5 ოქტომბერს, მწვანე ბარათის პროგრამისთვის რეგისტრაცია იწყება.
მწვანე ბარათი არის აშშ-ში საიმიგრაციო ვიზა. 2024 წლის ფისკალური წლისთვის (2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდი) აშშ სულ 55 000 მწვანე ბარათს გაათამაშებს. სახელმწიფო დეპარტამენტი საიმიგრაციო ვიზებს ექვს გეოგრაფიულ რეგიონზე ანაწილებს და პროგრამის ერთ წელს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მიიღოს გამოყოფილი DV-ვიზების 7%-ზე მეტი.
მწვანე ბარათისთვის რეგისტრაცია
მწვანე ბარათის პროგრამისთვის რეგისტრაცია 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და 8 ნოემბრის 20:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია ერთადერთ ბმულზე: dvprogram.state.gov. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ. აშშ-ის მთავრობა არ აგზავნის შეტყობინებას, მოიგეთ თუ არა მწვანე ბარათი. შედეგის შემოწმება უნიკალური კოდის გამოყენებით, იმავე ვებგვერდზე, 2023 წლის 6 მაისიდან იქნება შესაძლებელი. კვალიფიცირებულ განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით.
თაღლითობის მაღალი რისკის გამო, აშშ-ის საელჩო საქართველოში მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ მიმართავენ დამხმარე ორგანიზაციებს და განაცხადი შეავსონ პირადად, „ვიზა აგენტების“ ან „ვიზა კონსულტანტების“ გარეშე.
ონლაინ განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ პასპორტი და საჭიროა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული ციფრული ფოტოსურათის ატვირთვა ონლაინ რეგისტრაციის ბმულზე. მწვანე ბარათის პროგრამის განცხადების ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს იმავე სტანდარტებს, რასაც აშშ-ის სავიზო ფოტო.
„თუ ვინმე გეხმარებათ განაცხადის შევსებაში, პირადად დაესწარით განაცხადის შევსებას, რათა მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია და შეინახოთ განაცხადის დასტურის გვერდი და უნიკალური დასტურის ნომერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეინახოთ ეს დასტურის გვერდი და დასტურის უნიკალური კოდი. ამ ინფორმაციის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ სისტემაში შესვლას და თქვენი განაცხადის სტატუსის შემოწმებას. ფრთხილად იყავით, თუ ვინმე დახმარების სახით თქვენ ნაცვლად ამ ინფორმაციის შენახვას შემოგთავაზებთ. აგრეთვე, უნდა შეინარჩუნოთ წვდომა განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართზე“, — აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამასთან, შეერთებული შტატები განმცხადებლებს ურჩევს, განაცხადები სარეგისტრაციო პერიოდის დასაწყისშივე შეიტანონ, რადგან სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს, დიდი მოთხოვნის გამო, სისტემის მუშაობა შესაძლოა საგრძნობლად შენელდეს. დაგვიანებული ან არაელექტრონულად შევსებული განაცხადები არ მიიღება.
სარეგისტრაციო პერიოდში აპლიკანტის მიერ ერთზე მეტი განაცხადის შეტანა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.
შერჩევის შემთხვევაში აშშ არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებელი?
განმცხადებელი უნდა იყოს დაბადებული პროგრამისთვის კვალიფიცირებულ ქვეყანაში. მწვანე ბარათის 2024 წლის პროგრამაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლებს, რადგან ამ ქვეყნებიდან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში 50 000-ზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა: ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი (მათ შორის ჰონგ-კონგი), კოლუმბია, დომინიკის რესპუბლიკა, ელ სალვადორი, ჰაიტი, ჰონდურასი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა), დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა), ასევე, მასზე დამოკიდებული ტერიტორიები, ვენესუელა და ვიეტნამი.
საქართველოს მოქალაქეებს პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ.
განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია და რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
დეტალურ ინსტრუქციას მწვანე ბარათის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/wp-content/uploads/sites/165/DV-2024-Instructions-in-GEO.pdf