აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოში უჩივლა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
როგორც ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი დოკუმენტებიდან ირკვევა, ტრამპი აცხადებს, რომ კომიტეტში მის გამოძახებას იურიდიული ძალა არ აქვს. ტრამპი მიიჩნევს, რომ მას აქვს იმუნიტეტი იმ პერიოდზე ჩვენებების მიცემისგან, როდესაც ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
ტრამპის იურისტები აცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია წარმომადგენელთა პალატასთან, რათა შეეთავაზებინათ წერილობითი პასუხების გაგზავნა. მათივე შეფასებით, ტრამპის კომიტეტის მოსმენებზე დაბარება „პრეზიდენტის ინსტიტუტში შეჭრას“ წარმოადგენს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპილოტიუმზე მომხდარ შტურმს იძიებს, ჩვენების მისაცემად ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიბარა. როგორც კომიტეტში აცხადებენ, ტრამპმა 14 ნოემბრიდან ფიზიკურად ან ვირტუალურად უნდა მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის სხდომაში.