„ალიას” ესაუბრება „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი, ყოფილი ძალოვანი, რომელიც ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს და რომელმაც ამა წლის 30 ივლისს გვითხრა და „ალიაში“ გამოქვეყნდა – „ღარიბაშვილსაც და გომელაურსაც იმის შიში აქვთ, ის ამბები არ მოჰყვეს, რომელიც მათ პირად ქონებას, მათ პირად ფულს და ძალაუფლებას ეხება.
ყველაზე მეტად, კი, იმის გამჟღავნების ეშინიათ, რაც ბიძინამაც კი არ იცის – უფრო სწორად, ჰგონიათ, რომ არ იცის, რადგან ივანიშვილს მათთან ამ თემაზე არასოდეს უსაუბრია.“ ვკითხე მას, რას იტყოდა ახლა, როცა ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ ორჯერ დაურეკა შს მინისტრმა გოგაშვილს ციხეში:
„კი, ეგ ნამდვილად გითხარით და იმასაც დანამდვილებით გეტყვით, რომ გომელაურმა „ალიაში“ დაბეჭდილი ეგ წერილი წაიკითხა, ვახოს კითხვა უყვარს, შეიძლება, ზოგჯერ ვერ იგებს, რა წერია, მაგრამ ბეჯითად და ჯიუტად მაინც კითხულობს. და მასზე მეტად არავის სურდა გოგაშვილთან საუბარი, მაგრამ, მას ეს არ გადაუწყვეტია. გოგაშვილმა იცოდა, რომ ადრე, თუ გვიან, მასთან ვინმეს მიაგზავნიდნენ, მან თავად აირჩია გუნდიდან ვინ დაუკავშირდებოდა, გამოაქვეყნა წერილი, სადაც პირდაპირ გომელაურს მიმართა, შეახსენა მას მეგობრობაც და ისიც, რაც მასზე და მის ოჯახზე იცის. იგივე წარმატებით, შეეძლო, ღარიბაშვილისთვის მიემართა პირადად – მაგრამ მან თავად აირჩია შუამავალი მასა და ივანიშვილს შორის და ივანიშვილმაც აახლა გომელაური, უფრო სწორად, მერცხლების მხოცველი ვახო, როგორც გოგაშვილი უწოდებს. კი, ვახოსაც და ღარიბაშვილსაც, ნამდვილად აქვთ იმის შიში, რომ გოგაშვილმა მათზე ის არ მოყვეს, რაც ჰგონიათ, რომ ივანიშვილს დაუმალეს და გამოაპარეს, მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე – ივანიშვილის ბრძანების გარეშე დარეკვას ვერ გაბედავდა. ახლა იტყვით, რატომ ვერ გაბედავნენ, ვინ გაიგებდაო, – ჯერ ერთი, აგერ, თუ ვერ გავიგებდით და მეორეც – არავის დაავიწყდეს, ბერას, გომელაურის და ღარიბაშვილის ტრი–ტრი საუბრები რომ გამოქვეყნდა და პროკურატურამ მერე მხოლოდ ტრი–ტრი რომ გააპროტესტა – ვინ ჩაიწერა ეს საუბარი და ვისთვის ჩაიწერეს? ივანიშვილს უყვარს სხვისი საუბრების მოსმენა, რადგან ბუნებით ძალიან კომპლექსიანი და ეჭვიანი ადამიანია. თან არც მას და არც ბერას, წამითაც არ ჩაუთვლიათ, რომ ამით რამე ცუდი გააკეთეს, პირიქით, მერე ბერამ „ახსნა“, აბა, რა, გინების გამო იგივეს გავაკეთებო… ახლა გოგაშვილი ამტკიცებს, გელა ხვედელიძე ტელეფონზე საუბრისას, ბიძინას გინების გამო ცემესო – ანუ, მთელი ოჯახი ასე თვლის. ვინც შეაგინა უნდა დაასისხლიანონ, მიუვარდნენ, ცემონ მინიმუმ… ამ ჩანაწერში ვერც კი ხედავენ პრობლემას, პირიქით, მაგრამ, დავუბრუნდეთ საუბრის ჩაწერას – წარმოიდგნეთ, ჩაიწერეს ბერას და ღარიბაშვილის, ბერას და გომელაურის საუბრები, ჯერ ჩაიწერეს და მერე შეინახეს – კარტოთეკაში რამე თავისი ნომერიც ექნებოდა… ივანიშვილის შვილის საუბრები ჩაიწერეს მაღალჩინოსნებთან – ვინ გაბედავდა მაგას „ბოსის“ ბრძანების გარეშე? შესაბამისად, გომელაურმა კარგად იცოდა, რომ ივანიშვილი, რომელიც შვილისა და მისი გუნდის წევრების საუბრებსაც კი უსმენს, მისი და გოგაშვილის საუბარს ან პირდაპირ ისმენდა, ან მერე მოუსმენდა და ალბათ, საუბრის დასრულებამდე გული მისდიოდა, ოღონდაც ისეთი არაფერი მითხრას ტელეფონში, რაც ბატონმა ბიძინამ არ იცის, ოღონდაც ისეთი არაფერი მითხრასო. თორემ, გომელაურს რომ რამის გადაწყვეტის თავი ჰქონდეს, იმ დღესვე დარეკავდა კი არა, შევიდოდა ციხეში, როცა გოგაშვილმა მისი ქალიშვილის საქმროს გატაცებასა და წამებაზე დაწერა. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ერთი კვირით ადრე ქორწილი ჰქონდა გოგაშვილების ოჯახს, ქალიშვილი გაათხოვეს და ყველაზე მტკივნეულ ადგილას დააჭირა ფეხი, ხო? ის გამოუქვეყნა, რაზეც შეიძლება, თავად გომელაურის ოჯახსაც კი არ ჰქონდა წარმოდგენა – ნებისმიერი თავმოყვარე კაცს ამაზე ექნებოდა რეაქცია – მაგრამ, არა, გომელაური ელოდება, კიდევ ზის და ელოდება, რადგან ივანიშვილისგან ჯერ არ აქვს ბრძანება მიღებული.
როგორც ჩანს, გოგაშვილს ჩაბარებული ჰქონდა ასევე საპატრიარქოს ხაზი – მეუფეებთან კონტაქტი, მათი ავან–ჩავანის ცოდნა. ჯერ კიდევ შარშან განაცხადა და ახლა დაკავების მერეც გაიმეორა, რომ პატრიარქს საფრთხე ემუქრება და მის შემცვლელს ეძებს რუსეთი და ბიძინა – თქვა, რომ დაუკავშირდა ვანო ჩხარტიშვილი, რომელმაც სთხოვა დაეხასიათებინა მეუფეები – ვანო ჩხარტიშვილს ივანიშვილი იმ კაცთან არ გააგზავნიდა კონკრეტული კითხვით, რომელ კაცსაც ამ კითხვაზე პასუხი არ ექნებოდა – შესაბამისად, მგონია, რომ საპატრიარქოს და მეუფეების ხაზი იყო ერთ–ერთი, რომელიც მას ებარა და ამ კუთხით, დიდ ინფორმაციას ფლობს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მისი დაკავება სწორედ საპატრიარქოს უკავშირდება. მას ბევრი კონტაქტი ექნებოდა და მისი დაკავებით კონტაქტის და ინფორმაციის გაცვლის ეს ერთი ჯაჭვი ჩაჭრეს – თორემ, მისი დაკავების მიზეზი არჩევნებისას ხალხის მოსყიდვის მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, ამ მტკიცებულებებზე დიდი ხანია საუბრობდა და როგორც განაცხადა, დიდი ხნის წინ მიაწოდა არასამთვარობოებსა და საელჩოებს და რატომ არ დააკავეს აქამდე? რას ვერ იზამს გოგაშვილი ციხიდან? რაც იცის, იმას ვეღარ იტყვის? – ამბობს აგერ, მშვენივრად. ერთადერთი რასაც ვერ გააკეთებს – ვერ მიიღებს და გაცვლის ახალ ინფორმაციებს – მას შეუძლია თქვას, რა გაიგო 1 წლის წინ, 2 თვის წინ, მაგრამ მას აღარ შეუძლია თქვას, რა გაიგო გუშინ, მას აღარ აქვს წვდომა თავისი კონტაქტებიდან, იმაზე რაც ამწამს ხდება და შესაბამისად, ამ ინფორმაციას ვერ უცვლის დაინტერესებულ, საჭირო პირებს.
