თემურ ჩხეიძის გარდაცვალება მძიმე დარტყმა იყო ქართული კულტურისთვის და მთლიანად ქართველი საზოგადოებისთვის. დიდი კულტურის და დიდი ადამიანობის უკანასაკნელი მოჰიკანი წავიდა – ასე გამოეხმაურა ქართველი ხალხი საყვარელი რეჟისორის გარდაცვალებას.
ჟურნალი ,,სარკე” ესაუბრა თემურ ჩხეიძის ქალიშვილს, მსახიობ ეკა ჩხეიძეს, რომელმაც რეჟისორის საბედისწერო ოპერაციაზე ისაუბრა.
“მამა თავს ჩვეულებრივად გრძნობდა, არაფერი საგანგაშო არ შეგვინიშნავს. მორიგი რეპეტიციის დამთავრების შემდეგ მანქანით სახლში ბრუნდებოდა, მოულოდნელად ხელების დაბუჟება იგრძნო, მანქანა გადააყენა და დარეკა. მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ანევრიზმა აორტაზე.
ასეთი ოპერაციის გაკეთება სარისკოა, ქართველი ექიმები ვერც აიღებდნენ საკუთარ თავზე. დაემთხვა ისე, რომ ანზორ მელიას კლინიკაში მოწვევით ჩამოსული იყო ავსტრიელი ქირურგი, რომელმაც ეს ოპერაცია გააკეთა. როცა გაჭრეს, გაირკვა, რომ შუნტირებაც სასწრაფოდ სჭირდებოდა. ურთულესი პროცესი 8 საათს გაგრძელდა.
ექიმი თავადაც განცვიფრებული იყო, რომ ასეთი ზომის ანევრიზმა არ გასკდა. თქვა, ღმერთს ჰყვარებია, აქამდე ინფარქტი რომ არ განუვითარდაო, ანუ თავად ძალიან კმაყოფილი იყო, იმდენად წარმატებით გაკეთდა ოპერაცია. ჩვენც იმედიანად ვიყავით. პოსტოპერაციულ პერიოდში, ორი კვირის თავზე, მდგომარეობა დამძიმდა, დაეწყო სისხლდენა, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, რაც ვეღარ გადაიტანა.
რეანიმაციულ განყოფილებაში იყო, ვნახულობდით, მაგრამ ძირითადად გათიშული იყო, უფრო სწორად, ხელოვნურად აძინებდნენ, რომ ტკივილებს არ შეეწუხებინა, ამიტომ მასთან საუბრის საშუალება არ მოგვეცა”, – განაცხადა ეკა ჩხეიძემ.
“სარკე”