16 ოქტომბერს სვეტიცხოველში პატარა თეო მონათლეს, რომელსაც მშობლები, თემურ ჯანგირაშვილი და ქეთი თორღვაშვილი 35 წელი ელოდნენ.
ახალბედა დედა “პრაიმტაიმს” ექსკლუზიურად უყვება საკუთარ ისტორიას და იმ ქალებს მოუწოდებს, არ დაყარონ ფარ-ხმალი, რომლებიც დღესაც შვილის მოლოდინში არიან…
“ეს წლები მოლოდინში გალია იმან, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული შეჭირვებულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება. იყო შეცდომები, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე – ექიმებისგანაც.
რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილის ძველი პაციენტი ვიყავი, მას ბევრი უშვილო დედა იცნობს და ბევრის იმედია. დიდი ხანია ვიბრძოდით, თუმცა ადრე ის ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე არ მუშაობდა. ამიტომ სხვებთან არასწორი მკურნალობით, არასწორი კურსით, ამაოდ ველოდით პატარას.
რაღაც პერიოდი საქართველოდან წასული ვიყავით. ისრაელში ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. იქაც ვაპირებდი მკურნალობას და ხელოვნური განაყოფიერების ცდას, მაგრამ ეს იქ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ვერ შევძელი.
ბუნებრივია, ღმერთს განსაცდელის დროს ვუახლოვდებით. ბევრს ვლოცულობდი…
წმინდა მიწაზე ყოფნის დროს მოვილოცე ყველა წმინდა ადგილი. ბოლოს, საქართველოში გამოფრენამდე, მოვიარე გოლგოთა. და უცებ ჩაკეტეს გასასვლელები, არავის უშვებდნენ და ჯვარცმის ადგილას, იესოს ხატთან მარტო დავრჩი! თითქოს გამომკეტესო. სასწაული გრძნობა დამეუფლა. პირველად დავესწარი იმ ადგილას ზარების რეკვას. ამ შეგრძნებას ვერ გადმოვცემ. იმ წმინდა ადგილას იესოს ხატს რომ ვემთხვიე, მთელი ჩემი ცხოვრების სათხოვარი ვთხოვე.
სასოწარკვეთა ხშირად დამუფლებია. აღარაფერი არ მაინტერსებდა. სიცოცხლე აღარ მინდოდა. ვფიქრობდი, რა უნდა მექნა, რა გამეკეთებინა სასოწარკვეთილს. ხშირად უგუნებოდ, იმედგაცრუებული დავდიოდი. მე, რომელსაც სილამაზე, ხელოვნება და სიმღერა მიყვარდა, ყველაფრის აღქმის უნარი დავკარგე. ხმაც კი ჩამიწყდა, თითქოს. სიმღერა მიყვარს და შემიძლია ლამაზად ვიმღერო. ვეღარც კი ვმღეროდი. უშვილობით გამოწვეული ამ სიმწარისგან სიცოცხლის სხივი ჩამიქრა.
მიუხედავად ამ პრობლემისა, ჩვენი ოჯახიდან ხმამაღალი ხმა არ გასულა. მეუღლე მშვიდი და წესიერი ადამიანია. ოჯახის დანგრევაზე არ გვიფიქრია. ვაგრძელებდით ცხოვრებას. ვიბრძოდით და ვწვალობდით. საქართველოში ერთ-ერთი გაწამებული ოჯახი ვართ.
და როდესაც ისრაელიდან დავბრუნდი, ისევ მივედი ქალბატონ მანანასთან, რომელიც უკვე ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე მუშაობდა და ამ სფეროში დიდი წარმატება ჰქონდა.
როდესაც შვილი გულით გინდა, მთელი არსებით ნატრობ, უფალი გეხმარება. უზომოდ მინდოდა გოგონას დედა გავმხდარიყავი.
როდესაც გენეტიკური ანალიზი გავგზავნეთ და ქალბატონმა მანანამ დამირეკა და მახარა, გოგონა გყავთო, ვერც კი ვიჯერებდი.
და თეონა 31 იანვარს მოევლინა ქვეყნიერებას.
მინდა მთელი გულით მადლობა გადავუხადო “კარაფს მედლაინის” გუნდს, ქალბატონ მანანა ქოჩიაშვილს, რომელსაც პირადად უდიდესი როლი აქვს ჩემი პატარას ამქვეყნად მოვლინებაში.
ჩემს უახლოეს მეგობარს, უძვირფასეს მაია გოჩაშვილსაც მრავალი ცდის შემდეგ (ინ-ვიტრო წარუმატებლად გაიკეთა – თურქეთში, უკრაინაში, საქართველოში….) გაუჩნდა პატარა მაშო და ძალიან გახარებულები ვართ.
საქართველოში ბევრი წყვილია შვილის მოლოდინში. ყველას ვარიგებ, რომ გადადონ სხვა დანარჩენი საქმე და აუცილებლად მიხედონ შვილოსნობის საქმეს. ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, სხვა არაფერია ამაზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად და მით უფრო, დედისთვის.
და გვიანი არასოდეს არ არის! მე ფაქტობრივად, სამოცი წლის ვარ და ჩემს თავს უკვე ვერ ვაძლევ ჩემს ასაკზე წუწუნის უფლებას. დიდი შემართებით ვარ და მსურს ახალგაზრდა და გამოუცდელ დედებზე უკეთესი დედა ვიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთიც ვარ.
პატარამ უდიდესი ენერგიით ამავსო. თითქოს ათი-თხუთმეტი წელი ჩამომაკლო.
