როგორ გაუჩინარდა ქართველი ემიგრანტი, რომელიც 2 კვირის მერე მორგში იპოვეს

0
570
25 Views

ამ დღეებში, საქართველოში კიდევ ერთ ემიგრანტს, 70 წლის ლიანა სოსელიას ჩამოასვენებენ. ის 31 წელი მუშაობდა საბერძნეთში, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაუჩინარდა. საბოლოოდ, ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მორგში მიაკვლიეს. აქ კი მომსახურებისათვის სოლიდური თანხაა დაწესებული.

როგორ გაუჩინარდა ქალბატონი, რომელსაც საბერძნეთში მუშაობის 31-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და ამავდროულად, საბერძნეთის მოქალაქეც იყო, მისი ახლობლები ამ კითხვას დაბეჯითებით ვერ პასუხობენ. თუმცა, ეს უცხოეთში ქართველი ემიგრანტების გაუჩინარების პირველი შემთხვევა არ არის და სავარაუდოდ, არც ბოლო იქნება.

ლიანა სოსელიას გაუჩინარებზე, ასევე საბერძნეთში მცხოვრებმა მისმა ახლობელმა მას შემდეგ იეჭვა, როდესაც ქალბატონმა დარეკვისას რამდენჯერმე არ უპასუხა. რის შემდეგაც მან ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებში გაავრცელა. თუმცა, ამაოდ.

ნანა გაბოძე:

„ემიგრანტებში ერთმანეთის უბედურების ამბები მალე ვრცელდება. მთავარია, ყოველ ჩვენგანს ერთი კეთილისმყოფელი მაინც ჰყავდეს, რომელიც მას ურეკავს და მოიკითხავს ხოლმე. ტელეფონით თუ ვამყარებთ კონტაქტს ერთმანეთთან, თორემ შეიძლება აქ დედა-შვილი გვერდიგვერდ სახლებში ცხოვრობდეს და მაინც თვეობით ვერ ნახონ ერთმანეთი. ემიგრანტების 90% ბებოების ან ბაბუების ცხოვრებით ცხოვრობს, მათთან ერთად იძინებს და იღვიძებს, ამ ხალხის უმრავლესობას კი დემენცია აქვს და ვერ დატოვებ, არ გაქვს უფლება. როდესაც ახლობელმა ლიანასაც რამდენჯერმე დაურეკა და მან არ უპასუხა, ამ ქალმა ძებნა დაიწყო. ძირითადად, ინტერენეტით, ისევ ქართველ ემიგრანტებში.

სამწუხაროდ, ლიანას ახლობელმა არც ამ ოჯახის მდებარეობა და ტელეფონის ნომერი იცოდა. ასეც ხდება ხოლმე, – ყველას გვგონია, რომ არაფერი დაგვიშავდება. შეეძლო საბერძნეთის პოლიციაშიც მოეკითხა. თუმცა, საბერძნეთის პოლიცია უბედური შემთხვევების დროს მყისიერად რეაგირებს, – ემიგრანტის ქვეყნის საელჩოს გადასცემს ინფორმაციას. იმიტომაც ვერ ვიფიქრეთ, რომ რიაიმე ცუდი სჭირდა. არადა, თურმე გარდაცვლილი ყოფილა. იმ ოჯახს, სადაც ლიანა მუშაობდა, მისი გარდაცვალებისთანავე პოლიცია გამოუძახებია, რომელსაც ლიანა მორგში გადაუსვენებია. აქ ასეა: ადგილობრივები თავიანთ მიცვალებულს არ აჩერებენ სახლში, ქართველს რანაირად გააჩერებენ. პოლიციის გამოძახებულ ექიმს, ლიანას გარდაცვალების მიზეზიც კი ჰქონია დადგენილი, საბრალო გულის შეტევით გარდაცვლილა და პოლიციას მაშინვე მორგში გადაუყვანია, სადაც 2 კვირა ამყოფეს. არადა, აქ მორგის ხარჯები ოჯახმა უნდა გადაიხადოს, რაც ძალიან ძვირია.

ნინო სოსელია, გარდაცვლილის და:

– უმძიმეს მდგომარეობაში ვარ, ასე მგონია, მკლავი ჩამომაჭრეს. 31 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ლია საბერძნეთში წავიდა. როგორ ვეხვეწებოდი და როგორ ველოდებოდი, მაგრამ არ ჩამოდიოდა, მედავებოდა, მანდ რომ ჩამოვიდე, უფულოდ რა გავაკეთოო. თავად შვილი არ ჰყავდა და დედმამიშვილების შვილებს გადაჰყვა, ზოგს ბინა უყიდა, ზოგს განათლების მიღებაში დაეხმარა, თავად კი უსახსროდ დარჩა. პატარა ბინა უნდოდა თავისთვის და ისიც ვერ იყიდა. ჩემი შვილი ამერიკაშია, სრულიად მარტო ვარ, მაგრამ ჩემთანაც არ მოდიოდა, – ჩემი ბინა მინდა მქონდეს, რომ აწი მაინც დავისვენოო. სიცოცხლეში ხომ ასე გამწარდა და სიკვდილშიც გამიწვალდა ჩემი და, – რატომ უნდა ყოფილიყო 2 კვირა მორგში, უპატრონოდ, არ მესმის.”

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ლიანა სოსელიას გარდაცვალების თობაზე ადგილობრივ სამართალდამცველებს მათთვის არ მიუმართავთ. გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

წყარო: კვირის პალიტრა

Cesko