,,ტელეიმედის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, მანჩი გაბელია საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა, როდესაც აღნიშნულ ტელევიზიაში სტაჟიორად მივიდა.
სიუჟეტის მომზადების შემდეგ ლექციებზე გარბოდა. თავისუფალი დრო, რომელსაც სტუდენტები გართობისთვის იყენებენ ხოლმე, არასდროს რჩებოდა.
7 წელი გავიდა, რაც ,,იმედი” მისთვის შეუცვლელი სამუშაო ადგილია. მოსწონს დაძაბული რეჟიმი, ექსტრემალურ პირობებშიც არ ივიწყებს, რომ გარეგნულადაც მომხიბლავი იყოს. გამბედაობამ და ჟურნალისტის ხიფათიანი პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა უკრაინაში წასვლა. მოახერხა და პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენციაზე მოხვდა. როცა პრეზიდენტი ზელენსკი ბავშვების დაღუპვაზე საუბრობდა, ქართველმა ჟურნალისტმა თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა. მისი ცრემლები მთელმა მსოფლიომ იხილა.
– როგორ მიიღეთ უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება?
– დაიწყო თუ არა ომი, მაშინვე მინდოდა წასვლა. ჩვენთვის არავის დაუძალებია ტელეკომპანიიდან ამ ნაბიჯის გადადგმა. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ჩიხლაძემ, ყველას გვითხრა, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკრაინაში გაგგზავნოთ, თუ თქვენი პროფესიული გამოცდილებისთვის არჩევთ წასვლას, ვერც ხელს შეგიშლითო. მადლობა ჩემს ოჯახს, მამაჩემს, რომელმაც საშინელი ნერვიულობის მიუხედავად, თავად წამიყვანა აეროპორტში, ბოლომდე მედგა გვერდით და მამხნევებდა.
– როგორი იყო გზა კიევამდე და თქვენი განცდები, როცა საკუთარი თვალით იხილეთ ეკრანიდან დანახული ომი?
– ყველაზე მძიმე იყო გზა, როცა პოლონეთის საზღვარი გადავლახე და მატარებელში ჩავჯექი. ჩემი ოპერატორი კიევში მელოდებოდა. ვიყავი მარტო. ჯერ კიდევ ომის საწყისი ეტაპი იყო, მძაფრი შეტევები რუსეთის მიერ. მატარებელი ჩერდებოდა საათობით, რადგან დაბომბვის საშიშროება არსებობდა.
ზიხარ ვაგონში, შეგუებული ბედისწერას, რომ შეიძლება წინა, ბოლო ან სულაც შენს ვაგონს მოხვდეს ბომბი და ყველაფერი დამთავრდეს. რაც უფრო წინ მივიწევდით, უფრო მძაფრი იყო ომის კვალი. ჭურვებისგან დატოვებული უზარმაზარი ორმოები, დამწვარი საბრძოლო ტექნიკა, გარდაცვლილი ადამიანები, შემზარავი კადრები ცვლიდა ერთმანეთს. მძიმე განცდები მქონდა, პროტესტის, შიშის, უმწეობის, უსამართლობის.
წყარო: “სარკე”