„ჩემ დაბადების დღეს, თამარისთვის მანქანა უნდა გამეგზავნა, მაგრამ უკვე რეანიმაციაში იყო… მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადე“ – ლეო ანთაძე თამარ სხირტლაძეს იხსენებს

0
764
30 Views

ლეო ანთაძეს თავის 90 წლის იუბილეზე, სხვა მეგობრებთან ერთად, თამარ სხირტლაძეც ჰყავდა დაპატიჟებული. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, დაგეგმილი ჰქონდა მისთვის მანქანაც გაეგზავნა. მაგრამ 93 წლის არტისტი უკვე ცუდად იყო.

ლეო ანთაძე: – თამარისთვის, ჩემს დაბადების დღეს, მანქანა უნდა გამეგზავნა, ასე ვიყავით მოლაპარაკებული. მაგრამ ის უკვე ფილტვების ანთებით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მითხრეს, რომ ცუდად იყო…

ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. სულ იქ ვიყავი ის დღეები, მის ოჯახში და ბოლო გზაზე გავაცილე. წავიდა თავის ქმარ-შვილთან…

ძალიან ძლიერი ქალი იყო. ისეთი ტრაგედია გადაიტანა, ერთადერთი შვილი გარდაეცვალა. ამას თუ ადამიანი გადაიტანდა, ვერ წარმომედგინა. ქმარმა ვერ გაუძლო ამ ტრაგედიას. თამარი თეატრშიც თამაშობდა ამის შემდეგ და თან ბოლომდე.

ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, მთელი ჩვენი ცხოვრება ყველგან ერთად გახლდით, შეკრებებზე, კინოშიც. ერთად ვართ გადაღებული ზურაბ მექვაბიშვილის ფილმში “კალმასობა იოანესი.” ასევე სერიალში “ცხელი ძაღლი.”

სხვათა შორის, ჩემი საიუბილეო საღამოს კმაყოფილი ვარ. ჩემმა შვილმა თავის მეგობრებთან ერთად მომიწყო. კონცერტიც გვქონდა. იმღერეს ეკა მამალაძემ, ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, “თეატრალურის კვარტეტმა.” მე და გურამ ჯაშმა ვიმღერეთ დონ კიხოტისა და სანჩო პანსას არია. დამსწრე საზოგადოების კითხვებზე ვპასუხობდი. ცოტა დავლიე. არ მიცეკვია. არ უთხოვიათ, თორემ შეიძლებოდა გავბრიყვებულიყავი და მეცეკვა. ბევრჯერ იყო ჩემი ცეკვა ტელევიზიით ნაჩვენები და ზედმეტი მომივიდოდა.

ახლა გრიპმა მომტეხა და ცოტა სუსტად ვარ, თორემ 90 წელს ჯერ ვერ ვგრძნობ. ძნელია სიბერეო რომ ამბობენ, მე ჯერ ეს არ მიგრძვნია. ფიზიკურადაც ძლიერი აღმოვჩნდი და რაც მთავარია, სულიერადაც.

ერთი დღე მეორეს არ უნდა დაამსგავსო, შენი ცხოვრება საინტერესოდ უნდა წარმართო. ხალისი უნდა გქონდეს ცხოვრების მიმართ. ყველაფერში საინტერესოს უნდა ხედავდე. “ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვიტკირსა.” იმ ცუდ დღეებსაც უნდა გაუძლო, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. მე დღემდე ჩემი პროფესიით ვსულდგმულობ…

 

Cesko