“საქართველოს წინააღმდეგ ტოტალურ შემოტევაში აქტიურად ჩაება…საქართველოს პრეზიდენტი”

January 28, 11:41
0
771

საქართველოს წინააღმდეგ ტოტალურ შემოტევაში აქტიურად ჩაება…საქართველოს პრეზიდენტი. ქალბატონმა სალომემ უსიტყვოდ გაიზიარა უკრაინის ხელისუფლების დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი ბრალდებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არღვევს რუსეთის ნინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მან საქართველოს მხარისგან მოითხოვა, მტკიცებულებებით გაექარწყლებინათ არ ჩადენილი დანაშაული, – ამის შესახებ Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს

„ერთი შეხედვით, ეს ყოველივე შეიძლება საქმეში ჩაუხედავის უცოდინარობად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ კარგად მივადევნებთ თვალს “მადამ პრეზიდენტის” “მოღვაწეობას” შესაძლებელია მის ქმედებებში, ქვეყნის წინააღმდეგ, დანაშაულებრივად მოქმედების ნიშნებიც ამოვიკითხოთ.. ნუთუ ამ „ევროპულად განსწავლულმა მადამ პრეზიდენტმა“ არ იცის, რომ მტკიცებულებების წარმოდგენა იმ მხარეს მოეთხოვება, ვინც ბრალს უყენებს მეორეს დანაშაულებრივ ქმედებაში და არა ბრალდებულს?

რა თქმა უნდა იცის. და თუ იცის, მაშინ რით აიხსნება ეს ყოველივე? “მადამ პრეზიდენტმა” ასევე იცის, რომ მისი საქმიანობა, ფინანსდება ბიუჯეტიდან. მიზნობრიობა დაფინანსებისა განსაზღვრულია კანონით, რომელსაც ქალბატონი სალომე საკმაოდ ხშირად არღვევს, ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ.

ქვეყნის წინააღმდეგ გავრცელებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, ჩვენს პრეზიდენტს, არც ერთი ცილისმწამებლისგან არ მოუთხოვია მტკიცებულება არც სიტყვიერად, არც წერილობით.

საკუთარი ქვეყნისგან კი საჯაროდ მოითხოვს, დაუსაბუთებელი ბრალდებების დასაბუთებულად გაბათილებას. არ ვიცით საგამოძიებო ორგანოები რამდენად დაინტერესდებიან პრეზიდენტის ამგვარი საქმიანობით, მაგრამ ქართველ ხალხს ნამდვილად აინტერესებს, რა დგას პრეზიდენტის ამგვარი ნაბიჯების უკან.

გამოდის, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პრეზიდენტის ინსტიტუტი, გადამხდელების თანხებს ხარჯავს არა ქვეყნის იმიჯის გასაუმჯობედებლად, არამედ მის დასაზიანებლად – არის თუ არა ეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა?

არ არის გამორიცხული, საერთაშორისოდ მიმდინარე პროცესების ფონზე, “მადამ პრეზიდენტი” ჩვენს ბიუჯეტს ახმარდეს „ძლიერთა ამა სოფლისათა“ ინტერესების ლობირებას, საქართველოს ინტერესების იგნორირებით. როდესაც რუსეთიდან, საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციის მოხსნამ და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობამ გაიჟღერა, უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელის კასიანოვის საყვედურები მყისიერად გაისმა, „არ გაბედოთ ფრენების აღდგენა, თორემ საქართველოში მყოფ ლტოლვილებს გავიყვანთ და მსოფლიო მასშტაბით თავს მოგჭრითო“.

მადამ პრეზიდენტმა, თავისი სასახლიდან ბანი მისცა ჩვენი ქვეყნისადმი აგრესიულად განწყობილ „დიპლომატს“ და შესძახა, „მეც ეგრე ვფიქრობ, საქართველოში რუსული თვითმფრინავები არ უნდა გაჭაჭანდეს!“-ო.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქ-ნი სალომე არაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ მიყურადებულია, აბა, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე მათ შეუერთდეს და მსოფლიოს გასაგონად იყვიროს – „ამ ქვეყნის პრეზიდენტი კი მქვია, მაგრამ მუდამ თქვენთან ვარ, მუდამ თქვენი ვარ და არ გეგონოთ მე აქ ქართველების ინტერესებს ვატარებო”.

ასე ხდება ყოველთვის, სულ ერთია, ეს ლიტველი კუბილიუსის და ნაცების სხვა ლობისტების განცხადებები იქნება, უკრაინელი გონჩარენკოსი თუ ამერიკელი კინზინგერის.

სხვა ქვეყნის ინტერესების საკუთარ სამშობლოზე წინ დამყენებელი პოლიტიკოსების მეტი რა გვინახავს ქართველებს, მაგრამ სალომე მათ შორის გამორჩეულია, რადგან ჯერ ერთი, სახელმწიფოს მეთაური ჰქვია და მეორეც, ამ თანამდებობისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს იმის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებებში ხარჯავს, რისი დაცვის მიზნითაც არის განსაზღვრული ეს მნიშვნელოვანი სახსრები.

ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო ხდება კანონის დარღვევით, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი მისი საზღვარგარეთული ვოიაჟები სახელმწიფოს მეთაურის რანგში. დამეთანხმებით, რომ პრეზიდენტის ამგვარი უსაქციელობები არა მხოლოდ ბიუჯეტური ხარჯვის კუთხითაა საინტერესო, არამედ შინაარსობრივადაც…

აღსანიშნავია ის უკმაყოფილებაც, რომელიც მისი ოფისის წინ მოწყობილმა საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიებებმა გამოიწვია და რომელსაც არაადეკვატურად „რუსული ბაზარი“ უწოდა.

შიგადაშიგ უფლებამოსილების გაზრდას და სხვა ქვეყნებში ელჩების დანიშვნის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მოითხოვს!
ბოლო ხანებში არაპირდაპირი ქვეტექსტებით იმის მუქარაც დაიწყო, თუ თავს არ დამანებებთ, შეიძლება მსჯავრდებული სააკაშვილიც შევიწყალოო.

იმ ხალხს კი, ვინც ეს სამართლიანად გააპროტესტა, ზიზღით მიმართა, რას მომივარდით აქ და რატომ დამირღვიეთ ჩემს სასახლეში თბილად მოწყობილი მყუდროება და კომფორტიო. მოკლედ, დროზე თუ არ შეაჩერეს მადამ პრეზიდენტის ანტისახელმწიფოებრივი ვნებები, დარჩენილ წელიწადნახევრიან უფლებამოსილების ვადაში, კიდევ ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ველოდეთ!“ – წერს ნანა კაკაბაძე.

Cesko