სხვათა შორის, ბევრი თვლიდა, რომ გოგაშვილი ოპოზიციასაც ამხელდა, რადგან ოპოზიციაც მაგრად სცოდავს და ოპოზიციის ლიდერებიც გამოჭერილი ჰყავს ბიძინას, ზოგი ფულით, ზოგი ჩანაწერებით, ზოგი დანაშაულის დაფარვით, ზოგს კი – უბრალოდ ბიზნესის კეთების უფლებას აძლევს – მაგრამ, გოგაშვილმა ბოლო წერილებში განაცხადა, გომელაურის პირით ივანიშვილი მთხოვს მისთვის სასურველი ჩვენებები მივცე და არ ვიზამო და ახლა რომ პოზიციის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთოს, რას იტყვის, ბიძინას საქმის სასარგებლოდ ჩვენება რატომ მივეციო?
რატომ მიიყვანეს გოგაშვილის ოჯახი ციხეში დასვენების დღეს, (როგორც ოჯახი ჰყვება) პისიარ ტესტის გარეშე და შეუშვეს ისე, რომ წესიერად დოკუმენტაციაც კი არ მოითხოვეს, ქორწინების დამადასტურებელი საბუთი, მაგალითად? ამბობენ, რომ გოგაშვილს ოჯახი უნდა გაეფრთხილებინა, ხმა არ გაეღოთო, მაგრამ, ასე არ კეთდება ეგ საქმე – თუ შეთანხმდნენ, რომ გოგაშვილი გაჩუმდებოდა, ამას გადაცემდა ადვოკატი ოჯახს, ოჯახი გაჩუმდებოდა და გოგაშვილს ამის შემდეგ აჩვენებდნენ ოჯახს, მას კი შუა მოლაპარაკებების დროს მიუყვანეს ოჯახი, ანუ, როგორც თავად ამტკიცებს, პირველად დაურეკა გომელაურმა 28 ივლისს, მეორედ 29 ივლისს, მერე პირველ აგვისტოს და 5 აგვისტოს და ოჯახი პირველად აჩვენეს 30 ივლისს და მეორედ 3 აგვისტოს – ვისაც სპეცსამსახურებთან მცირედი კავშირი მაინც ჰქონია, იმან იცის, ოჯახის მიყვანით, მას იქ, ციხეში აჩვენეს, რა აქვს დასაკარგი, ამით უთხრეს, რომ როცა მოუნდებათ მაშინ შეუძლიათ მისი ოჯახის სახლიდან გამოყვანა და გზაზეც არავინაა დაზღვეული ავარიით, მაგალითად. პარალელურად, გოგაშვილის სახლის წინ დაიწყეს გზის სამუშაოები, ამითიც უთხრეს, რომ აი, ნებისმიერ დროს შეიძლება გაზის მილი დაზიანდეს, მაგალითად, ტყუილად კი არ გემუქრებითო და ა.შ.
გოგაშვილმა კიდევ ერთი წერილი გაავრცელა, სადაც ღიად თქვა, რომ ივანიშვილი აკონტროლებს პროკურატურას, ციხეს, სუს-ს, კამერების ჩანაწერებსაც კი, ტელეფონის ანძების მონაცემებს, სასამართლოს, იგი წყვეტს ვინ დასაჯონ, ვინ დააჯილდოონ, ვის აჩუქონ ფონდიდან ფული და რამდენი, ვინ დასაქმონ და სად, პარტიიდან ვინ რა უნდა თქვას და როდის. ჩემი ინფორმაციით, გოგაშვილმა ზუსტად იცის, რომ ასეთ შეხვედრებს მართავს ივანიშვილი და რაც თუ ისე იშვიათად. იცის სად, როგორ და რა ფორმით წყდება ქვეყნის ბედი სინამდვილეში. და არამხოლოდ იცის, ამის ფაქტებით დამტკიცება შეუძლია – რაც ახლა არაფრით არ აწყობს ივანიშვილს, რომელსაც ძალიან უნდა დაამტკიცოს, რომ ოლიგარქი არაა და შვეიცარიაშიც და სხვა ქვეყნებშიც, მის ფულს არაფერი უნდა დაემუქროს. რომ არა ფულის დაკარგვის საფრთხე, ივანიშვილს ოლიგარქის სახელი სულაც არ შეაწუხებდა. თუმცა, გოგაშვილი აქვე იმასაც წერს, რომ კობახიძე ნაზი ხმით, თუმცა, მაინც აფრთხილებს ივანიშვილს, ბატონო ბიძინა, კი ყველაფერს გავაკეთებთ პარტია, მაგრამ ძალიან დავზიანდებითო. ანუ, კობახიძემაც კი ზუსტად იცის, რომ ივანიშვილი საკუთარი ფულის დაცვის სურვილმა ისე გააგიჟა, რომ საკუთარი პარტიის დაზიანებაც აღარ ადარდებს, მაგრამ ივანიშვილის ბრძანებებს ვერ გადადის. ისევე, როგორც გომელაურმა ზუსტად იცის, რას უნდა გრძნობდეს კაცი, რომელსაც ქალიშვილის საქმროს გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებენ, მაგრამ ბიძინა, ბიძინა და კვლავ ბიძინა – მხოლოდ მას აქვს მათთვის მნიშვნელობა.
