სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს.
წერილში ვკითხულობთ, რომ გამოქვეყნდება ჩანაწერი, რომელშიც სამი ადამიანის – პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, დედის, მედიკო მარგოშვილისა და „ბინძური აგენტის“ ხმა ისმის.
მისივე თქმით, ჩანაწერი ასახავს, თუ როგორ მუშაობს აგენტი გოგაშვილის წინააღმდეგ.
„სამართლიანობა მოითხოვს გავაკეთო მცირე განმარტება ჩემს ბოლო ღია წერილთან დაკავშირებით, რათა გამოვრიცხო შემდგომი ინტერპრეტაციების დაშვება.
ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი. წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ. არც ადრე და მითუმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია.