ვინ არის რობინ დანიგენი, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას დაიკავებს – ბიოგრაფია

0
2472
20 Views

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის კანდიდატურა წარადგინა.

დანიგენი ელჩის თანამდებობაზე პირველად დაინიშნება, თუმცა მას რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის საელჩოში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ბიოგრაფია

რობინ დანიგენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე იგი მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ და მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე.

დანიგენი, ასევე, მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.

დანიგენი არის აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯის წარჩინებული კურსდამთავრებული, სადაც მან მიიღო მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. მან ასევე მიიღო მეცნიერების მაგისტრის ხარისხი საგარეო ურთიერთობებში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და მეცნიერების ბაკალავრის წოდება ბიზნესის ადმინისტრირებაში ბერკლის უნივერსიტეტში.

საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.

კავშირი პოსტსაბჭოთა სივრცესთან 

მიუხედავად იმისა, რომ დანიგენის კარიერა ძირითადად ლათინურ ამერიკასთან, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიასთან არის დაკავშირებული, იგი რამდენიმე წელია, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხებში აქტიურად არის ჩართული.

დანიგენი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას შეეწინააღმდეგა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს ევროპისთვის ენერგორესურსები უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეწოდებინა.

გარდა ამისა, ამერიკელი დიპლომატი ჯერ კიდევ 2017 წელს აქტიურად უჭერდა მხარს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მშენებლობას, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის, რომლის მიზანიც რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაა. ამ პროექტის მხარდაჭერის მიზნით, იგი პირადად შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აშშ-ის მთავრობისგან პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

ასევე, დანიგენმა 2021 წელს შეხვედრა გამართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან, სადაც მათ მოლდოვა-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის მოლდოვაში აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროგრამები განიხილეს.

შეხვედრისას სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვა მზად არის გააღრმაოს სტრატეგიული დიალოგი აშშ-სთან, რომელიც კიშინიოვისთვის ერთ-ერთ მთავარი პარტნიორია.

დანიგენი აქტიურად არის ჩართული ბელარუსის საკითხშიც და აშშ-ის მთავრობასთან ერთად ღიად უჭერს მხარს ოპოზიციონერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას, რომელსაც სულ ახლახან, მიმდინარე წლის 30 იანვარს შეხვდა.

შეხვედრა ვილნიუსში, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ოფისში გაიმართა. ბელარუსმა ოპოზიციონერმა პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე, ციხეების მდგომარეობაზე, ბოლო პროცესებზე, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნაზე ისაუბრა.

დანიგენმა განაცხადა, რომ აშშ ბელარუსის დემოკრატიულ მოძრაობასთან თანამშრომლობისთვის მალე სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სვეტლანა ტიხანოვსკაიას შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში.

უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში

რობინ დანიგენი ომის პირველი დღეებიდანვე უკრაინას მხარს აქტიურად უჭერს.

ჯერ კიდევ ომამდე ამერიკელი დიპლომატი აცხადებდა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ უკრაინასა და მის უსაფრთხოებას დიდ საფრთხეს უქმნიდა.

დანიგენი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვები მოსკოვზე დიდ ზეწოლას ახდენს და მის შედეგებს უახლოეს წლებში ვიხილავთ.

ამერიკელი დიპლომატი გასულ წელს პირადად შეხვდა უკრაინის შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, დენის მონასტირსკის, სადაც მხარეებმა მიმდინარე გამოწვევებისა და ახალი საფრთხეების გაჩენის კონტექსტში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების შესახებ ისაუბრეს.

ასევე დანიგენი იყო აშშ-ის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის და უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილეც.

გარდა ამისა, დანიგენი უკრაინის ნატოში ინტეგრაციის მომხრეა და ამბობს, რომ ვაშინგტონი „ღია კარის“ პოლიტიკას ატარებს.

ცნობისთვის, რობინ დანიგენი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლის იანვრიდანაა.

Cesko