ბავშვები მეუბნებიან: მაჩვენე მამას ტანსაცმელებიო, ჰგონია, თუ ისინი გარდერობში იქნება ნიკა დაბრუნდება – ნიკა ქაცარიძის მეუღლე

0
556
29 Views

რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე მისმა მეუღლემ, ნინო ბერიძემ ჟურნალ „თბილისელებს” ინტერვიუ მისცა.

ბერიძე პრესასთან განვლილ ერთ წელზე, ნიკასა და შვილებზე საუბრობს.

“რომ ამბობენ, დრო გავა და ტკივილი განელდებაო, სიმართლე არ ყოფილა. პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია ნიკას გარეშე, მით უფრო დიდ ტკივილს ვგრძნობ გულში. ნიკას გარდაცვალებიდან პირველი პერიოდი შოკში ვიყავი, ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. მერე, როცა ჩვენ გარშემო ხალხი დაიფანტა და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი ნიკას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მე და ჩემს შვილებს ძალიან გვჭირდება მისი გვერდით ყოფნა, შვილებს ძალიან აკლიათ მამა. განსაკუთრებით რთულია ახალი წლის დღეები, 5 იანვრის მოახლოება…

ვცდილობ, შვილებს ეს დანაკარგი შევუმსუბუქო. არ მინდა, მათ ჩემი ცრემლები და ტკივილი დაინახონ. სახე რომ შემეცვლება ხოლმე, მაშინვე მეუბნებიან – დედა, რატომ მოიწყინე, მამა გენატრება? ჩვენც გვენატრება… რაც შემიძლია, ვცდილობ, დავიცვა ისინი ტკივილისგან.

მიჭირს ამ თემაზე მათთან საუბარი. ჯერ ძალიან პატარები არიან და ვერ გაიაზრეს, რა ხდება. თავიდანვე ვუთხარი, რომ მამა ცაში გაფრინდა, მაგრამ ჯერ ვერ აანალიზებენ, ეს რას ნიშნავს. უფროსი ხშირად მეუბნება: აბა, მაჩვენე მამას ტანსაცმელები თუ გვაქვს გარდერობშიო. ალბათ, ფიქრობს, თუ ტანსაცმელი ისევ თავის ადგილას გვაქვს, მამა დაბრუნდება და ამიტომ ხშირად ამოწმებს. მეც არაფერს ვცვლი.

რაც შეეხება ნიკას დედას – ნელი კიდევ უფრო განიცდის ამ ყველაფერს. დედისთვის შვილი ყველაზე დიდი ტკივილია. ისიც გულში იკლავს ბავშვების გამო, მაგრამ მის ჯანმრთელობაზე აისახება ეს განცდები. ნერვიულობაზე შაქარი შეიძინა და არ არის კარგად.

ერთმანეთს ვანუგეშებთ. ვცდილობთ, გავამხნევოთ ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვდის. მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა გვაძლებინებს ამ დარდისთვის. არავინ თქვას, რომ ასეთი ტკივილი დაგავიწყდება ან გაგინელდება. ის სულ შენს გულშია, უბრალოდ, სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას. რამდენ ხანსაც აიტანს შენი ორგანიზმი, რამდენ ხანსაც გასტანს შენი ჯანმრთელობა, იმდენ ხანს ცხოვრობ ამ ტკივილთან ერთად.

გამიგია ქალების შესახებ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ რომ ლოგინად ჩავარდნენ და მათ შვილებს წლები სხვები ზრდიდნენ. ეს ეგოისტობა მგონია. მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ვიფიქრებდი. ვიცოდი, რომ ჩემზე უკეთ ჩემს შვილებს ვერავინ გაზრდიდა და ვცდილობ, მათ გამო მაგრად ვიყო, თავი გავიმხნევო. ჩემს თავს ხშირად ვეუბნები: „მე შვილები მყავს” და ეს მაძლევს ძალას, რომ ფეხზე მყარად ვიდგე”, – აცხადებს მსახიობის მეუღლე.

შეგახსენებთ, ნიკა ქაცარიძე გასულ წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Cesko