გრიგოლ ონიანი ბუბა კიკაბიძეს სოციალურ ქსელში მიმართავს:
მომღერალ ბუბა კიკაბიძეს!
ჩემი თავი რა მოსატანია, როდესაც დედამიწის 1/6 პატივს მოგაგებდა და ტაშს გიკრავდა. გცნობდნენ იმითაც, რომ შენ სტალინის სამშობლოდან იყავი და იყავი მისი საყვარელი რუსი ხალხის სიმღერების უბადლო შემსრულებელი.
არ ვიცი რამდენად სარწმუნო წყაროდან არის ამოღებული, მაგრამ სათქმელად და წასაკითხად ხომ სასიამოვნოა:
“ჰიტლერი – „წადი შენს კავკასიაში და იმეფე როგორც გსურდეს. ცეცხლითა და მახვილით მოვდივარ მოსკოვზე“.
სტალინი – „მადლობელი ვარ შემოთავაზებისათვის. მე რუსმა ხალხმა გამზარდა. მსოფლიოში ავტორიტეტი შემიქმნა. ჩვენი კავკასიური წეს-ჩვეულებით კი გამზრდელს განსაცდელის ჟამს არ ტოვებენ. ამიტომ ვრჩები ჩემს გამზრდელთან. მელოდე ბერლინში“.
სტალინი ბერლინში ნამდვილად ჩავიდა, მაგრამ „მასპინძელი“ უკვე წასული დახვდა მოუსავლეთში.
ბუბა, შენ ხომ სტალინურმა ეპოქამ გაგზარდა?!
შენ ხომ ის ყმაწვილკაცობა გაიარე, როგორიც არ გაუვლია არცერთ უფლისწულს?!
შენ ხომ რუსულმა ჰანგებმა მოგიყვანა საქართველოში სახალხო მომღერლად?!
შენ ხომ საბჭოთა კავშირის ძმურმა ურთიერთობამ დაგიდგა, მოძმე რესპუბლიკის წარმომადგენელთან ერთად, დიდებული ძეგლი სხვის მიწაზე?!
შენ, რომელიც უფრო საყვარელი იყავი 300 მილიონიანი ხალხისთვის, ვიდრე შენი პატარა საქართველოსთვის და რომელიც უფრო ცხარე ცრემლით დაგიტირებს (ასი წლის შემდეგ), ვიდრე შენი მედროვე ერი.
შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ ეზოში გავედი და ჩემს ძაღლს, ჯუბას, მოვეფერე და ვაკოცე. ძაღლს თვალებში ცრემლი ჩაუდგა – ნეტავ რატომ მკოცნის, არაფერი დამიმსახურებიაო- იფიქრა, ალბათ.
არა, მე ადამიანზე გული ამიცრუვდა და ცხოველში ვიგრძენი უფრო დიდი ერთგულება, ვიდრე ადამიანში.
შენი თქმით, 35 ათასი ნაცისტის და მათი ნაძირლების დახოცვა გენოციდი ყოფილა და 27 მილიონი საბჭოთა მოქალაქის, მათ შორის 300 ათასი ქართველი ვაჟკაცის საკონცენტრაციო ბანაკში ამოლპობა და საფლავში ჩაწვენა — არათუ გენოციდი, არამედ ტრაგედიაც არ ყოფილა.
„ციციანო, ციციანო, რა კაციც ხარ, იციანო!”
ალბათ გამიხსენებ – გრიშა ვარ, ონიანი.