“ტვინი გვაქვს არეული მთელ ერს!… ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და სხვას ვერაფერს გეტყვით!”

0
1008
43 Views

“…როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას ინტერვიუსთან დაკავშირებით ჰკითხა…

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?”, რაზეც კობახიძემ ჟურნალისტს უპასუხა: „კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ამ და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რის გამოც ორი დღეა აჟიოტაჟი არ წყდება…

ქართველი პოლიტიკოსების მეტყველებაზე, ლექსიკაზე, თუ როგორც მიმართავენ ისინი ერთმანეთს, მედიის წარმომადგენლებს თუ სხვებს… კომენტარი მსახიობს – ზურა ყიფშიძეს ვთხოვეთ…

– რას უნდა ვფიქრობდე ჩემო კარგო, რასაც თქვენ ფიქრობთ, მეც იგივეს ვფიქრობ!

კულტურით უნდა დავიწყოთ და აღმოჩნდა, რომ თურმე არ ვართ კულტურულები. ამ დროს, ისეთ რამეებზე გვაქვს პრეტენზიები, პირდაპირ აღარ ვიცი… ლაპარაკი არ ვიცით, მიმართვა, ურთიერთობების დალაგება.

– გუშინდელ შემთხვევას, როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა…

– არაფერი ვიცი, არ ვარ საქმის კურსში…

– მან ჟურნალისტს უთხრა, რომ “პირი მოიწმინდოს”, რადგან ყველაფრით დაემსგავსა მის “ბელადს”, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს… კიდევ ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვა გაისმა…

– არ ვიცოდი… მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ძალიან არეულია და ვერ დავლაგდით. რა გვინდა, ან რა არ გვინდა, ვერ გაგვიგია და მთელ ერს ტვინი გვაქვს არეული. დაბნეული ვართ!

– დავით არახამია რომ უკრაინიდან გვაკრიტიკებს, ამაზე რა აზრის ხართ?..

– ეგ საერთოდ ნონსენსია, ტრაგედია და მეტს არაფერს ვიტყვი! მე ვცდილობ, პოლიტიკაში არ ჩავერიო და დებატებში არავისთან შევდივარ!

– საქართველოს პრეზიდენტმა – სალომე ზურაბიშვილმაც დაგმო ირაკლი კობახიძის ქცევა…

– სალომე ზურაბიშვილი, ამ ბოლო დროს, სულ გმობს მთავრობისას ყველაფერს და ისინიც ეგრე პასუხობენ…

მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, ზრდილობა და კულტურა რომ უმთავრესია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და სხვას ვერაფერს გეტყვით!

წყარო: https://kvirispalitra.ge/

Cesko