22 წლის ბიჭს 5 წელი მიუსაჯეს 128 ლარად შეფასებული ჯართის ქურდობის მცდელობისთვის – დეტალები

0
311
20 Views

ფოტო – რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 22 წლის ბექა ხონელიძე 128 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობის მცდელობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი წლით გაუშვა საპატიმროში. მსჯავრდებული 19 ოქტომბერს, სასამართლოს დარბაზში დააკავეს და ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმარი ბრალს არ აღიარებს.

ბექა ხონელიძის ინტერესების დამცველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რაც ბექა ხონელიძის ბრალს დაადასტურებს. მისი თქმით, 22 წლის ახალგაზრდა ცრუ ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული. ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატი, ვახტანგ დვალიშვილი:

“ამ საქმეზე განაჩენი დადგა ორი პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლის ჩვენებების საფუძველზე. სხვა არანაირი მტკიცებულება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ახალგაზრდამ დანაშაული ჩაიდინა, არ არსებობს“

რას ჰყვებიან პოლიციელები და დაცვის თანამშრომელი?

ბრალდება ამტკიცებს, რომ ბექა ხონელიძემ 32 ცალი თუნუქის ფურცლის მოპარვის სცადა „საქართველოს ფოსტის“ ავტოსადგომის ტერიტორიიდან. ჯართის ღირებულება სასაქონლო ექსპერტიზამ 128 ლარად შეაფასა.

"საქართველოს ფოსტის" სათავსოს უფუნქციოდ დარჩენილი ტერიტორია
“საქართველოს ფოსტის” სათავსოს უფუნქციოდ დარჩენილი ტერიტორია – ფოტო, რადიო თავისუფლება

პოლიციელთა გამოკითხვის ოქმები სიტყვა-სიტყვით ერთნაირია, აცხადებენ რომ გამოძახებაზე მივიდნენ, რადგან ხმაური შემოესმა დაცვის წევრს:

“საწყობის სათავსოში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის „ძალაყინის მაგვარი“ დეტალი. აღნიშნულ პიროვნებას იქვე ედო მუყაოს ყუთი, რომელშიც ალაგებდა ლითონის ფურცლებს. გამოვკითხეთ ვინაობა და მისი საწყობში ყოფნის მიზეზი. გვიპასუხა, რომ საწყობის კედლიდან ხსნიდა და იპარავდა ლითონის ფურცლებს“

დაცვის თანამშრომელი ჰყვება, რომ შემოესმა ხმაური და მეწყვილეს უთხრა, რომელმაც დარეკა პოლიციაში, დაცვის ერთი თანამშრომელი ასევე სიტყვა-სიტყვით იმეორებს პოლიციელთა ჩვენებებს, თუმცა, საქმის მასალებში არ დევს დაცვის იმ თანამშრომლის ჩვენება, რომელმაც პოლიციაში დარეკა და ადვოკატი თვლის, რომ როგორც ჩანს მან გამიზნულად არ მიიღო “ამ სიბინძურეში მონაწილეობა.”

 

სად დააკავეს მსჯავრდებული?

გაბრიელ სალოსის 144 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის, ახლა კი დევნილებით დასახლებული კორპუსის გვერდით, ბეტონის გალავნით შემოღობილი ტერიტორიაა. უფრო ზუსტად, ნახევრად შემოღობილი ტერიტორია. ღობეს არც ჭიშკარი აქვს, არც რაიმე ამკრძალავი ნიშანი, შესაბამისად, მის მიღმა, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, ფაქტობრივად, ღია ტერიტორიაზე შედიხარ და ხვდები ნაგავსაყრელად ქცეულ სივრცეში – რკინის, ბეტონის, ჩონჩხადქცეული ავტომობილის, ფიცრებისა თუ ქაღალდების გარემოცვაში. ტერიტორია შპს. „საქართველოს ფოსტას“ ეკუთვნის.

„საქართველოს ფოსტის“ ეს ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია, ესაზღვრება ამავე კომპანიის ავტოსადგომსა და საწყობს, რომლის შესასვლელიც გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევის 7 ნომერში მდებარეობს. ის ე.წ. შლაგბაუმითაა ჩაკეტილი, იქვე დგას საგუშაგო კაბინა და ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ საშვითაა შესაძლებელი.

ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიასა (გაბრიელს სალოსის #144) და შლაგბაუმით ჩაკეტილ შესასვლელს (გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევი, #7) ერთმანეთისგან google map-ის თანახმად, დაახლოებით ნახევარი კილომეტრი აშორებს.

 

ღია შესასვლელი გაბრიელ სალოსის #144-დან
ღია შესასვლელი გაბრიელ სალოსის #144-დან – ფოტო რადიო თავისუფლება

თუმცა საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ მსჯავრდებული სამართალდამცავებმა არა ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, არამედ გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევის 7 ნომერში მდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. იქ, სადაც შლაგბაუმია დამონტაჟებული და არის დაცული ტერიტორია.

თუმცა, რეალურად, ბექა ხონელიძეს „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ, უფუნქციოდ დარჩენილ ტერიტორიაზე შესასვლელად არანაირი ბარიერი არ გადაულახავს, იქ არც ამკრძალავი ნიშანი ყოფილა და ამ ტერიტორიაზე მოხვედრა დღესაც ასე, ყოველგვარი წინაღობის გარეშეა შესაძლებელი.

შესაბამისად, ბექა ხონელიძის ადვოკატი, ვახტანგ დვალიშვილი თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავების ადგილის მისამართის ცვლილება, სამართალდამცავებმა საქმის განზრახ დასამძიმებლად გამოიყენეს.

გარდა იმისა, რომ ბექა ხონელიძე არ აღიარებს ქურდობის მცდელობას, ამბობს, რომ ნაგავსაყრელზე ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შევიდა და ძალაყინი არ ჰქონია, ადვოკატი კი ამბობს, რომ სამხილების ამოღებაში კრიმინალისტებს არც კი მიუღიათ მონაწილეობა.

ადვოკატი:

„როდესაც ქურდობა ხდება და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პოლიცია დამნაშავეს აკავებს ფაქტზე, ასეთ დროს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში, ყოველთვის მონაწილეობენ ექსპერტები, რომლებიც ამოღებული ნივთებიდან ხელის კვლების ნიმუშებს იღებენ და შემდგომ შესაბამის ექსპერტიზებს ატარებენ, რათა ამ ექსპერტიზების საფუძველზე მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები მოიპოვონ და დაამტკიცონ პირის ბრალეულობა ქურდობაში. ადგილზე დათვალიერების ოქმით ჩანს, რომ ფირფიტების ამოღებაში არანაირ კრიმინალისტებს არ მიუღიათ მონაწილეობა, რადგან მათი მონაწილეობა ბრალდების მხარეს არანაირად არ აწყობდა. რეალურად, ბრალდებულ ბექა ხონელიძეს მართლაც რომ ჩაედინა ქურდობა, მაშინ ბრალდების მხარე ყველანაირ ექსპერტიზას დანიშნავდა. ბრალდების მხარე უპირველესად ხელის კვლების ნიმუშს აიღებდა და ანაბეჭდებზე ექსპერტიზას დანიშნავდა. ე.წ. ძალაყინზე ჩაატარებდა ექსპერტიზას, ფირფიტებზე, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა“.

მაკა ხონელიძე, ბექას დედა, თავად შეესწრო შვილის დაკავების ფაქტს. უმცროსმა, 13 წლის შვილმა შეატყობინა ეზოდან, პოლიციაა მოსული და ბექას ელაპარაკებიანო. მაკა ხონელიძე თითქმის 10 წელია ოჯახთან ერთად, გაბრიელ სალოსის 144 ნომერში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობს. ის სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს.

 

მაკა ხონელიძე

„ფაქტობრივად ჩვენი სახლის უკანა ეზოა. აქაური ბავშვები ხშირად თამაშობენ ამ ტერიტორიაზე. მიტოვებული ადგილია. რაც წასაღები და გასატანი იყო, ისედაც წაღებულია. ჩემმა შვილმა პოლიციასაც უთხრა და სასამართლოსაც, თუკი ოდესმე რაიმე დამიშავებია, იმ დანაშაულზე უარი არასდროს მითქვამს და მიღიარებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, არაფერი დამიშავებია, ხელი არაფრისთვის მიხლია და როგორ ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენიაო“.

მაკა ხონელიძე იმასაც ჰყვება, რომ მისი შვილი ცოლთან და ერთი წლის შვილთან ერთად გორში ცხოვრობს და მშენებლობაზე მუშაობს.

Cesko