისგანაც ვერ მიიღო სასურველი ყურადღება. ბოლოს კუთხეში დაჯდა მარტო. არც საუზმე უჭამია, არც სადილი. ვახშამზეც უარი თქვა და ძილის წინ ძლიერად იტირა. ის უკვე ვეღარ უმკლავდება თავის დარდს.

mshoblebi

მეხუთე დღე

მერი უკვე შეშფოთდა – ჯონის დარდი მეტისმეტად გამოხატულია. ბევრი ბავშვის გამო იმდენ ყურადღებას ვერ უთმობს, რამდენიც ბიჭს სჭირდება. ჯონი მაინც არ ნებდება და ცდილობს მის გვერდით დაიკავოს ადგილი თავის დათვთან ერთად. თუ ამას მიაღწია, წყნარდება. ისევ თითს წოვს, დათუნიას თავზე იფარებს და იმალება.

უკვე თამაშზეც უარს ამბობს. მას დამშვიდება სჭირდება და არა თამაში.

მერის ყურადღება რომ ვერ მიიპყრო, ბიჭი იატაკზე დაწვა და დათვი ზედ დაიფარა. ძალიან უჭირს. თუმცა მისი დარდი ბავშვთა ხმაურიან ჯგუფში ისევ შეუმჩნეველი გახდა.

ჯონი კართან ზის და დაბნეული იცქირება. ბავშვები უახლოვდებიან, ანჯღრევენ, სახეშიც უტყაპუნებენ, მაგრამ ბიჭი არ რეაგირებს. ისევ ვეღარ ერევა დარდს და ხმამაღლა ტირილს იწყებს. მხოლოდ ახლა უთმობს მერი ყურადღებას. სამაგიეროდ, ბავშვი დიდხანს ვეღარ მშვიდდება. აშკარაა, რომ მერის მიმართ თბილი დამოკიდებულება გაუჩნდა, მაგრამ გარემო მათ ურთიერთობას ხელს უშლის. როცა მერი ტოვებს, ბიჭი ისევ დარდობს. დღის ბოლოს მისმა მდგომნარეობამ მერის ისევ გადაადებინა საქმეები გვერდზე, მაგრამ უკვე ბიჭი მის ხელშიც ვეღარ ისვენებს. თითს წოვს და ერთ წერტილს მიშტერებია.

mshoblebi

მეექვსე დღე

ჯონი ისევ მედდას დაჰყვება, დათუნიაც ხელში აქვს. ძიძა კვლავ ვერ აფასებს ბავშვის მდგომარეობის სიმძიმეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი განუწყვეტლივ ტირის. თან სულ კარისკენ მიიწევს. ძიძას ეცოდება, მაგრამ ყოველდღიური რუტინა საკმარის დროს არ აძლევს.

ჯონი პროტესტს იწყებს: ტირის, ყვირის, ყველაფერის აქეთ-იქეთ ისვრის. შემდეგ თავის პლედს იღებს, რომელიც სახლიდან აქვს წამოღებული და კუთხეში მიდის. საჭმელზე კატეგორიულ უარს აცხადებს, მისი გამოკვების ყველა მცდელობა მარცხით სრულდება. მხოლოდ მამის ვიზიტი გამოაცოცხლებს და სახლში დაბრუნდების იმედს უღვიძებს. სახე უმშვიდდება, ხელით კარისკენ უჩვენებს და მამიკოსთან თავისი ბათინკები მიაქვს. მაგრამ მამა გაუნძრევლად დგას. ამიტომ ჯონი ისევ ხმამაღალ ტირილს იწყებს. მამის ფეხებთან წვება და თითის წოვას იწყებს. შემდეგ მერისთან მიდის. მამას აღარ ეკარება. მისი წასვლის შემდეგაც მერისთან რჩება, მაგრამ საღამოს ძიძას უკვე საქმე აქვს. ლოგინში ჩამჯდარი ჯონი თვალს ადევნებს მას, ელოდება, როდის მოიცლის მისთვის, სუსტი ხმით ეძახის… შემდეგ სასოწარკვეთილი და უბედური ბიჭუნა ისევ ტირილს იწყებს, მწარედ და უნუგეშოდ.

mshoblebi

მეშვიდე დღე

ჯონს თამაში არ უნდა, არც საჭმელს ჭამს. არავინაა, ვინც სითბოს და ყურადღებას გამოავლენს მის მიმართ. შუა ჯგუფში იატაკზე წევს. სადილზე თეფში მაგიდიდან გადმოაგდო და სუფრა მიატოვა. რამდენჯერმე ჯოისის ყურადღების მიქცევა სცადა. ხელით შეეხო, მუხლებზეც კი ააცოცდა გაუნძრევლამ მდგომ დეიდას. მაგრამ ის არ ეფერება, თითქოს ვერ ამჩნევს… ამიტომ ტირის, ტირის და ტირის…

დღე ტირილში მიილია. უკვე დასუსტებული ბავშვს იმის თავიც აღარ აქვს, მედდების ყურადღების მიქცევას რომ ეცადოს., აღარც ინტერესი აქვს, იცის, რომ მათგან მაინც ვერ მიიღებს საკმარის ალერსს, ამიტომ ისევ თავის დათუნიას ეხუტება და ზემოდან სახლიდან წამოღებულ პლედს იფარებს. წევს იტაკზე, სახეზე ხელები აუფარებია და ტირის.

