ცხოვრება ნაპრალზე — „გადახსნილი“ საცხოვრებელი კორპუსი თბილისში [ფოტორეპორტაჟი]

0
372
18 Views

თბილისში, სანზონაში, რატევანის ქუჩაზე, ნახევრად ჩამოშლილი კორპუსი დგას, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე დიდი ნაპრალია. შესაბამისად, მთლიანად შენობა ცხოვრებისთვის შეუსაბამო და რისკის შემცველია.

ნინო ერთ-ერთია კორპუსის მცხოვრებელთაგან. ის 12 კვ.მ. ფართობის ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ გამგეობამ და, შესაბამისად, მერიამ იციან კორპუსის ავარიულობის შესახებ. მათ შესთავაზეს კიდეც ქალს 500 ლარი ქირის გადასახდელად. მაგრამ, როგორც თავად ამბობს, დღესდღებით, თბილისში 500 ლარად საცხოვრებლად ვარგისი ბინები აღარ ქირავდება.

მუნიციპალიტეტი კი ირწმუნება, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

ცხოვრება ნაპრალს ზემოთ

რატევანის ქუჩაზე, 16ა-ში მდებარე ეს შენობა ორსართულიანია. ამბობენ, რომ აქ ადრე კაფელის საწყობი იყო. ამჟამად შენობის მარცხენა მხარე თითქმის ბოლომდე ჩამოშლილია. ერთ-ერთ ბინაში, რომელშიც რამდენიმე წლის წინ იატაკი ჩაინგრა და ნაპრალი გაჩნდა, აღარავინ ცხოვრობს.

ნაპრალიანი ბინის ზემოთ ნინოს სამზარეულოა. ქალი გვიყვება, რომ ამ სახლში ყოველდღე გაღვიძება უკავშირდება შიშსა და შფოთვებს, მაგრამ მისთვის სხვა გზა არ არსებობს. რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგაც კი თბილისში ვერ იპოვა ბინა, რომელიც საცხოვრისად ვარგისი იქნებოდა და რომლის დაქირავებასაც შეძლებდა მერიისგან შეთავაზებული 500 ლარით.

კორპუსი რატევანის ქუჩაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ნინოს სამზარეულო შიგნიდან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„კატასტროფაა აქ ცხოვრება. ყოველ წუთს იმის საშიშროების ქვეშ ცხოვრობ, რომ არ მოყვე ნანგრევებში“, — ამბობს ნინო ნეტგაზეთთან ინტერვიუში. ქალი გვიყვება, რომ სამზარეულოს ისევე იყენებს, როგორც ყველა სხვა ადამიანი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ იცის, ფეხქვეშ იატაკი როდის გამოეცლება.

სამზარეულოს ერთ კედელზე ლინოლიუმია გაკრული. ის კედლის ნაპრალს ფარავს.

ნინოს სამზარეულოს იატაკი.

„შემოგვთავაზეს ქირით გადასვლა, მხოლოდ 500 ლარს აფინანსებენ. ამ 500 ლარში ჩვენ ბინებს ვერ ვშოულობთ, მით უმეტეს, მოგეხსენებათ, ახლა რა მდგომარეობაა. აქ არიან დიდი ოჯახებიც… სარდაფებში თუ შევლენ [ამ ფასად], სადღაც, ეს არ ვიცი. ამას არანაირი გამაგრება აღარ უშველის“, — ამბობს ნინო.

იგი იხსენებს, რომ პირველ სართულზე ბინა ერთ დღეს ასე, უბრალოდ, ჩამოინგრა. საბედნიეროდ, იმ დროს ოთახში არავინ იმყოფებოდა. მეპატრონეებმა ბინა დაცალეს და სახლიდან გადავიდნენ. ნაპრალი კი, რომელიც იმ დღეს გაჩნდა, იმავე შენობაში მცხოვრებ 10-მდე ოჯახს საფრთხეს ყოველდღე უქმნის.

ჩანგრეული იატაკი პირველ სართულზე

„სულ ისმის ჩამოცვენის ხმები. ვაცნობეთ შესაბამის ორგანოებს, უწყებებს, მოვიდნენ მყისიერად, იყო რეაქცია, მაგრამ ამ რეაქციის ბოლოს მაინც წერტილია. საბოლოოდ, გვეუბნებიან, გიფინანსებთ 500 ლარს, ჩვენ კი ამ 500 ლარად ვერაფერს ვშოულობთ“, — ამბობს ნინო.

ნინოს სამზარეულოს ჭერი

მუნიციპალიტეტის პასუხი

ნაძალადევის რაიონის გამგეობაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულნი არიან, პრობლემად კი თავად მოქალაქეების პოზიციას მიიჩნევენ.
„იმისათვის, რომ აღნიშნულ მისამართზე ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდეს, აუცილებელია ყველა მესაკუთრის თანხმობა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა. შეხვედრის დროს მოხდა რატევანის N16ა-ში მცხოვრები პირების ინფორმირება, თუ რას მოიცავს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა. მოსახლეობა დაინტერესებული იყო საცხოვრებელი ფართების მოცულობის შესახებ ინფორმაციით. თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა აუხსნეს მათ, რომ ვისი საცხოვრებელი ფართიც შეადგენს მინიმუმს (15 კვ.მ), მათ გადაეცემათ 24 კვ.მ.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე მესაკუთრე არ არის თანახმა და ასეთ შემთხვევაში, პროექტი ვერ განხორციელდება. ამ დროისთვის აღნიშნული შენობის მცხოვრებლების ნაწილი ნაძალადევის რაიონის გამგეობას, მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით,, ქირით ჰყავს გაყვანილი“, — გვითხრეს ნაძალადევის რაიონის გამგეობის პრესსამსახურში.

Cesko