მომღერალ მამუკა ონაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გუშინ ავარია ნატახტართან დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა. საჭესთან მამუკას მეგობარი იჯდა. მათ დაეჯახა ავტომანქანა, რომლის მძღოლიც, 22 წლის ბიჭი, ადგილზე დაიღუპა. გადარჩა მომღერლის მეგობარი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, თავად მამუკა ონაშვილი კი ჯერჯერობით ისევ სუნთქვის მართვის აპარატზეა შეერთებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა უიმედო.
-სიტუაცია არის მძიმე. ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ წნევას ვერ ურეგულირებენ, თამაშობს და სამი პრეპარატით იჭერენ, პლუს ხელოვნურად ჰყავთ დაძინებული, რომ ორგანიზმი მშვიდ მდგომარეობაში იყოს და წნევა დარეგულირდეს. როგორც ექიმმა თქვა, კუჭზე ჰქონდა ნახეთქი, ნაწლავები იყო დაზიანებული და ხერხემლის მალები არის გაბზარებული. ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ღმერთის წყალობით, გამოვძვრებით.
მამუკას მეგობარსაც ოპერაცია გაუკეთდა და კონტაქტურია… როგორც თქვეს, ის მეორე მანქანა მძღოლის მხარეს დაეჯახა და მამუკას ავტომობილი გადაბრუნდა. ექიმმა როგორც თქვა, მამუკა კონტაქტური იყო, როცა კლინიკაში მოიყვანეს, – ამბობს ჟურნალისტ ბესო ჩუბინიშვილის ვიდეოჩრთვაში იუმორისტი დათო როსტომაშვილი.