მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა.
ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული ჩანაწერში აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო.
„დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 5 500 ლარი გადავირიცხე… დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, მიჩიჩინებდა…“, – აცხადებს ჩანაწერში ბრალდებული.
მისივე თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა და ისიც მოკლა“.
„მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც, დედა ცოტა შეფხიზლებული იყო, შემეშინდა…ვერ იტანდნენ ჩემი დები მამას, დედაჩემთან ჩხუბობდნენ რაღაცებზე“, – აცხადებს ბეროზაშვილი.
ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას ბენზინი არ ჰქონია, სახლში კი გაზი გაუშვა და ქაღალდებით გააჩინა ცეცხლი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის მკვლელობის შემდეგ, ბეროზაშვილმა უპასუხა, რომ „ჩაცხრებოდა ეს ამბავი და ცხოვრებას გააგრძელებდა“.
მოწმის სახით დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი. მისი განცხადებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე დანაშაული დეტალურად აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით მურადაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“მას გავესაუბრე, დეტალებს ამბობდა კონკრეტული დანაშაულის შესახებ. პატაკით მივმართე ხელმძღვანელს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელებულიყო ჩემი მონაწილეობით, რათა ეს ინფორმაცია დაფიქსირებულიყო. ის უარზე იყო მოწმის სახით ჩვენება მიეცა. განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მას გავესაუბრე, დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ჩაწერილია. დეტალურად აღწერდა ყველაფერს, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა და როგორ ცდილობდა ალიბის შექმნას”, – განაცხადა მურადაშვილმა.
გამოძიების ინფორმაციით, 27 აპრილს ვაზისუბანში 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.