ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

0
381
29 Views

ბოლო დღეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელდა ყალბი და უშინაარსო სიუჟეტები ფონდ „ქართუს“ მიერ კომპანია „სულაჟერში“ წილების შეძენისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ვითომდა ფარული და საეჭვო გარიგებების თაობაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ფონდი „ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ფონდში აცხადებენ, უსაფუძვლო ბრალდებების გამო ფონდი „ქართუ“ საჭიროდ მიიჩნევს, გააკეთოს ოფიციალური განცხადება.

„ფონდი ათწლეულების განმავლობაში ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით და გვერდში უდგას ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის სფეროში.

2020 წელს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს თავს დაატყდა პანდემია (კოვიდ-19), რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მკვლევრებმა და მეცნიერებმა მთელ მსოფლიოში დაიწყეს მუშაობა აღნიშნული ვირუსის წინააღმდეგ სამკურნალო საშუალების შესაქმნელად. ამ პროცესს არ ჩამორჩნენ ქართველი მეცნიერებიც. ფონდი „ქართუ“ დარჩა თავისი პრინციპების ერთგული და დახმარების ხელი გაუწოდა მათ ამ კვლევების ბოლომდე მისაყვანად.

მედიაში ატეხილი მორიგი დეზინფორმაციული კამპანიისა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ:

არსებობს ძალზედ პერსპექტიული ანტივირუსული მცენარეული პრეპარატი, რომლის ავტორია ქართველი მეცნიერი ალექსანდრე თავართქილაძე. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატი „სულაჟერი“ მაღალეფექტურია როგორც საკუთრივ „კოვიდ-19-ის“, ისე სხვა ტიპის ვირუსებთან მიმართებაში. ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები, რომელთა მიზანია აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობის საბოლოო დადგენა, მასიურ წარმოებაში გაშვება და მომხმარებლამდე მიტანა.

ამ გეგმის განხორციელების პირველ ეტაპზე ჩართული იყო ქართველი მეწარმე დავით ხიდაშელი, რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება და მრავალწლიანი პრაქტიკა ამ სფეროში. მოგეხსენებათ, რაოდენ რთული და ძვირადღირებულია ფარმაცევტული კვლევების წარმოება. სწორედ ამ სირთულის გამო ჩაერთო ფონდი „ქართუ“ აღნიშნულ პროექტში.

ხაზს ვუსვამთ – ამ პროექტში ფონდი „ქართუს“ მონაწილეობის მთავარი მიზანია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და სიცოცხლის გადარჩენა. ფონდი კანონმდებლობის სრული დაცვით აფინანსებს ხსენებულ კვლევებს. ერთობლივი ძალებით ვცდილობთ, პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ აღნიშნული პრეპარატი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

რაც შეეხება ფონდის მხრიდან კომერციულ საწარმოებში წილის ფლობას და მათი საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღებას, ეს სრულად შეესაბამება როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ისე ქართულ კანონმდებლობას. ამით მიღებული შემოსავალი და დივიდენდი ისევ ფონდის საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება, მისი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko