გაეროს გენმდივანი უკრაინიდან და რუსეთიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების გახანგრძლივებას აუცილებლად მიიჩნევს

October 29, 12:31
0
276

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოხატავს თავის ურყევ ერთგულებასა და მტკიცე მხარდაჭერას „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ განახლებისა და სრულფასოვანი განხორციელებისადმი, ასევე – რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულებისადმი“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ორივე შეთანხმება მიზნად ისახავს უზრუნველყოს მარცვლეულისა და სასუქების უკრაინიდან და რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტი გლობალურ ბაზრებზე, იმ სიჩქარითა და ფასით, რომელიც საჭიროა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთანხმების პირობების პირნათლად შესრულება და მისი გახანგრძლივება მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების წინაპირობაა.

„თუ სურსათი და სასუქები ახლა არ გავა გლობალურ ბაზრებზე, ფერმერებს არ ექნებათ სასუქები საჭირო დროს, ხელმისაწვდომ ფასად. ეს, 2023 და 2024 წლებში, საფრთხეს შეუქმნის ნათესებს მსოფლიოს ყველა რეგიონში, რაც დრამატული იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სტამბოლში ხელმოწერილ შეთანხმებას კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა.

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტმა 9 მილიონ ტონას გადააჭარბა. ეს შეუძლებელი იქნებოდა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის (JCC) ყველა წარმომადგენლის თავდადებული შრომის გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

22 ივლისს უკრაინამ, თურქეთმა, რუსეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ. დოკუმენტის მოქმედების ვადა 22 ნოემბერს იწურება.

Cesko