ხო, გომელაურზე ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ესებუას საქმეა ის საქმე, რისიც მას ყველაზე მეტად ეშინია, რადგან გომელაურმა ამ საქმეში იმდენი შეცდომა დაუშვა, რამდენიც არც ერთ მინისტრს არ დაუშვია ერთ საქმეში – არ ვგულისხმობ მის დაკავებას – ვგულისხმობ ე.წ. ოპერაციას. არავინ იცის, ესებუა ცოცხალია, თუ არა და ოდესმე, ისაუბრებს, თუ არა, ამ საქმეზე, მაგრამ „ალიას“ მკითხველს, იმას ვპირდები, რომ უახლოეს მომავალში, ამ საქმეზე უფრო წვრილად გიამბობთ.
გოგაშვილ–გომელაურის საუბრებს დავუბრუნდები, ცხადია, ეს ოთხი ზარი იმიტომ იყო 4 და არა – 1, რომ იქ არ იყო მხოლოდ მუქარა, გომელაურს უფროსთან შეთანხმების გარეშე, რაიმეს დაპირების უფლება არ ჰქონდა გოგაშვილისთვის და სწორედ ამიტომ გაიწელა „მოლაპარაკება“, როგორც ჩანს, გომელაურს გოგაშვილის დანაბარები ივანიშვილთან მიქონდა და მერე პასუხით ბრუნდებოდა, პასუხის პასუხისთვის კი ისევ ივანიშვილთან ბრუნდებოდა. საერთო ჯამში, როგორც ჩანს, ივანიშვილსა და გოგაშვილს შორის შეთანხმება არ შედგა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მოლაპარაკებები დაკავებიდან 2 კვირაში დაიწყო და 4 ზარისგან შედგებოდა, როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება ივანიშვილსაც ძალიან სურდა, თორემ, ყველაფერი ერთი ზარით, მუქარით და მუქარის ასრულებით დაიწყებოდა და გაგრძელდებოდა. ცხადია, რაღაც მოხდა ივანიშვილსა და გოგაშვილს შორის, რის გამოც, ბიძინამ ის თავის დროზე, ჩამოიშორა და იმედი ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ამდენი წელი ხმა არ გაუღია, სახლში დაჯდებოდა და ამბიცია აღარ ექნებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა და ივანიშვილმა მაშინ დააკავა, როცა საფრთხე იგრძნო. როგორც ჩანს, გოგაშვილი რაღაცას ისეთს ითხოვს ივანიშვილისგან, რისი გაკეთებაც ბიძინას არ უნდა, ამიტომ დაპირდება, რომ აი, 3 თვეში, 6 თვეში შეუსრულებს მოთხოვნას, მაგრამ აუცილებლად გადააგდებს. სავარაუდოდ, ეს იცის გოგაშვილმაც და ხვალინდელი ქათმის პერსპექტივას არ თანხმდება.
