საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია გარდაიცვალა

December 1, 20:17
0
2047

საქართველოს თეატრალური საზოგადოება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა, ერთ დროს ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია 💔🥀😥🎭
საქართველოს თეატრალური საზოგადოება მწუხარებას გამოთქვავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, საქართველოს საზოგადოებას .💔🖤😥🥀🙏🕯

გთავაზობთ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს დამსახურებულ მსახიობთან, რომელიც მან ჟურნალ “სარკეს” მისცა:

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი და რეჟისორი, 78 წლის ნუგზარ შარია, ,,ოსკარის” ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მისმა შვილმა, მსახიობმა ზურაბ შარიამ სოციალური ქსელით ამცნო საქართველოს.

,,რამდენადაც ,,ჟურნალისტებს” პოლიტიკური სკანდალის გარდა აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ამა წლის 5 იანვარს ლოს ანჯელესში, ,,ოსკარების” ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ ფარული კენჭისყრით ნუგზარ შარია აირჩიეს. მისი კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა!

ნოემბერში ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ,,ოსკარების” ჟიურის მიწვევა. თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას! გილოცავ, მამაჩემო!”, – დაწერა ზურაბ შარიამ.

ნუგზარ შარია ამერიკაში გაგანია კომუნისტების ეპოქაში გადაიხვეწა. 1970 წელს ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაში, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო ,,თავისუფალი ევროპისა” და ,,თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო იმავე რადიოარხებზე და ასევე “ამერიკის ხმაში”. რადიოში მუშაობის პარალელურად ნიუ იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.

რამდენიმე წელი გერმანიაში, ქალაქ მიუნხენშიც ცხოვრობდა, სადაც რადიოარხებში მუშაობდა. მალევე გერმანიის სახალხო არტისტი გახდა. მონაწილეობდა ფილმებში და წერდა სცენარებს. საქართველოდან წასვლამდე გადაიღეს ფილმებში – ,,ხევისბერი გოჩა”, ,,პალიასტომი”, ,,აბესალომ და ეთერი”, ,,ენგურის ნაპირებზე”…

ნუგზარ შარია ახალგაზრდობაში ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად ითვლებოდა თბილისში. საქართველოში ორჯერ იქორწინა. მსახიობ ლია გუდაძესთან ქალიშვილი შეეძინა – დარეჯან შარია. მეორედ მალევე იქორწინა ექიმ ირინა ჭილაძეზე და მასთან ბიჭი შეეძინა – ზურაბ შარია, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და დღეს რუსთაველის თეატრის მსახიობია. დარეჯანი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

– მოსკოვში გავემგზავრე უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩასაბარებლად. იქ მითხრეს: ,,თქვენი გარეგნობის კაცი აქ ვერ ისწავლით – რესტორნები, ქალები… სწავლისთვის არ გეცლებათ!”. მე არ დავიხიე, ვუმტკიცებდი, რომ კარგად ვისწავლიდი…

საქართველოში არც რეჟისორად მიმიღეს და არც მსახიობად და რატომ? იმიტომ, რომ მე არ ვიყავი კომუნისტური პარტიის წევრი, არ ვმსახურობდი საბჭოთა ჯარში, შტატში არსად ვყოფილვარ. მხოლოდ ფილმების გადაღების პერიოდში ვიღებდი ხელფასს, ფილმის გადაღება მთავრდებოდა და ხელფასიც აღარ მქონდა.

დამნაშავე იყო კინოსტუდიის იმჟამინდელი დირექტორი, რომელსაც ჩემ მიმართ პირადი მოტივი ჰქონდა. ყველა კარი დამიხურეს, ქუჩაში აღმოვჩნდი, ჩემი სცენარები დაიწუნეს. სხვა გამოსავალი არ მქონდა – ჩემი თავისთვის უნდა მეპატრონა! მერე ერთი ფილმის გადაღებაზე ვმუშაობდი რეჟისორად, მაგრამ, როცა ფილმი დასრულდა, ჩემი სახელი არ ახსენეს. ეს იყო ,,სემირამიდას ბაღები”.