საღამოს მერის მორიგეობაა. ჯონის არაფრის ძალა და სურვილი აღარ აქვს. უკვე პროტესტის გარეშე წვება საწოლში. დიდხანს წოვს თითს და გვიან ეძინება.

mshoblebi

მერვე დღე

ჯონი აპათიაშია. დათუნიაზე წევს, ბავშვების საქციელზე არ რეაგირებს. ზოგჯერ დგება და ძიძას უდებს კალთაში თავს, მერე ისევ დათუნიაზე წვება. ტირილისა და უჭმელობისგან ძალიან დასუსტებულია. ძიძები იცვლებიან, მაგრამ ჯონისთვის უკვე სულ ერთია. აღარაფერს აქცევს ყურადღებას, თითს წოვს და როგორც კი რომელიმე ბავშვი მიუახლოვდება, ტირილს იწყებს. აღარვის იკარებს.

უკვე ჩვევად ექცა სახეზე ხელების აფარება და იატაკზე წოლა. მერის ხელშიც ვეღარ მშვიდდება. დიდხანს, დიდხანს ზის პატარა სკამზე. ხელში პლედი აქვს ჩაბღუჯული, რომელიც ერთადერთი ნივთია, რაც სახლიდან შემორჩა. უკვე კარის გაღებაზეც აღარ აქვს რეაქცია.

მშიერია. მაგიდასთან ზის, მაგრამ იმდენად დარდობს, რომ ვერც ჭამს. მამა მოვიდა და ცდილობს, ჯონს აჭამოს. თუმცა მის მოსვლას ჯონის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეუცვლია. ბავშვი პურის ნაჭერს იღებს, მაგრამ გულამომჯდარი ტირილის გამო ლუკმის მოკბეჩასაც ვერ ახერხებს. დიდხანს ტირის მამის ხელებში, მერე წყნარდება, მაგრამ განშორებისას ისევ ტირის. ჯოისი უკვე თავადაც ცდილობს ბავშვის დამშვიდებას, მერე ძიძა კრისტენი, მერი… მაგრამ მათი მცდელობა ამაოა. ბოლოსდაბოლოს დაწყნარდა. თავის დათუნია ოთახის ყველაზე შორ კუთხეში წაათრია, გვერდით მიუწვა და თითის წოვა დაიწყო, მორჩა, სამყაროს საერთოდ გამოეთიშა.

მეცხრე დღე

დილიდან ტირის. უკვე ათი საათია და მალე დედა უნდა მოვიდეს… აი, შემოვიდა კიდეც. წესით ბიჭუნას სიხარულით უნდა გაბრწყინებოდა სახე, მაგრამ ასე არ მოხდა. დედის დანახვაზე ჯონი უფრო მიეკრა ძიძას და ძლიერ, ძალიან ძლიერ ატირდა. დედის გამოწვდილ ხელებს იშორება. დედა დაღონდა, ცდილობს რაღაც უთხრას შვილს, ბიჭი კი ზურგს აქცევს და ისტერიკულად ტირის. ძიძის მხარზე უდევს თავი და დრო და დრო შეხედავს დედას. მერე ისევ პირს იბრუნებს. აშკარად, არ აქვს სურვილი, რომ დედას უყუროს.

დედამ მაინც აიყვანა. ჯონი გაჩუმდა და თითის წოვა დაიწყო, თუმცა დედისთვის არ შეუხედავს. ერთ წუთში ისევ ჯოისთან ბრუნდება, თან ძლიერად ტირის. დედას ახლოსაც აღარ იკარებს და გამწარებული თითს წოვს. დედას ისევ აჰყავს ხელში, ბავშვიც ბოლოსდაბოლოს ჩუმდება, ეკვრის და თითს წოვს, მაგრამ ეს ის სტრესული ქცევაა, როგორსაც ბოლო დღეებში მედდებთან ავლენდა.

მამა მოვიდა. ჯონი ისევ გაუსხლტა დედას და მამასთან მივიდა. მისი ხელებში მყოფმა ჯონმა პირველად შეხედა დედას… ქალს შვილის ასეთი მზერა არასოდეს უნახავს. მიხვდა, რომ ამ 9 დღეში ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ადვილად ვეღარ გამოასწორებდა.

დამკვირვებელმა ფსიქოანალიტიკოსებმაც გააკეთერს თავიანთი დასკვნა. მათი შეფასებით, ჯონი ისეთი ვეღარასოდეს იქნება, როგორიც ბავშვთა სახლში მიყვანამდე იყო. რაღაც ძლიერი დაიმსხვრა მის სულში. ეს სულიერი ტრავმა მას მთელი ცხოვრება თან გაჰყვება…

ამ კვლევის სამიზნე ის ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ პატარა ბავშვს ბევრი არაფერი ესმის. რომ მისი დატოვება ნებიემიერ წუთს ყველასთან შეიძლება, ვინც აჭმევს, ასმევს, გამოუცვლის და დააძინებს. ეს ალბათ ბაგის ასაკის ბავშვებსაც ეხებათ. მართალია რამდენიმე საათით, მაგრამ მათთვის მაინც ძალიან ტრავმულის დედასთან განშორება. წლინახევრის ჯონის მაგალითმა დაადასტურა, რომ ფიზიკური მოვლა ბავშვს დედის მოთხოვნილებას ვერ დაუკმაყოფილებს და მისი ფსიქიკური წონასწორობისთვის საკმარისი არის. ამიტომ ნუ დატოვებთ დიდი ხნით თქვენს საყვარელ პატარა შვილებს. მათი სულიერი ტანჯვა ხშირად არ ჩანს, მაგრამ მათ ცნობიერებაში დიდ კვალს ტოვებს და შედეგს ყველაზე მეტად თავად თქვენ იწვნევთ.

წყარო: mshoblebi.ge

Cesko