ჩემი აზრით, ივანიშვილს ამჯერად გეგმა აქვს საპატრიარქოსთან მიმართებაში, საპატრიარქოს დიდი ხანია სხვადასხვა გზით, მეტ–ნაკლებად იყენებს, მაგრამ ახლა ეს გეგმა მასშტაბურია და მის სრულ დამორჩილებას შეიძლება ითვალისწინებდეს. პატრიარქის რეიტინგი ყველა პოლიტიკოსის და ყველა ოლიგაქრის რეიტინგს უსწრებს – როგორც ჩანს, ივანიშვილი ამჯერად უკვე მას აღიქვამს ქვეყანაში ერთადერთ კონკურენტად. ერთ–ერთი ბოლო ქადაგებისას მეუფე შიომ განაცხადა, სამება ილია მეორის მეოხებით აშენდაო და სიტყვითაც არ უხსენებია ივანიშვილი. რამდენჯერაც საპატრიარქომ რაღაც მოითხოვა, თითქოს ყოველთვის მიიღო ან მეტი მიწა, ან მეტი ფული, ან კიდევ მეტი მიწა და კიდევ მეტი ფული – ესაა ამ კონკურენტობის მთავარი მიზეზიც – ეს რეიტინგი და კონკურენცია დიდი ფული უჯდება ივანიშვილს. თან ახლა, როცა ღიად უჭირავს პრორუსული კურსი მის დაფუძნებულ პარტიას, საპატრიარქოს სრულად დამორჩილება ძალიან სჭირდება.
ხო, აქვე გაგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქო ყასიდადაც კი არ გაცხარდა, როცა რუსეთის პატრიარქმა ილია მეორის რეგალიეში ცხუმ–აფხაზეთი გამოტოვა, რატომ უნდა გაცხარდეს? – დიდი ხანია ოფიციალურ დოკუმენტებში თავად საქართველოს საპატრიარქო აღარ იხსენიებს ცხუმ–აფხაზეთს და უწმინდესის და უნეტარესის ხელმოწერაც ასე გაუბრალოვდა – „სრულიად საქართვლოს კათოლიკოს–პატრიარქი“. უწმინდესსა და უნეტარესსაც აღარ უწოდებენ ან დოკუმენტებში, ან საუბრისას. გამოქვეყნდა სუს–ის კრებსებიც, სადაც მეუფეებზე და სასულიერო პირებზე ისეთები ეწერა თვალითან თვალში არ გაიშვებოდა – და მაინც, არც პედოფილი, არც ბარიგა სასულიერო პირები არავის დაუკავებია, არც საპატრიარქოდან გაუყრია ვინმეს გარყვნილი პირები. მეუფეებს ადრეც უსმენდნენ, რასაკვირველია, მაგრამ მხოლოდ ამ ხელისუფლების დროს გაბედეს მათი საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნება და არც არავინ დაუსჯიათ ამისათვის. თუ ივანიშვილის ხელი არ ურევია ამ ჩანაწერების გავრცელებაში – მაშინ, ლილუაშვილი ისევ სუს–ის უფროსი როგორღაა? ასე რომ, ივანიშვილის ხელისუფლებას საპატრიარქოს რეიტინგის წინააღმდეგ ბრძოლა დიდი ხანია დაყწებული აქვს, მაგრამ როგორც ჩანს ახლა რაღაც ძალიან დიდი და მასშტაბური მზადდება – მათ ახლა სჭირდებათ პატრიარქი, რომელიც ივანიშვილს იმდენად დაემორჩილება, რომ ეკლესიის ავტოკეფალიაზეც კი უარს იტყვის, თუ ბიძინა უბრძანებს და ამით, რუსეთთან მიერთებას გაუადვილებს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ჩუმად, წყნარად, თითქოსდა კანონზომიერად, რადგან ხალხმა გამოღვიძებაც ვერ მოასწროს, ისე აღმოჩნდეს ჭაობში მეტად ჩაფლული.
ხო, აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გოგაშვილი, ჯერ კიდევ შარშან წერდა: „რუსეთი ისე აღწევს სასურველ შედეგს, რომ თითს თითზე არ აკარებს, ფინანსური ხარჯი. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ грузland ში, ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ საქართველოში!” – მაგრამ, შარშან, ამის მთქმელი გოგაშვილი არ იყო საშიში და დღეს კი, იგივეს მთქმელი გოგაშვილი საფრთხეა უკვე ივანიშვილისთვის – რადგან, როგორც ჩანს, ის დროს დადგა, ივანიშვილმა რუსეთს დაპირება შეუსრულოს. თუმცა, საიმედო ისაა, რომ დასავლეთმა, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვიტა ივანიშვილის ბედი, ამიტომ იმეორებს ივანიშვილი სხვადასხვა დეპუტატების პირით, ჩემ, ანუ ქართული ოცნების ჩამოგდებას აპირებს ამერიკა და კელი დეგნანიო…“
გიორგი ჯავახაძე
წყარო: “ალია”