კახა კახიშვილი: მე არ მახსოვს აშშ-ს საელჩოს ასეთი ისტერიკები 2012 წლამდე – კი ბატონო, შეგიძლია ყველაფერი თქვა, მაგრამ ისტერიული ტონის გარეშე

0
388
23 Views

არ უნდა მისცე თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე შენ გაკისრია როგორც ელჩს დამოუკიდებელ ქვეყანაში, ეს არ არის სწორი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა კელი დეგნანის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე გამოთქმული კრიტიკული პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

„აშშ-ის სასამართლომ 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო მკვლელობის და გაუპატიურების ბრალდებით. 40 წელი მოიხადა სასჯელი და დღეს თქვეს, რომ თურმე ეს ადამიანი დამნაშავე არ იყო საერთოდ. რა ვქნათ ახლა, სასამართლოს რეფორმირება მოვთხოვოთ აშშ-ს თუ როგორ დავსაჯოთ ის მოსამართლე, რომელმაც 40 წელი პატიმრობაში ამყოფა უკანონოდ ადამიანი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და დარწმუნებული ვარ, აშშ-შიც ექნებათ მსჯელობა კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კანონით გაწერილია და არ უნდა მისცე თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე შენ გაკისრია როგორც ელჩს დამოუკიდებელ ქვეყანაში, ეს არ არის სწორი.

სხვათა შორის, თავის დროზე, 2013 წელს, როცა ჩვენ სასამართლო სისტემას ვაკრიტიკებდით, ზუსტად აშშ-ის საელჩოდან იყო მოთხოვნა, რომ არცერთი მოსამართლე სამსახურიდან არ უნდა წავიდეს მიუხედავად იმისა, რა სიმძიმის განაჩენები დააყენეს მათ წინა წლებში, ეს იყო პირდაპირი მოთხოვნა და თქვეს, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყეთო“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახა კახიშვილის თქმით, რომელიმე მოსამართლე კარგია თუ არა, ეს საქართველოს მოსახლეობის შესაფასებელია და არა აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ელჩების.

„სხვათა შორის, ამავე საელჩოს შეფასებები იყო წლიდან წლამდე პირველი-მეორე ტალღის რეფორმასთან დაკავშირებით დადებითი, ბოლოში წავიდა კრიტიკა თორემ, პირველ-მეორე ტალღას ძალიან კარგად აფასებდნენ მათ შორის ამ მოსამართლეების მონაწილეობით. სულ რომ არ იყვნენ ეს მოსამართლეები კარგი მოსამართლეები, ეს არის შესაფასებელი საქართველოს მოსახლეობის და არა აშშ-ის ელჩის, რუსეთის ელჩის, ლატვიის ელჩის თუ ლიტვის ელჩის“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახა კახიშვილის განცხადებით, 2012 წლამდე აშშ-ის საელჩოს მხრიდან „ასეთი ისტერიკები“ და მსგავსი კრიტიკა არ ახსოვს.

„ამის ნახევარი კრიტიკა გახსოვთ მაინც 2012 წლამდე? მე არ მახსოვს ასეთი ისტერიკები საელჩოსი, მართლა არ მახსოვს. ამას იმით ვხსნი, რომ 2013 წლიდან ზედმეტად რევერანსის მდგომარეობაში დავდექით და ის კი არ მიიღეს, რომ ეს რევერანსია, მიიღეს, რომ ეს არის ჩვენი პოზა, რომელიც უნდა დავიკავოთ. ვიღაცებმა ეს ჩათვალეს რევერანსად, წინამორბედებმა და ამ ადამიანმა {კელი დეგნანი} ან შეიძლება სხვა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ეს არის ვალდებულება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, კახა კახიშვილის თქმით, საელჩოს მხრიდან გაღიზიანებული და ისტერიული ტონის გარეშე კრიტიკა უფრო მეტად შეუწყობს ხელს რეფორმებს.

„როდესაც შენს მიმართ ასეთი კრიტიკა მოდის, შენც ღიზიანდები და იკარგება რაციონალობის მარცვალი, რომელიც არის აუცილებელი პარტნიორულ-მეგობრულ ურთიერთობაში იმისთვის, რომ გააგრძელო წინსვლა. კი ბატონო, შეგიძლია ყველაფერი იგივე თქვა, მაგრამ გაღიზიანებული და ისტერიული ტონის გარეშე, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს რეალურ რეფორმებს…

ვადასტურებ, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო კარგად, უფრო ეფექტურად მუშაობდა საერთაშორისო თანამეგობრობაში და ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შავზე თეთრი დაეჯერებინა, ჩვენ შავზე რომ შავია, იმასაც ვერ ვაჯერებთ. ვისი ბრალია? – ჩვენი ბრალია“, – განაცხადა კახიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც აშშ-მა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო გაკეთებული ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდასაჭერად, რაც არის უსაფრთხო, დემოკრატიული მომავალი. მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა არის ცენტრალური საკითხი ასეთი მომავალისთვის

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

Cesko