გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში 34 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გოჩა ჯერენაშვილს ბავშვობის მეგობარი ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლით ადგილზე მოკლა. ასევე ცნობილი ხდება, რომ მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მოჭიდავე იყო და სხვადასხვა მიღწევებიც ჰქონდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, სოფელ მარტყოფში ამ ეტაპზე, არ იციან. როგორც ადგილობრივები ყვებიან, წარსულში მოკლულს და ბრალდებულს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ.
“არაფერი კონფლიქტი არ ჰქონიათ… სპორტსმენი იყო, საქართველოს ჩემპიონი იყო, თუმცა ამ ეტაპზე უმუშევარი იყო. ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს, რომ მივედით, გარდაცვლილი იყო უკვე, ვერ გადავარჩინეთ”.
“ჩემს ხელში გაიზარდნენ ორივე, ნათესავებიც იყვნენ, როგორც ვიცი. რა გახდა მიზეზი, ეს არ ვიცი”, – ყვებიან ადგილობრივები “ტვ პირველთან” საუბრისას.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.