სხვათა შორის, ჩუმად არ წავსულვარ. კინოსტუდიაში დავტოვე ოფიციალური განცხადება: ,,მე, ნუგზარ შარია, ვათავისუფლებ ჩემს სამსახურს კინოფილმში ,,სემირამიდას ბაღები”, ვინაიდან ვტოვებ საქართველოს და სამუდამოდ მივდივარ უცხოეთში, – იხსენებდა წლების შემდეგ ნუგზარ შარია ქართულ პრესაში.

ნუგზარ შარიას მამა 18 წლისას გარდაეცვალა. სულიერ მამად რეჟისორ სიკო დოლიძეს მიიჩნევდა, მის შვილს, თემურს – ალალ ძმად. სიკო დოლიძეც ზრუნავდა შვილობილზე. გრძნობდა, რომ საბჭოთა კავშირში დიდი მომავალი არ ელოდა და 1964 წელს 23 წლის ნუგზარ შარია ჰოლივუდში გაუშვა. მან ჩასვლისთანავე გაიცნო ხალხი, ვისაც ის მომავალში საქმიან ურთიერთობას დაუკავშირებდა.

პირველად გაიცნო ნატალი ვუდი, რომელიც წარმოშობით უკრაინელი გახლდათ, გვარად ზახარენკო. მამამისი და მისი დები ნუგზარის შორეული ნათესავის, დიმონი ცხონდიას, მეზობლები აღმოჩნდნენ, რომელიც თურმე მაშინ სან ფრანცისკოში ცხოვრობდა. ნატალის საშუალებით გაიცნო ამერიკელი რეჟისორი ფრენკ კაპრა, რომელმაც უოლტ დისნეი გააცნო…

1971 წელს ამერიკაში ჩასულს გზის გაკვალვა არ გასჭირვებია. როცა ნუგზარ შარიამ საქართველო დატოვა, საბჭოთა ხელისუფლებამ ის სამშობლოს მოღალატედ შერაცხა და დახვრეტა მიუსაჯა. ყველაზე დიდი კვალი ამ ამბავმა მის შვილს, ზურაბ შარიას, დააჩნია. მამის წასვლისას ის 2 წლის იყო. აი, რას უყვება ზურაბ შარია ,,სარკეს”:

– მამა უჟგოროდში იყო მიწვეული. იქ მიუვიდა ,,ოსკარების” ჟიურის მიწვევა. ეს თავისთავად სასიხარულო ამბავი იყო, მაგრამ არავინ ველოდით, რომ ჟიურის თავმჯდომარედ აირჩევდნენ. 7200 კაცი აძლევს ხმას. შეკრებაზე სტივენ სპილბერგმა მამაჩემის კანდიდატურა წამოაყენა და თავმჯდომარედ აირჩიეს.

ეს ამბავი ჩვენთვის მეხის გავარდნასავით იყო, ოღონდ კარგი გაგებით. უზომოდ სასიხარულო ამბავია. ჩვენთან ჭირს ადამიანების დაფასება, თორემ იქ კარგად იციან, პროფესიონალი ადამიანების მოვლა. მამა ამას არ ელოდა. სტივენ სპილბერგი აღიარებს და აფასებს მამაჩემის მოღვაწეობას! 75 წლის იუბილე ბროდვეიზე, თეატრში გადაუხადეს და იქ თქვა, რომ მამა ბროდვეის ხელოვანთა ოცეულშია.

იმ თეატრში მაიკლ ნიკოლსის სპექტაკლი იყო “ალუბლის ბაღი”, რომელიც მამაჩემმა გააფორმა თავისი მუსიკით და ხედვით. ამ სპექტაკლს ენით აღუწერელი წარმატება ხვდა წილად.

გარდა ამისა, არის სცენარების ავტორი, პროფკავშირის წევრი. მოგეხსენებათ, მამაჩემი მიუნხენში ცხოვრობდა და რადიო “თავისუფლებაში” მოღვაწეობდა. 1989 წელს ბერლინალეზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მისცეს პრიზი. ეს იყო “მონღოლელი ჟანა დარკი”. მაშინ იქ რა ხდებოდა, ჩვენ აქ არ ვიცოდით.

