„ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყოველ მეორეს ბოლო ან ბოლოსწინა „აიფონი“ რანაირად უჭირავს ხელში? თანაც სელფის გადაღების მეტი რომ არაფერი იცით, ამ ფენომენს რა ჰქვია“ – თეა გვასალია

December 25, 11:30
0
2665

ჟურნალისტი და მთაგრმნელი თეა გვასალია მიმართვას აქვეყნებს და იმ ადამიანებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მხოლოდ ძვირადღირებული ნივთებით იწონებენ თავს.

“რაც უფრო ძვირდება ბენზინი, ქალაქში მანქანების რაოდენობა რომ მატულობს, ერთი ეს ამოცანა ხომ ვერ ამოვხსენი და მეორე: ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყოველ მეორეს ბოლო ან ბოლოსწინა აიფონი რანაირად უჭირავს ხელში.

ერთი პოსტი შემხვდა დღეს „ფეისბუქზე”, ანდროიდის დამტენი დამჭირდაო, ადამიანი წერდა, ოთხი სართული შემოვიარე სამსახურში და ერთი ანდროიდი არავის ჰქონდა წამლად, ყველას აიფონი ედო მაგიდაზეო.

ხმას არ ვიღებ იმ ხალხზე, ვინც მართლა ერკვევა ტელეფონის ყველა ფუნქციაში და მაქსიმალურად იყენებს აიფონის შესაძლებლობებს, მაგრამ უმეტესობას ხომ მისი ტექნიკური მახასიათებლები კი არა, უკან მიხატული, მოკბეჩილი ვაშლი გაინტერესებთ, რაც, თქვენი ღრმა რწმენით, სხვის თვალში რენომეს გმატებთ.

რა ვიცი, მე ასე მგონია, ჩემი საქმე მაშინ იქნება ცუდად, ტელეფონის მეტი თუ არაფერი მექნება თავმოსაწონებელი. ღმერთმა დამიფაროს, ტელეფონით, ჩანთით ან მზის სათვალით შემაფასონ და არა ჩემი თარგმანებით, ესპანური ენის სახელმძღვანელოებით, კარგად გაზრდილი შვილებით და უმაგრესი მოსწავლეებით, რომელთა უმეტესობა ესპანეთის ან ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს ან მუშაობს.

ბოლო ტელეფონი, შვიდას თუ რვაას ლარიანი სამსუნგი ოთხი წლის წინ ვიყიდე და სანამ არ გაფუჭდება, გამოცვლაზე არც ვიფიქრებ. ტელეფონი რისთვისაც მჭირდება: დარეკვა, სოციალური ქსელები, მობაილბანკით სარგებლობა, როცა კომპიუტერთან არ ვარ ესპანეთის ტელევიზიის ყურება და მანქანაში მათივე რადიოს მოსმენა, ჩემი სამსუნგიც საუკეთესოდ ახერხებს და აიფონი ვისი თვალის დასავსებად ვიყიდო? ჩემთვის ნამდვილად არაა პრობლემა აიფონის ყიდვა, უბრალოდ ვთვლი, რომ ტყუილად გადავყრი ფულს. მაგრამ ბანკის ვალს რომ იღებთ, აიფონს ყიდულობთ და ამასთან ტელეფონზე დარეკვისა და სელფის გადაღება-სოცქსელებში ატვირთვის მეტი არაფერი იცით, ამ ფენომენს რა ჰქვია? ფსიქოლოგები როგორ ხსნიან? ამასაც ექნება რაიმე სახელი, უბრალოდ მე არ ვიცი”, – წერს თეა გვასალია.

Cesko