ფაშინიანი მძიმე მდგომარეობაშია, აზერბაიჯანის მაქსიმუმი ყარაბაღის მთლიანად დაკავება, ხოლო საბოლოო მიზანი ნახიჩევანთან კავშირია – მამუკა არეშიძე

September 15, 13:47
0
448

კავკასიოლოგი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებასა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შესაძლო გადადგომის შესახებ საუბრობს.

მამუკა არეშიძის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი მძიმე მდგომარეობაშია და ის რეალურად არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის.

ექსპერტი ამბობს, რომ სომხეთმა თავის დროზე სერიოზული შეცდომები დაუშვა და დღეს სომხური პოლიტიკური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავარი შეცდომა თავის დროზე ყარაბაღის არაღიარება იყო.

მამუკა არეშიძის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ დღეს მთავარ მოთამაშედ დროებით ალბათ, მაგრამ რეგიონში თურქეთი მიიჩნია. აქედან გამომდინარე თურქეთის მიდგომებს ანგარიშს უწევს და ახალისებს კიდევაც.

„ფაშინიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დღეს მსოფლიოში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ არავის ცხელა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ყველამ დაურეკა და უთხრა, რომ „რასაც გეტყვით, ის გააკეთე, ახლა შენი დრო არ გვაქვს“.

ამ ტიპის ზარი პირველ რიგში მოსკოვიდან იყო. ის დოკუმენტი, რასაკვირველია, არ არის ტერიტორიული მთლიანობის დამამტკიცებელი, ზუსტი შინაარსი გასაიდუმლოებულია, მაგრამ სომხეთის მხრიდან გარკვეული უკან დახევა ნამდვილად არის.

სომხეთმა თავის დროზე სერიოზული შეცდომები დაუშვა, დღეს სომხური პოლიტიკური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავარი შეცდომა იყო თავის დროზე ყარაბაღის არაღიარება. პრაქტიკულად სომხეთს იურიდიული დოკუმენტი ხელში არ აქვს, გარდა ადამიანის უფლებების დარღვევისა.

ასე რომ სომხეთი უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია, პლუს თავისი მოკავშირე რუსეთი ჩართულია ფართომასშტაბიან ომში და სომხეთისთვის არ ცხელა, ამას პლუს საერთაშორისო თანამეგობრობამ დღეს მთავარ მოთამაშედ დროებით ალბათ, მაგრამ რეგიონში თურქეთი მიიჩნია. აქედან გამომდინარე თურქეთის მიდგომებს ანგარიშს უწევს და ახალისებს კიდევაც“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მისივე მოსაზრებით, შექმნილ ვითარებაში აზერბაიჯანის პროგრამის მაქსიმუმი ყარაბაღის მთლიანად დაკავებაა, ოღონდ ეტაპობრივად.

არეშიძის თქმით, აზერბაიჯანის საბოლოო მიზანი კი ნახიჩევანთან კავშირია.

ამ კონტექსტში, თუ აზერბაიჯანმა ყოველივე ზემოთ აღნიშნულის რეალიზება მოახდინა, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად სუსტდება საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია.

„ფაშინიანი სიტუაციას ვერ შეცვლის. აზერბაიჯანის მიდგომები უეჭველად გაგრძელდება, აზერბაიჯანი როგორც უნდა ისე მართავს ვითარებას. აზერბაიჯანს ძალიან კარგი ბაზა ჰქონდა მომზადებული საერთაშორისო თანამეგობრობაში ნამუშევრობიდან გამომდინარე. რუსეთთან ურთიერთობა დალაგებული აქვს, ფინანსური და მორალური მხარეც დალაგებულია. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ძალის დემონსტრირებას ახდენს.

მაქსიმუმი არის ყარაბაღის მთლიანად დაკავება, ოღონდ ეტაპობრივად. ალიევი ძალიან გამოცდილი მრჩევლების გარემოცვაშია და იცის, რომ ფორსირებულად ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ არც პროცესის მიტოვება შეიძლება. ამიტომ პროგრამის მაქსიმუმია ყარაბაღის დაკავება, მაგრამ ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და საბოლოო მიზანი არის ნახიჩევანთან კავშირი, გასვლა კორიდორის ქვემოდან, ზემოდან არ აქვს მნიშვნელობა.

იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანმა ამის რეალიზება მოახდინა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია ბევრად უფრო სუსტდება. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი ხდება რეგიონის უპირობო ლიდერი პერსპექტივის თვალსაზრისით.

როდესაც ალიევი და ედუარდ შევარდნაძე ენერგოკორიდორის იდეის სათავეებთან იდგნენ, მაშინ პარტნიორული მიდგომის დემონსტრირება ხდებოდა მუდმივად. მაშინ არ იყო საუბარი იმაზე, რომ „არიქა, აზერბაიჯანს აქვს და საქართველო არის დამხმარე ქვეყანა“. არა, ორი ქვეყანა ერთნაირ პოზიციაზე იყო და ერთნაირი სტატუსი ჰქონდა. ალიევმა მოახერხა, რომ პოზიციონირება ყოფილიყო ისე, რომ თავად არის მთავარი და საქართველო არის ტერიტორია, რომელზედაც გადის ეს მილი. მოკლედ საქართველოს პოლიტიკური ფასი დასწია. უნებლიეთ ასეთი რამ არ ხდება“, – დასძინა არეშიძემ.

Cesko