ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში მყოფმა, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ საზოგადოებას მორიგი ფეისბუკ-ლაივი შესთავაზა მეუღლესთან ერთად.
ხათუნა ჟორდანიამ მისი და ზურას ემიგრანტებისდმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყველა კომენტარი წავიკითხე, არ ვიცი, როგორ გითხრათ მადლობა, როგორ მოგეფეროთ, განსაკუთრებით ემიგრანტებს, რომ იცოდეთ და გქონდეთ წარმოდგენა, თქვენი სიყვარული რამხელა ძალას და ენერგიას მაძლევს, ალბათ, თქვენ თვითონ იქნებოდით ბედნიერები, რომ მაძლევთ დიდ სიყვარულს და სითბოს.
მე ეს უზარმაზარ ძალას მაძლევს, მიხარია დილით ადრე ადგომა, გაღვიძება, სიარული. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ველოდებოდი დღევანდელ დღეს [ფეისბუკ-ლაივს]
მივესალმები ამერიკის, საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის ემიგრანტებს. განსაკუთრებით გეფერებით ემიგრანტებს, ვინც არ იმყოფებით ამჟამად საქართველოში და დიდ სიყვარულს გიგზავნით.
მინდა მოვყვე ძალიან მაგარი ისტორია. ზურა რამდენიმე ხანი საბერძნეთში, კერძოდ, სალონიკში ცხოვრობდა. მე სამწუხაროდ, ათენში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ სალონიკის ემიგრანტებზე უნდა მოგიყვეთ. გარდა იმისა, რომ ბევრი მეგობარი შევიძინეთ, მოგიყვებით ასეთ ამბავს – მე და ზურა მივდივართ ერთხელ სალონიკში, ქუჩაში. წვიმდა და ზურას ვებუზღუნებოდი, რატომ გამომიყვანე-თქო ასეთ ამინდში. სახლში ყოფნა მინდოდათქო.
უცებ, უკან მდგომმა ქალბატონმა გაშალა ქოლგა და მითხრა: აგერ, ქალბატონო ხათუნა, ქოლგა და ერთად ვიაროთო.
წარმოგიდგენიათ, სალონიკში უეცრად რომ შემხვდა ქართველი ადამიანი და ასე მომეფერა. რა თქმა უნდა, მოვეფერეთ ერთმანეთს და ამ დღიდან დაიწყო – გავივლიდით მაღაზიაში და უცებ ვიღაც მეტყოდა, ქალბატონო ხათუნა, მობრძანდით აქ.. მოკლედ, ამდენი თბილი და საყვარელი ადამიანი, რაც მე იმ წელს სალონიკში ვნახე, ალბათ, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე არსად მინახავს”, – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.