მამას ამერიკის ოთხი პრეზიდენტისგან მადლობა აქვს მიღებული. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნობელის პრემია რომ მიიღო (მშვიდობის დარგში. ავტ.), მამას მისწერა, ნობელის პრემია მაგარია, მაგრამ თქვენთან ურთიერთობამ ბევრად მეტი მომცაო.

მამა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც რადიო “თავისუფლებაში” ღია ეთერი შეუზღუდავი ჰქონდა. ამბობს, რომ წასვლის დღიდან თუ რამეს აკეთებს – საქართველოს სასახელოდ და ამან გააძლებინა ამდენი ხანი შვილებისა და სამშობლოს გარეშე. მისი ბოლო წარმატებაც არამხოლოდ მისი, არამედ სრულიად საქართველოს წარმატებაა. ამბობს, რომ, როცა ეს ამბავი გაიგო, მეტყველების უნარი დაკარგა. ეს ხომ უმაღლესი ჯილდოა მის სფეროში!

– საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციაში მამის წასვლამ თქვენს ცხოვრებას ალბათ უარყოფითი დაღი დაასვა.

– რა თქმა უნდა. 2 წლის ვიყავი, მამა რომ საქართველოდან წავიდა. მოგეხსენებათ, რა ეპოქა იყო. როცა პარიზში დარჩენა გადაწყვიტა, იმავე დღეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით კრემლში დახვრეტა მიუსაჯეს 68-ე პრიმა მუხლით.

1990 წელს შევხვდით ერთმანეთს. მაშინ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მოიწვია. მანამდე ვერც ჩამოვიდოდა.

იცით, ჩემი ბავშვობა როგორი იყო? რაც თავი მახსოვს, სულ გვისმენდნენ. ,,კაგებე” თუ სუს-ი სულ ჩვენს სატელეფონო ხაზზე ისხდნენ და, შესაბამისად, რთული ბავშვობაც მქონდა. უფრო მეტი ყურადღების ქვეშ ვიყავი, ვიდრე სხვა. სხვას უფრო მეტის გაფუჭება შეეძლო, ვიდრე მე. ყველაფერზე შეზღუდვა მქონდა, მაგრამ მერე ამასაც ეჩვევი და გგონია, რომ ასე უნდა იყოს, რადგან ბავშვი ხარ.

– ამის გამო მამისთვის საყვედური არასოდეს გითქვამთ?

– მამაჩემს ვუთხარი, ერთადერთი ვარ, ვისაც შენი გამტყუნება შეუძლია, მაგრამ გაპატიე და გაგამართლე, ჩემგან ეს სასჯელი მოხსნილი გაქვს-მეთქი. ბავშვობაში კი იყო სხვაგვარად, მაგრამ ის ბავშვის აზრები იყო.

მამის გამო სიამაყის გრძნობა სულ პატარაობიდან მქონდა. მამა რომ მაშინ არ წასულიყო, აქ ისეთი პოლიტიკური კონიუნქტურა იყო, მისნაირ კაცს ან მოკლავდნენ, ან… თვითონ მითხრა, რომ არ წავსულიყავი, კარგა ხნის გალოთებული ვიქნებოდი ან მკვდარი, რადგან გასაქანს არ მაძლევდნენო. მამა კი თავიდანვე უზომოდ თავისუფალი და ნიჭიერი კაცი იყო.

– კომუნიკაცია გქონდათ მამასთან ბავშვობაში?

– ტელეფონით მუდმივად გვიკავშირდებოდა. ამერიკაში ჩვენი სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო ქრისტეფორე კირკიტაძე. მისი მეუღლე ჩამოდიოდა და მამა მას ატანდა წერილებს, რომლებიც “კაგებეს” არ უნდა ენახა. სხვა წერილებს ამოწმებდნენ.

– დედა განიცდიდა მამათქვენის წასვლას ქვეყნიდან?

– მე და დედა ამ თემაზე არასოდეს ვლაპარაკობდით.

– თქვენც მამის პროფესია აირჩიეთ…

– დიახ და მამა ძალიან წინააღმდეგი იყო, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მართალიც იყო. გარდა იმისა, რომ ძალიან დაუფასებელი პროფესიაა, მამას ძალიან ატკინეს გული, მაგრამ ჩემი არჩევანი იყო და ხელი ვერავინ და ვერაფერმა შემიშალა.