ასაკში შვილის ყოლას თავისი სირთულეებიც ახლავს. მე ისედაც ემოციური ვარ, მაგრამ ახლა ბავშვთან ორმაგად. მაგრამ უკანასკნელი თვეები უბედნიერესი ვარ. ფანტასტიკურია. თავიდან ღამეები არ მეძინა, ვიჯექი და ვუყურებდი, არ მჯეროდა, ნუთუ, მართლა ჩემია ეს ბავშვი, ნუთუ მე უნდა გავზარდო და მეც მეღირსა ეს ბედნიერება-მეთქი?!
შვილი ბედნიერებაა და ადამიანი ვერ გრძნობს და ვერ აფასებს ამ ბედნიერებას. შვილი ამტკიცებს ოჯახს. გულწრფელად გეუბნებით, მეც მიკვირს, როგორ მოვახერხეთ და არ დაგვენგრა მე და თემურს ოჯახი. მიკვირს, სამ შვილიანი ოჯახები რომ ინგრევა. ვერ გრძნობენ და არ აფასებენ ბედნიერ ცხოვრებას. სად გარბიან, ბედნიერებიდან გარბიან?
მე და თემურს ახლა სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს. გადართული ვართ თეოს აღზრდაზე. ახლა, ამ ასაკში ვართ ბედნიერები. ცოტა გვიან, მაგრამ მაინც. ასე რომ მოგვბაძეთ, გვიანი არასდროსაა.
ნათლობა მინდოდა ლამაზად ჩატარებულიყო და სამზადისით ძალიანაც გადავიღალე. ნათლიად მეჯვარეები და ქალბატონი მანანა ავირჩიეთ.
სხვათა შორის, ნათლობის შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდით, მოხდა სასწაული. ბავშვმა პირველად თქვა პირველი სიტყვა – მამა! კინაღამ გავგიჟდით.
აი ასე, სიცოცხლის სხივი დამიბრუნა ამ პატარა გოგონამ.
რაც შემეხება მე – წარმოშობით ფშავ-ხევსურეთიდან ვარ. მიყვარს სიცოცხლე, სილამაზე… განათლებით ისტორიკოსი გახლავართ.
მე და ჩემი მეუღლე მერაბ კოსტავას იდეის მიმდევრები და გულშემატკივრები გახლდით. მერაბის სახლში, რომელიც ზვიად გამსახურდიამ მუზეუმად აქცია, 25 წელი გავატარე, ექსკურსიამძღოლი ვიყავი. ახალგაზრდობის წლების გატარება იქ მომიწია.
ადვილად ვერ ვთმობდი მერაბის სახლ-მუზეუმს, ჩემთვის უძვირფასეს გარემოს. მერაბის დედასგან, ქალბატონი ოლღა დემურია-კოსტავასგან ბევრი რამ ვისწავლე. მე და თემური მას შვილობას ვუწევდით. მისთვის დრო სულ გვქონდა. მაგრამ იმისთვის, რომ შვილზე მეზრუნა, ფინანსები მჭირდებოდა. სწორედ ამ მიზეზით გავემგზავრეთ ისრაელში.
27 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი შევქმენი. ჩვენ ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს.
ჩვენი გენოფონდი უნდა გაძლიერდეს. უნდა გავმრავლდეთ. ისრაელში ქუჩებში რომ მიდიხართ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბავშვებს დაინახავთ, ეტლებიან დედებს დაინახავთ, გვერდში რომ ოთხი-ხუთი შვილი მისდევთ. იქ სახელმწიფო გვერდში უდგას ოჯახს, იბრძვიან გენოფონდის გასაძლიერებლად, ბავშვი პირველ ადგილზეა. მათი შემხედვარე ვფიქრობდი, ღმერთო, ერთი შვილი როგორ ვერ უნდა გავზარდო-მეთქი…
როგორ შეიძლება სახელმწიფომ ხელი არ შეუწყოს უშვილო წყვილებს, რომ ერი გამრავლდეს და 50 წლის შემდეგ არ დავცოტავდეთ?! მკურნალობა უფასო თუ არა, დაბალ ფასში უნდა იყოს, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ უშვილო ოჯახებმა. დღეს ისეა მედიცინა განვითარებული, რატომ უნდა დარჩნენ დედები უშვილოდ?
ისრაელში ცხოვრებისას სამუშაოს რომ ვეძებდი, დამირეკეს, პატარა გოგონასთვის ძიძას ეძებდნენ. რომ მივედი, ფითქინა ლამაზი თოჯინა გოგონა მაჩვენეს, რომელიც თბილისში, ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით, ქართველი სუროგატი დედის მიერ გაჩნდა. ანუ საქართველოში იაფია ხელოვნური განაყოფიერება და უცხოელები ჩამოდიან და სუროგაციის გზით, ანუ ქართველი ქალების მეშვეობით აჩენენ შვილებს. ხელოვნური განაყოფიერება აქ იაფია უცხო ქვეყნებთან შედარებით, თორემ ჩვენთვის საკმაოდ ძვირია. თავის მხრივ ქართველი ექიმები, უდიდეს საქმეს აკეთებენ, ასე უიმედოდ დარჩენილ ოჯახებს შვილებს ჩუქნიან.
ძალიან მიყვარს ქალბატონი მანანა. ჯანმრთელობას და საქმიანობაში უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ჩემს მსგავსად, კიდევ ბევრი დედა გაეხარებინოს”, – ამბობს ქეთი თორღვაშვილი.