– მამას თქვენი აქედან წაყვანა არ უნდოდა?

– 1990 წლიდან თვითონაც ჩამოდის და მეც ჩავდივარ. მანამდე კი ეს გამორიცხული იყო, რადგან მაშინვე დაგვხვრეტდნენ. მთელი “კაგებე” დასდევდა მოსაკლავად და ვერაფერი მოუხერხეს.

მერე ამბის გავრცელება დაიწყეს, ჩვენი გაგზავნილია, თვითონ კი არ წავიდაო. ეს ძალიან სასაცილო იყო. მამას თავისმა ნიჭმა და თავაუღებელმა შრომამ შეუწყო ხელი, რომ იქ დაემკვიდრებინა თავი და წარმატებისთვის მიეღწია. მისი მთავარი მიზანი იყო, ჩვენი ქვეყნის სახელი გაეტანა. მისი ახლანდელი წარმატებაც ხომ მთელი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა?!

ახლა არ არის პრობლემა, როცა მინდა, მაშინ წავალ, მაგრამ აქ ჩემი საქმე მაქვს, ოჯახი მყავს და წასვლა არსად მინდა. 1993 წლიდან რუსთაველის თეატრში ვარ. სხვა თეატრებში არც ვყოფილვარ და ვერც ვიქნები, რადგან ესაა ჩემი მშობლიური თეატრი.

– ტელეგადაცემებიც მიგყავდათ. რატომ გაუჩინარდით ეკრანიდან?

– აღარ აინტერესებთ ნიჭიერად გაკეთებული გადაცემები, მხოლოდ პოლიტიკურ სკანდალებს დასდევენ. იდეები კი ბევრი მაქვს, მაგრამ…

– პოლიტიკაში წასვლაც გინდოდათ, მაგრამ არ გამოგივიდათ.

– ვაკეში დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყარე კენჭი საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. რა ჭკუაზეც გავიღვიძებ, იმის მიხედვით შეიძლება ისევ ვიფიქრო რაღაც. ხომ ხედავთ, ქვეყანაში პროფესიონალებს სათანადოდ არ აფასებენ და მხოლოდ პოლიტიკური სკანდალებია მთავარი. პარლამენტში მოხვედრა იმიტომ მინდოდა, რომ იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაშია, იმ ტრიბუნიდან მაინც მელაპარაკა, მაგრამ არ უნდათ და ნუ უნდათ!

– რამდენიმე წლის წინ ნახევარდა გარდაგეცვალათ, მამათქვენის და ლია გუდაძის ქალიშვილი. გქონდათ მასთან ურთიერთობა?

– ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემი და ულამაზესი და უნიჭიერესი იყო. ორი კვირა დააკლდა, რომ 50 წლის გამხდარიყო.

– თქვენი სამი ქალიშვილისთვის როგორი მამა ხართ?

– იდეალური მამა ვარ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შეიძლება ითქვას, რომ დედა ვარ. ჩემი მეუღლე ექიმია და ხშირად არ სცალია, ამიტომ მის ფუნქციასაც ვითავსებ. ჩვენი უფროსი შვილი 29 წლისაა, უმცროსი – 11-ის. უფროსი გოგონა დაოჯახებულია, მაგრამ ჯერ შვილიშვილი არ მყავს. ჯერ ბავშვებისთვის არ სცალიათ.

ჩემი სიმამრი, ნოდარ ცინცაძე, სულ გვერდში მედგა და ახლაც ასეა. 22 თებერვალს 90 წელი უსრულდება. პლაზმური ფიზიკის დარგში აკადემიკოსი გახლავთ.

– შვილებიდან რომელმა მოინდომა მსახიობობა?

– არც ერთმა. უფროსი ეკონომისტია, მეორე იურიდიულზე სწავლობს და უმცროსი ხატავს. ჯერ არ ვიცით, რას იზამს. რაც უნდათ, ის უნდა აკეთონ, მე ვერაფერს ავუკრძალავ.

წყარო” სარკე”

 

Cesko